თავი 8
Previousჭეშმარიტება და სული
არ ცდუნდე თვითწარმოდგენით და იმათი სწავლებით, რომელნიც მოტყუებულნი არიან თვითწარმოდგენით, რომლებიც იმით, რომ უგულებელყოფენ ეკლესიის ჭეშმარიტებასა და საღმრთო გამოცხადებას, ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტებას შეუძლია იუწყოს შენში თავად სიტყვის ხმის გარეშე, და დაგმოძღვროს შენ თავისთავად; როგორიღაც განუსაზღვრელი და გაურკვეველი მოქმედებით. ესაა სიცრუისა და მისი მესაიდუმლეების სწავლება1.
სიცრუის სწავლების ნიშნებია: სიბნელე, განუსაზღვრელობა, ჰგონებულება2 და მისი შემდგომი, მისით შობილი მეოცნებეური, სისხლისმიერი და ნერვული სიამოვნება. იგი მოიგვრება პატივმოყვარეობისა და გემოთმოყვარეობის ნატიფი მოქმედებით.
დაცემული კაცობრიობა მიეახლება წმინდა ჭეშმარიტებას რწმენით; მისკენ სხვა გზა არ არსებობს. „სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა“ (რომ. 10:17), გვასწავლის მოციქული.
„სიტყვა ღმრთისა — ჭეშმარიტებაა“ (ინ. 17:17); „სახარების მცნებები — ჭეშმარიტებაა“ (ფს. 118:86); „ყოველი კაცი ცრუ არს.“ (ფს. 115:2). ეს ყველაფერი დამოწმებულია საღმრთო წერილით. როგორ ფიქრობ, იმისგან, ვინც სიცრუეა, მოისმინო წმინდა ჭეშმარიტების ხმა?
გსურს რომ მოისმინო იგი, — მოისმინო წმინდა ჭეშმარიტების სულიერი ხმა? — ისწავლე სახარების კითხვა: მისგან გაიგებ ჭეშმარიტებას, მასში დაინახავ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება გაგიცხადებს შენს დაცემულობასა და სიცრუის ბორკილებს, თვითცდუნებულობის ბორკილებს, რომლებითაც უხილავადაა შეკრული ყოველი ადამიანის სული, რომელნიც არ არიან განახლებული სული წმინდით.
შენ გრცხვენია გამოტყდე, დაცემულო მოამაყევ, ამაყო თვით შენსავე დაცემაში, რომ შენ უნდა ეძებო ჭეშმარიტება შენ გარედან, რომ მისთვის შენს სულში შესასვლელი არის სმენა და სხვა სხეულის გრძნობები! მაგრამ ესაა უდავო ჭეშმარიტება, მამხილებელი, როგორი ღრმაა ჩვენი დაცემა. ისეთი ღრმაა, ისეთი საშინელია ჩვენი დაცემა, რომ ჩვენი უფსკრულის სიღრმიდან ამოსაყვანად, ღმერთმა სიტყვამ მიიღო თავის თავში ადამიანობა, რათა ადამიანები სატანისა და სიცრუის მოწაფეებიდან გახდნენ ღმრთისა და ჭეშმარიტების მოწაფეები, სიტყვისა და ჭეშმარიტების სულის მეშვეობით გათავისუფლდნენ ცოდვიანი მონობისგან, და ისწავლონ ყოველგვარი ჭეშმარიტება3.
ჩვენ ისეთი უხეშები ვართ, ისეთი შეგრძნებითნი, რომ საჭირო იყო, რომ წმინდა ჭეშმარიტებას ეწვნია ჩვენი ხორციელი შეგრძნებები; საჭირო იყო არა მარტო სიტყვის ხმა, არამედ სნეულთა კურნება, შეგრძნებითი ნიშნები წყლებზე, ხეებზე, პურებზე, რათა ჩვენ, ხორციელი თვალებით დარწმუნებულებს შეგვძლებოდა რამდენადმე დაგვენახა ჭეშმარიტება. ისე დაბნელდა ჩვენი სულიერი თვალები!
„უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“ (ინ. 4:48), საყვედურობდა უფალი შეგრძნებით ხალხს, რომელიც მისგან სხეულის განკურნებას ითხოვდა, და იმასაც კი ვერ ეჭვობენ, რომ მათი სულები იმყოფებიან შეუდარებლად უსაშინლეს სნეულებაში, და ამიტომ საჭიროებენ შეუდარებლად უფრო მეტად კურნებასა და ზეციერ მკურნალს, ვიდრე სხეულები.
