Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 6

Previous

წმინდა მამათა კითხვის შესახებ

ნაცნობებთან საუბარი და ნაცნობთა საზოგადოება ძალიან მოქმედებს ადამიანზე. საუბარი და ნაცნობობა მეცნიერთან გვაცნობს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, პოეტთან — ბევრ აღმატებულ აზრებსა და გრძნობებს, მოგზაურთან — ბევრ ცნობებს ქვეყნების, ერების ჩვეულებებისა ტრადიციების შესახებ. აშკარაა: საუბარი და ნაცნობობა წმინდანებთან გვანიჭებს სიწმინდეს. “წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო, და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო” (ფს. 17:26-27).

ამიერიდან, მოკლე ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, რომელსაც წმინდა წერილმა არ უწოდა თუნდაც სიცოცხლე, არამედ მწირობა, გაეცანი წმინდანებს. შენ გსურს ზეცაში ეკუთვნოდე მათს საზოგადოებას, გსურს იყო მათი ნეტარების მონაწილე? ამიერიდან ჩაერთე მათთან ურთიერთობაში. როდესაც გამოხვალ სხეულის ტაძრიდან, — ისინი მიგიღებენ შენ მათთან, როგორც თავიანთ ნაცნობს, როგორც თავიანთ მეგობარს (ლკ. 16:9).

არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, არ არსებობს უფრო მჭიდრო კავშირი, როგორც კავშირი აზრების ერთობით, გრძნობების ერთობით, მიზნის ერთობით (1კორ. 1:10).

სადაც არის აზრების ერთობა, იქ არის აუცილებლად ერთსულოვნება, იქაა აუცილებლად ერთი მიზანი, ერთნაირი წარმატება მიზნის მისაღწევად.

გაითავისე აზრები და სული წმინდა მამებისა მათი ნაწერების კითხვის საშუალებით. წმინდა მამებმა მიაღწიეს მიზანს: ხსნას. და შენც მიაღწევ ამ მიზანს ბუნებრივ ვითარებაში. როგორც ერთაზროვანი და ერთსულოვანი წმინდა მამებისადმი, შენ გადარჩები.

ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმინდა მამები. ამით მან დაამოწმა, რომ ნააზრევი, გრძნობები, ცხოვრება წმინდა მამებისა მისთვის სათნოა. წმინდა მამებმა გადმოსცეს თავიანთი აზრები, თავიანთი გული, თავიანთი ქმედებების სახეობები თავიანთ ნაწერებში. მაშასადამე: როგორი სარწმუნო სახელმძღვანელოა ზეცისაკენ, რომელიც დაამოწმა თავად ზეცამ, — წმინდანთა ნაწერები.

წმინდა მამათა ნაწერები, ყველა, შედგენილია სული წმინდის შთაგონებით ან გავლენით. საოცარია მათში თანხმობა, საოცარი — ცხებულება! მათით ნახელმძღვანელებს ჰყავს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თავის ხელმძღვანელად სული წმინდა.

დედამიწის ყველა წყალი ჩაედინება ოკეანეში, და, შესაძლოა, ოკეანე წარმოადგენს დედამიწის ყველა წყლისთვის საწყისს. წმინდა მამათა ნაწერები ერთდება ყველა სახარებაში; ყველა იქითკენ იხრება, რომ გვასწავლოს ზუსტი აღსრულება უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მცნებებისა; ყველა მათი წყარო და დასასრული არის წმინდა სახარება.

წმინდა მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ იგი, რა ეხმარება და რა ეწინააღმდეგება მის გაგებას. და ამიტომ, თავიდან უფრო მეტად დაკავდი წმინდა მამათა კითხვით. და როდესაც ისინი შეგასწავლიან სახარების კითხვას: მაშინ უკვე ძირითადად იკითხე სახარება.

არ ჩათვალო შენთვის საკმარისად მხოლოდ სახარების კითხვა, წმინდა მამათა კითხვის გარეშე! ეს არის ამაყი, საშიში აზრი. უმჯობესია, დაე, სახარებასთან მიგიყვანონ წმინდა მამებმა, როგორც თავიანთი საყვარელი შვილი, რომელმაც მიიღო საწყისი აღზრდა და განათლება მათი ნაწერების მეშვეობით.

ბევრი, ყველა, რომელმაც უარყო უგუნურად, ქედმაღლურად, წმინდა მამები, რომელიც მიეახლა პირდაპირ, ბრმა კადნიერებით, უწმინდური გონებითა და გულით სახარებას, ჩავარდა დამღუპველ გზააბნეულობაში. ისინი უარყო სახარებამ: იგი თავისთან უშვებს მხოლოდ მდაბალთ.

