Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 5

Previous

სახარების კითხვის შესახებ

სახარების კითხვისას არ ეძიო სიამოვნება, არ ეძიო აღტაცებები, არ ეძიო ბრწყინვალე აზრები: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმინდა ჭეშმარიტება.

არ დაკმაყოფილდე მხოლოდ სახარების უნაყოფო კითხვით; ეცადე შეასრულო მისი მცნებები, იკითხე იგი საქმეებით. ეს არის სიცოცხლის წიგნი და საჭიროა მისი კითხვა ცხოვრებით.

არ იფიქრო, რომ უწმინდესი წიგნთა შორის, ოთხსახოვანი სახარება, უმიზეზოდ იწყება სახარებით მათესაგან, ხოლო მთავრდება სახარებით იოანესაგან. მათე ასწავლის უფრო, როგორ აღვასრულოთ ღვთის ნება, და მისი დარიგებები განსაკუთრებით შეეფერება საღვთო გზის დამწყებებს; იოანე გადმოსცემს ღმერთის შეერთების ხატებას ადამიანთან, რომელიც არის მცნებებით განახლებული, რაც ხელმისაწვდომია მხოლოდ ღვთის გზაზე წარმატებულთათვის.

როდესაც წასაკითხად გადაშლი წიგნს — წმინდა სახარებას, გაიხსენე, რომ იგი გადაწყვეტს შენს მარადიულ ხვედრს. მის მიხედვით განვიკითხებით, და, იმისდა მიხედვით, როგორი ვიყავით აქ წუთისოფელში მასთან მიმართებაში, მივიღებთ ხვედრად ან მარადიულ ნეტარებას, ან მარადიულ სატანჯველებს (ინ. 12:48).

ღმერთმა გაუმხილა თავისი ნება უმნიშვნელო მტვრის ნამცეცს — ადამიანს! წიგნი რომელშიც გადმოცემულია ეს დიდებული და ყოვლადწმინდა ნება — შენს ხელთაა. შენ შეგიძლია ან მიიღო და ან უარყო შენი შემოქმედისა და მხსნელის ნება, იმისდა მიხედვით, როგორც შენ გსურს. შენი მარადიული სიცოცხლე და მარადიული სიკვდილი შენს ხელთაა: აბა განსაჯე, რამდენად გესაჭიროება, იყო ფრთხილად, კეთილგონივრულად. არ ითამაშო შენი მარადიული ხვედრით!

ილოცე სულის შემუსრვილებით უფლისადმი, რათა მან აგიხილოს თვალები საოცრებათა ხილვისთვის, რომლებიც დაფარულია მის რჯულში (ფს. 118:18), რომელიც არის სახარება. აღიხილება თვალები, — და დაინახება საოცარი სულის კურნება ცოდვისაგან, აღსრულებული ღვთის სიტყვით. ხორციელი სნეულებების კურნება იყო მხოლოდ დასტური სულიერი კურნებისა, დასტური ხორციელი ხალხისთვის, გონებებისთვის, რომლებიც იყვნენ დაბრმავებულნი შეგრძნებითობით (ლკ. 5:24).

იკითხე სახარება ზედმიწევნითი მოწიწებითა და ყურადღებით. მასში ნუ მიიჩნევ რაიმეს უმნიშვნელოდ, განხილვის ნაკლებად ღირსად. მისი ყოველი იოტა ასხივებს სიცოცხლის სხივს. სიცოცხლის უგულებელყოფა — სიკვდილია.

კეთროვნების დავრდომილების, ბრმების, კოჭლების და ეშმაკეულების შესახებ კითხვისას, რომლებიც უფალმა განკურნა, იფიქრე, რომ შენი სული, რომელიც ატარებს მრავალ სხვადასხვაგვარ ცოდვისმიერ წყლულებს, რომელიც იმყოფება დემონების ტყვეობაში, ამ ავადმყოფების მსგავსია. სახარებისგან ისწავლე რწმენა, რომ უფალი, რომელმაც განკურნა ისინი, განგკურნავს შენც, თუ გულმოდგინედ ითხოვ მისგან შენს კურნებას.

მოიპოვე სულის ისეთი განწყობილება, რომ შეგეძლოს კურნების მიღება. შემძლებელი მისი მიღებისა არის თავისი ცოდვილობის მაღიარებელი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს იგი (ინ. 9:39, 41). მოამაყე მართალს, ესე იგი, ცოდვილს, რომელიც ვერ ხედავს თავის ცოდვილობას, არ სჭირდება, მისთვის გამოუსადეგარია მხსნელი (მთ. 9:13).