და ადამიანი გამოტყდა უფლის წინაშე, რომ ნიშნებმა, რომელიც იხილვება ხორციელი თვალებით, მიიყვანეს იგი რწმენამდე, მიიყვანეს გონებით ხედვამდე. „უწყით, — ეუბნებოდა იგი უფალს, — რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ,… უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.“ (ინ. 3:2). ხოლო ამ ადამიანს ჰქონდა მიწიერი სწავლულობა.
ბევრი თვალებით ხედავდა მხსნელს, ხედავდნენ მის ღვთაებრივ ძალაუფლებას მთელ ქმნილებაზე მის მიერ აღსრულებულ სასწაულებში; ბევრი თავისი ყურებით ისმენდა მის წმინდა სწავლებას, უსმენდა თვით ეშმაკებს მის მიმართ დამმოწმებლებს; მაგრამ ვერ შეიცნო იგი, შეიძულა იგი, მოინდომა საშინელი დანაშაული — ღვთისმკვლელობა. ისეთი ღრმაა, ისეთი საშინელი ჩვენი დაცემა, ჩვენი დაბნელება.
ჩანს: საკმარისია სახარების ერთი თავის წაკითხვა, რომ შეიცნო მასში მოლაპარაკე ღმერთი. „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ“, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომელიც გამოგვეცხადე ჩვენი ადამიანის მდაბალი სახით, „და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ (ინ. 6:68–69).
იუწყება თავად — ჭეშმარიტება: „უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.“ (ინ. 8:31–32). შეისწავლე სახარება და მისგან დაიწყება შენ მიმართ უწყება გაუყალბებელი, წმინდა ჭეშმარიტებისა.
შეიძლება იუწყოს ჭეშმარიტება ადამიანის შიგნითაც. მაგრამ ეს როდის? მაშინ, როდესაც, მხსნელის სიტყვის მიხედვით, ადამიანი შეიმოსავს „ძალას მაღლით“ (ლკ. 24:49): „ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა“ (ინ. 16:13).
თუკი ცხადად მოსვლამდე სულისა წმინდისა — რომელიც ღვთის წმინდათა ხვედრია — ვინც წარმოისახავს უსმინოს თავის შიგნით მაუწყებელ ჭეშმარიტებას, ის აამებს საკუთარ სიამაყეს, იტყუებს თავს; ის უმალ ისმენს იმის ხმას, ვინც ამბობდა სამოთხეში: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“ (დაბ. 3:5). და სწორედ ეს ხმა ეჩვენება მას ჭეშმარიტების ხმად!
შეიცნო სახარებიდან და წმინდა მამებისგან ჭეშმარიტება, კითხვის მეშვეობით ეზიარო სახარებასა და წმინდა მამებში მცხოვრებ სული წმინდას — დიდი ბედნიერებაა.
უფრო მეტი ბედნიერების ღირსი, — ბედნიერების, რომ თავად ყოვლადწმინდა სული წმინდისგან მოვისმინო ჭეშმარიტება — მე არ ვარ! ჩემთვის ეს შეუძლებელია! შეუძლებელია გავუძლო მას, შევინარჩუნო იგი: ჩემი ჭურჭელი მზად არ არის, დაუსრულებელია და გაუმაგრებელი. სულის ღვინო თუკი მასში ჩაისხმებოდა, დახევდა მას, და თვითონ დაიღვრებოდა (მთ. 9:17), და ამიტომ ყოვლადკეთილი უფალი ჩემი, ჩემი უძლურების დანდობით, დიდსულოვანია ჩემ მიმართ (ლკ. 18:7), და არ წარმომიდგენს საკვებად ძლიერ სულიერ საჭმელს (1კორ. 3:2).
ასისთავმა თავი უღირსად მიიჩნია, რომ მიეღო უფალი თავის სახლში, არამედ ითხოვა რომ ამ სახლში მისულიყო ყოვლისშემძლე სიტყვა უფლისა, და განეკურნა მონა. იგი მივიდა; აღსრულდა ნიშანი, აღსრულდა მონის კურნება. უფალმა შეაქო რწმენა და სიმდაბლე ასისთავისა (მთ. 8:8–13).
