თავი 7
Previousიმ წიგნებისგან განშორების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ცრუ სწავლებას
კვლავ მომაქვს შენთვის, აღმოსავლეთის ეკლესიის სანდო შვილო, რჩევის სიტყვა გულწრფელი, კეთილი. ეს სიტყვა მე არ მეკუთვნის: იგი წმინდა მამებისაა. იქიდანაა ყველა ჩემი რჩევა.
დაიცავი გონება და გული სიცრუის სწავლებისგან. არ ისაუბრო ქრისტიანობაზე ადამიანებთან, რომლებიც დაავადებული არიან ცრუ აზრებით; არ იკითხო ქრისტიანობაზე წიგნები, რომლებიც დაწერეს ცრუმასწავლებლებმა.
ჭეშმარიტებას თან ახლავს სული წმინდა: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს თან ახლავს და მასთან თანაქმედებს სატანის სული, რომელიც არის სიცრუე და სიცრუის მამა.
ცრუმასწავლებლების წიგნების მკითხველი, უდავოდ ეზიარება მზაკვარ, ბნელ სიცრუის სულს. ეს, დაე, ნუ მოგეჩვენება უცნაურად, წარმოუდგენლად: ასე ამტკიცებენ ეკლესიის მნათობები — წმინდა მამები. (“დაე, არავინ იკითხოს, თქვა მღვდელმოწამე პეტრე დამასკელმა, ვინც არ ემსახურება ღვთისთვის სათნოყოფას. და თუკი წაიკითხავს როდესმე რაიმე ასეთს უცოდინრობით: მაშინ, დაე, იღვაწოს სასწრაფოდ, ამოშალოს იგი მეხსიერებიდან საღმრთო ნაწერების კითხვით და მათგან, სწორედ, იმათის, რომლებიც უფრო მეტად ემსახურება მისი სულის გადარჩენას, იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელშიც იგია მოსული… ამის საწინააღმდეგო წიგნები კი, დაე, არაფრით არ იკითხოს. რა საჭიროა უწმინდური სულის მიღება, სული წმინდის მაგივრად? ვინც რა სიტყვაში ვარჯიშობს, იგი იღებს იმ სიტყვის თვისებებს, თუმცა ამას ვერ ხედავენ გამოუცდელები, როგორც ხედავენ სულიერი გამოცდილების მქონენი“.)1.
თუ შენს გონებასა და გულში არაფერია ჩაწერილი, — დაე ჭეშმარიტებამ და სულმა ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება.
თუ ნება დართე სულის დაფები ჩაწერილიყო და ჩაჯღაბნილიყო სხვადასხვანაირი შეხედულებებითა და შთაბეჭდილებებით; კეთილგონივრულადა და ფრთხილად გარჩევის გარეშე — ვინაა მწერალი, რას წერს: მაშინ ამოწმინდე უცხო მწერლების მიერ ჩაწერილნი; ამოწმინდე სინანულითა და ყველაფერი ღმრთის საწინააღმდეგოს უარყოფით.
შენს დაფებზე მწერალი დაე იყოს მხოლოდ ღვთის თითი.
მოამზადე ამ მწერლისთვის გონებისა და გულის სიწმინდე ღმრთისმოსავი, მთელცნობობითი ცხოვრებით: მაშინ შენი ლოცვებისას და წმინდა წიგნების კითხვისას, შეუმჩნევლად, საიდუმლოებრივად სულის დაფებზე გამოისახება სულის კანონი.
შენთვის მხოლოდ ის წიგნებია რელიგიაზე წასაკითხად დაშვებული, რომლებიც დაწერილია მსოფლიოს მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამების მიერ. ამას მოითხოვს აღმოსავლეთის ეკლესია თავისი შვილებისგან2.
თუკი შენ განსჯი სხვაგვარად, და ეკლესიის დარიგებას ნაკლებად საფუძვლიანად მიიჩნევ, ვიდრე შენი და სხვების, შენთან თანხმობაში მყოფების, განსჯას: მაშინ ეკლესიის ძე კი აღარ ხარ, არამედ მისი მოსამართლე.