წმინდა მამათა კითხვა — მშობელი და მეფეა ყველა სათნოების. წმინდა მამათა ნაწერების კითხვისგან ვსწავლობთ წმინდა წერილის ჭეშმარიტ შემეცნებას, სწორ რწმენას, სახარების მცნებების მიხედვით ცხოვრებას, ღრმა პატივისცემას, რომელიც უნდა გვქონდეს სახარებისეული მცნებების მიმართ, ერთი სიტყვით, — ხსნას და ქრისტიანულ სრულყოფილებას.

წმინდა მამათა კითხვა, სულიერების მქონე მოძღვრების შემცირების გამო, გახდა ძირითადი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც სურს ხსნა და ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევაც კი1.

წმინდა მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, წააგავს სარკეს: მათში ყურადღებითა და ხშირად ჩახედვისას, სულს შეუძლია დაინახოს ყველა თავისი ნაკლოვანებები.

კვლავ — ეს წიგნები წააგავს სამკურნალო საშუალებების მდიდარ ნაკრებს: მათში სულს შეუძლია იპოვოს ყოველი თავისი ავადმყოფობისათვის მხსნელი წამალი.

ამბობდა წმინდა ეპიფანე კვიპრელი: “ერთი მზერა წმინდა წიგნების მიმართ აღძრავს ღვთისმოსავი ცხოვრებისთვის”2.

წმინდა მამათა კითხვა უნდა იყოს გულმოდგინე, ყურადღებიანი და გამუდმებული: ჩვენი უხილავი მტერი, რომელსაც სძულს “ჴმანი კეთილნი.” (იგ. 11:15), სძულს განსაკუთრებით, როდესაც ეს ხმა გამოდის წმინდა მამებისგან, ეს ხმა ამხელს ჩვენი მტრის ინტრიგებს, მის მზაკვრობას, ააშკარავებს მის ბადეებს, მის ქმედებათა სახეს: და ამიტომ მტერი იარაღდება წმინდა მამათა კითხვის წინააღმდეგ სხვადასხვა ამაყი და მგმობარი გულისთქმებით, ცდილობს ჩააგდოს მოღვაწე ამაო საზრუნავებში, რათა განაშოროს იგი მხსნელი კითხვისაგან, ებრძვის მას უიმედობით, მოწყინებითა და გულმავიწყობით. ამ ბრძოლიდან წმინდა მამათა კითხვის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა დავასკვნათ, როგორი მხსნელია ჩვენთვის იარაღი, ასე მოძულებული მტრის მიერ. ძლიერად ცდილობს მტერი იმაზე, რომ გამოგვაცალოს იგი ჩვენი ხელებიდან.

ყოველმა აირჩიოს თავისთვის იმ წმინდა მამათა კითხვა, რომელიც შეესაბამება თავის ცხოვრების წესს. განდეგილი, დაე, კითხულობდეს წმინდა მამებს, რომლებიც წერდნენ განმხოლოვებაზე; ბერი, რომელიც ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში, — მამებს, რომლებმაც დაწერეს მოძღვრება სამონაზვნო საერთო საცხოვრებლებისთვის; ქრისტიანები რომლებიც ცხოვრობენ ერში, - წმინდა მამებს, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი სწავლება საერთოდ მთელი ქრისტიანობისთვის. ყოველმა, რომელ წოდებაშიც არ უნდა იყოს, ამოივსოს უხვი დარიგება მამათა სწავლებიდან.

აუცილებლად საჭიროა საკითხავი, რომელიც შეესაბამება ცხოვრების წესს. სხვაგვარად გაივსები აზრებით, თუმცა წმინდებით, მაგრამ შეუსრულებლით თავად საქმით, რომელიც აღძრავს უნაყოფო საქმიანობას მხოლოდ წარმოსახვაში და სურვილში; ღვთისმოსავი საქმეები, რომლებიც შეეფერება შენი ცხოვრების წესს, დაიწყებს შენი ხელიდან გასხლტომას. ისიც ცოტაა, რომ შენ გახდები უნაყოფო მეოცნებე, — შენი აზრები, რომლებიც იქნებიან გამუდმებულ უთანხმოებაში თავისი მოქმედების არეალთან, აუცილებლად დაიწყებენ შენს გულში შეცბუნების დაბადებას, ხოლო ქმედებაში — გაურკვევლობას, მძიმეს, მავნებელს შენსა და შენი ახლობლებისთვის. არასწორი კითხვისას წმინდა წერილისა და წმინდა მამებისა, ადვილად შესაძლოა აცდენა მხსნელი გზიდან გაუვალ ტევრებსა და უფსკრულებში, რაც დაემართა ბევრს. ამინ.


  1. ღირსი ნილოს სორელი. წესები
  2. ანბანური პატერიკი
Next