ეუბნებოდნენ ისრაელის ძენი თავიანთ წმინდა ბელადსა და კანონმდებელს, ეუბნებოდნენ ღვთის სიდიადის შესახებ სწორი წარმოდგენიდან გამომდინარე, წარმოდგენიდან, რომლისგანაც იშვება ადამიანში აღიარება და შემეცნება ადამიანის არარაობისა: „შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ“ (გამ. 20:19). ეს მდაბალი და გადამრჩენელი სიტყვები სახასიათოა ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის: ასეთი გულის წინდით ქრისტიანი თავს იცავს სულიერი სიკვდილისგან, რითიც ამარცხებს თვითცდუნებულებს მათი სიამაყე და თავხედობა. ჭეშმარიტი ქრისტიანის საწინააღმდეგოდ, ამ სულიერ ისრაელიანისა, ღაღადებს სიგიჟით თვითცდუნებული: „ისრაელის ძენი ეუბნებოდნენ როდისღაც მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით. ასე არა, უფალო, ასე არ ვლოცულობ მე! დაე არ მელაპარაკოს მოსე, ან სხვა რომელიმე წინასწარმეტყველთაგანი: მელაპარაკე შენ, უფალო ღმერთო, ყველა წინასწარმეტყველისთვის შთაგონების მჩუქებელო. შენ ერთს მათ გარეშე, შეგიძლია სრულიად მასწავლო მე“4.
უღირსია უფლისა, უღირსია მიბაძვისა ის, ვინც მთლიანად შებილწულია და უწმინდურებებშია, ხოლო სულელი, ამაყი, მეოცნებეური შეხედულებით ფიქრობს იყოს ჩახუტებული ყოვლადუბიწო, ყოვლადწმინდა უფალთან, ფიქრობს ჰყავდეს იგი თავისთან და მასთან ისაუბროს, როგორც მეგობართან5.
„ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.“ (ფს. 88:8), ამბობს წერილი; იგი საშიშია თვით უმაღლესი ზეციური ძალებისთვისაც. ექვსფრთიანი სერაფიმები ფრენენ მისი საყდრის ირგვლივ, ძრწოლასა და შიშში ღმრთის სიდიადისგან წარმოთქვამენ დაუდუმებელ დიდებას, ცეცხლოვანი ფრთებით იფარავენ ცეცხლოვან სახეებს: ამას ხედავდა საიდუმლოთმხილველი ესაია (ეს. 6). ადამიანო! ღმრთისმოსავურად თავი შეიმოსე სიმდაბლით.
საკმარისია, საკმარისია, თუ ღმრთის სიტყვა, ჭეშმარიტება შემოვა სულის სახლში სმენის, ან კითხვის მეშვეობით და განკურნავს ყრმას, ესე იგი, შენ, მყოფს ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში ქრისტესთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი ასაკით შენ, შესაძლოა უკვე შემკობილი ხარ ჭაღარებით.
არ არსებობს ჭეშმარიტებასთან მისასვლელი სხვა გზა! „ვითარ-მე ჰრწმენეს, — ამბობს მოციქული — რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?. …სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა.“ (რომ. 10:14, 17). დადუმდნენ სული წმინდის ცოცხალი ორგანოები: ქადაგებს ჭეშმარიტებას — სული წმინდის მიერ გამოთქმული — წერილი.
აღმოსავლეთის ეკლესიის სანდო ძეო! მოისმინე მეგობრული, გადამრჩენელი რჩევა. შენ გსურს შეიცნო საფუძვლიანად საღმრთო გზა, ამ გზით მიხვიდე მარადიულ ხსნამდე? — შეისწავლე წმინდა ჭეშმარიტება წმინდა წერილში, ძირითადად ახალ აღთქმაში, და წმინდა მამათა ნაწერებში. ამასთან უდავოდ საჭიროა ვარჯიში და წმინდა ცხოვრება: იმიტომ, რომ მხოლოდ წმინდანი გულითა იხილავენ ღმერთს. მაშინ გახდები, თავის დროზე, ღმრთის მიერ ცნობილი და სათნოყოფილი საზომით, მოწაფე და მესაიდუმლე წმინდა ჭეშმარიტებისა, ზიარი მასთან განუყოფელი, მის მიერ მიმადლებული, სული წმინდისა. ამინ.
- – თომა კემპიელის „იესო ქრისტეს მიბაძვის შესახებ“, წიგნი I, თავი 3, კვ. III, თავი. 2.
- ზემოთ ნათქვამია, რომ ასეა სახელდებული წმინდა მამების მიერ თვითცდუნების ცნობილი სახეობა, ამიტომაც ჩვენ ვინარჩუნებთ ამ სახელწოდებას.
- ინ. 8:31; შდრ. ინ. 16:13.
- მიბაძვა, წიგ. III, თავი 2.
- მიბაძვა, წიგ. III, თავი 1.