შენ მიწოდებ ცალმხრივს, არასაკმარისად განათლებულს, რიგორისტს? — მე მომანდე ჩემი ცალმხრივობა და ყველა სხვა ნაკლოვანება: ვამჯობინებ ამ ნაკლოვანებებთან ერთად ვიყო აღმოსავლეთის ეკლესიის მორჩილი, ვიდრე ყველა წარმოსახვითი სრულყოფილებით ვიყო მასზე გონიერი, და ამიტომ თავს უფლება მივცე არ დავემორჩილო მას, და გამოვეყო მას. აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილისთვის სასიამოვნო იქნება ჩემი ხმა.
მათ იციან, რომ ვისაც სურს მიიღოს ზეციური სიბრძნე, უნდა მიატოვოს თავისი საკუთარი, მიწიერი, როგორი დიდებულიც არ უნდა იყოს იგი, უარყოს იგი, ჩათვალოს იგი, როგორიც იგი კიდევაც არის, „სისულელედ“ (1კორ. 3:19).
მიწიერი სიბრძნე — მტრობაა ღვთისა: იგი ღვთის კანონს არ ემორჩილება, და არ შეუძლია დაემორჩილოს, (რომ. 8:7). დასაბამიდან ასეთია მისი თვისება; ასეთად დარჩება იგი თავის დასასრულამდე, — როდესაც „ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი“, ხოლო მასთან მიწიერი სიბრძნეც „დაიწუნენ“ (2პეტ. 3:10).
წმინდა ეკლესია ნებას რთავს ცრუმასწავლებლების წიგნების წაკითხვისას მხოლოდ თავის იმ წევრებს, რომელთა აზრი და გულისმიერი გრძნობები განკურნებულია სული წმინდის მიერ, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ, განარჩიონ ჭეშმარიტი სიკეთისაგან ბოროტება, რომელიც თავს აჩვენებს სიკეთედ და შენიღბულია სიკეთის საფარველით.
დიდ ღვთის სათნომყოფელებს, რომელთაც ყველა ადამიანისთვის საერთო უძლურება შეიცნეს, ეშინოდათ ერესისა და სიცრუის შხამის, და ამიტომ ყველანაირი ზრუნვით გაურბოდნენ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც იყვნენ დაავადებული ცრუსწავლებითა და ერეტიკული წიგნების კითხვით3. მათ თვალწინ ჰქონდათ რა დაცემა უგანათლებულესი ორიგენესი, კამათში გაწაფული არიოზისა, მჭევრმეტყველი ნესტორისა და სხვა ამქვეყნიური სიბრძნით მდიდართა, თვითმოიმედებითა და თვითწარმოდგენით დაღუპულთა, ისინი გადარჩენას ეძიებდნენ და იპოვეს იგი ცრუსწავლებისგან გაქცევაში, ეკლესიისადმი ზედმიწევნით მორჩილებაში.
ეკლესიის წმინდა მწყემსები და მასწავლებლები და ამასთან სულიწმინდის ჭურჭლები კითხულობდნენ ღმრთისმგმობი ერეტიკოსების ნაწერებს, რომლებიც იყვნენ იძულებულნი ასეთი კითხვისათვის მთელი ქრისტიანული საზოგადოების აუცილებელი საჭიროებით. ისინი ძლიერი, სულიერი სიტყვით ამხელდნენ გზააბნეულობას, აუწყეს ეკლესიის ყველა შვილს ერეტიკოსების ნაწერებში არსებული დაფარული საშიშროების შესახებ, რომელი ნაწერებიც შენიღბულნი იყვნენ სიწმინდისა და ღმრთისმოსავობის ბრწყინვალე დასახელებებით.
მაგრამ ჩემსა და შენთვის აუცილებელია თავდაცვა ცრუმასწავლებლების მიერ შეთხზული წიგნებისაგან. ყველას, ვინც არ ეკუთვნის აღმოსავლეთის ეკლესიას, ერთსა და წმინდას, მწერალს ქრისტეზე, ქრისტიანულ რწმენასა და მორალზე, ეკუთვნის ცრუმასწავლებლის სახელი.
მითხარი: როგორ შეიძლება, ყველა წიგნის წაკითხვის ნება დაგრთო, როდესაც ყოველ, შენ მიერ წაკითხულ წიგნს, მიჰყავხარ სადაც სურს, — გარწმუნებს დათანხმდე ყველაფერს, რაზეც უნდა მას შენი თანხმობა, უარყო ყველაფერი, რაც მას უნდა, რომ უარყო?
გამოცდილება ადასტურებს, რა დამღუპველია განურჩეველი კითხვის შედეგები. რამდენჯერ შეიძლება შეგვხვდეს აღმოსავლეთის ეკლესიის შვილებს შორის ქრისტიანობაზე წარმოდგენები, რომლებიც არის ყველაზე უთავბოლო, არასწორი, ეკლესიის სწავლებისადმი წინააღმდეგობრივი, ამ წმინდა სწავლების განმკიცხველი, წარმოდგენები, შეთვისებული ერეტიკული წიგნების კითხვით!
არ დადარდიანდე, ჩემო მეგობარო, ჩემს გაფრთხილებაზე, რომელიც შენთვის ჭეშმარიტი სიკეთის სურვილით შთაგონებულია. მამა, დედა, კეთილი აღმზრდელი განა არ შეშინდება უცოდველი, გამოუცდელი ბავშვის გამო, როდესაც იგი მოისურვებს შეუფერხებლად შევიდეს ოთახში, სადაც საკვებ მასალებს შორის ბევრი შხამია?
სულის სიკვდილი სხეულის სიკვდილზე მეტად დამღუპველია: მომკვდარი სხეული აღდგება, და ხშირად სხეულის სიკვდილი სულის სიცოცხლის მიზეზად იქცევა ხოლმე; ამის საწინააღმდეგოდ ბოროტებით მოკლული სული – მარადიული სიკვდილის მსხვერპლია. სული შეუძლია მოკლას ერთმა აზრმა, რომელიც თავის თავში შეიცავს რაიმენაირი სახის ღმრთის გმობას, დახვეწილს, საერთოდ შეუმჩნეველს უცოდინართათვის.
იქნება დრო, წინასწარიუწყა წმინდა მოციქულმა, „ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ“ (2ტიმ. 4:3–4).
არ მოიხიბლო წიგნის ხმამაღალი სათაურით, რომელიც ჰპირდება გადასცეს ქრისტიანული სრულყოფილება იმას, ვისაც კიდევ სჭირდება თოთოების საკვები; არ მოიხიბლო არც ბრწყინვალე გამოცემით, არც ფერწერით, ძალით, სიტყვის სილამაზით, არც იმით, რომ მწერალი თითქოს წმინდანია, თითქოს თავისი სიწმინდის მრავალრიცხოვანი სასწაულებით დამამტკიცებელია.
ცრუსწავლება არ ჩერდება არც რაიმე გამონაგონის, არც რაიმე ხრიკის წინაშე, რომ თავის არაკებს მისცეს ჭეშმარიტების გარეგნობა, და მით უფრო მოხერხებულად მოწამლოს მათით სული.
ცრუსწავლება თავისთავად უკვე ტყუილია. მისით მოტყუებულია მკითხველზე უწინ მწერალი (2ტიმ .3:13).
ნიშანი ჭეშმარიტი, არსებითად სულისთვის სასარგებლო წიგნისა არის წმინდა მწერალი; აღმოსავლეთის ეკლესიის წევრი, სარწმუნო, აღიარებული წმინდა ეკლესიის მიერ. ამინ.
- წმინდა პეტრე დამასკელის წიგნი პირველი, სათაური განსჯის შესახებ. სათნოებ, ნაწ. 3.
- აღსარების საიდუმლოს აღსრულებისას საჭიროა მონანულს შეეკითხო, თუ კითხულობს ის ერეტიკულ წიგნებს? მოთხოვნების კრებული.
- ცხოვრება პახუმისა. Patrologiae Tomus. LXXIII, cap. XLIV.