ცოდვების ხედვა, ხედვა იმ დაცემულობისა, რომელშიც იმყოფება მთელი ადამიანის მოდგმა, არის ღვთის განსაკუთრებული ნიჭი. გამოითხოვე შენთვის ეს ნიჭი, და უფრო გასაგები იქნება შენთვის ზეციური მკურნალის წიგნი — სახარება.

შეეცადე, რომ სახარება შეეთვისოს შენს გონებასა და გულს, რათა შენი გონება, ასე ვთქვათ, ცურავდეს მასში, ცხოვრობდეს მასში: მაშინ შენი საქმიანობა უფრო მოხერხებულად გახდება სახარებისეული. ეს შეიძლება მიიღწეს გამუდმებული მოწიწებული კითხვით, სახარების შესწავლით.

ღირსმა პახუმი დიდმა, ერთ-ერთმა უგამოჩენილესმა ძველ მამათაგან, იცოდა ზეპირად წმინდა სახარება და ავალებდა თავის მოწაფეებს, ღვთის გამოცხადების შესაბამისად, აუცილებელ მოვალეობად შეესწავლათ იგი. ასეთნაირად სახარება ყველგან თან ახლდა მათ, მუდმივად ხელმძღვანელობდა მათ1.

და ახლაც რატომაც არ უნდა შეამკონ ქრისტიანმა აღმზრდელებმა უმანკო ბავშვების მეხსიერება სახარებით, ვიდრე დაუნაგვიანონ იგი ეზოპეს არაკებისა და სხვა არარაობების შესწავლით?

როგორი ბედნიერებაა, როგორი სიმდიდრეა — სახარების ათვისება მეხსიერებით! შეუძლებელია წინასწარ გათვალო გადატრიალებები და უბედურებები, რომლებიც შეიძლება შეგვემთხვეს მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. სახარება, რომელიც მეხსიერებას ეკუთვნის, იკითხება სიბრმავისას, პატიმარს თან ახლავს საპყრობილეში, საუბრობს მიწათმოქმედთან ველზე, რომელიც მისი ოფლით ირწყვება, მოძღვრავს მოსამართლეს თვით დასწრების დროსაც, ხელმძღვანელობს ვაჭარს ვაჭრობისას, ახალისებს სნეულს გამთანგველი უძილობისა და აუტანელი მარტოობისას.

არ გაბედო, თავად განმარტო სახარება და წმინდა წერილის სხვა წიგნები. წმინდა წერილი გამოთქმულია წმინდა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ, წარმოთქმულია არა თვითნებურად, არამედ სული წმინდის შთაგონებით (2პეტ. 1:21). როგორ არ არის უგუნური, მისი განმარტება თვითნებურად?

სული წმინდამ, რომელმაც წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით ღვთის სიტყვა წარმოთქვა, განმარტა იგი წმინდა მამების მეშვეობით. ღვთის სიტყვაცა და მისი განმარტებაც — სული წმინდის ნიჭებია. მხოლოდ ერთადერთ ამ განმარტებას იღებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია! მხოლოდ ერთადერთ ამ განმარტებას იღებენ მისი ჭეშმარიტი შვილები!

ვინც განმარტავს სახარებასა და მთელ წმინდა წერილს თვითნებურად: იგი თვით ამით უარყოფს მის განმარტებას წმინდა მამების მიერ, სული წმინდის მიერ. ვინც უარყოფს წმინდა წერილის განმარტებას სული წმინდის მიერ, იგი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უარყოფს თავად წმინდა წერილსაც.

და ხდება ღვთის სიტყვა, ხსნის სიტყვა, მისი თავხედი განმმარტავებისთვის, სიკვდილის სიმყრალე, ორლესული მახვილი, რომლითაც ისინი საკუთარ თავებს იკოდავენ მარადიული წარწყმედისათვის (2პეტ. 3:16, 2კორ. 2:15–16). მისით მოიკლეს თავი მარადიულად არიოზმა, ნესტორმა, ევტიქმა და სხვა ერეტიკოსებმა, რომლებიც წმინდა წერილის თვითნებური და თავხედური განმარტებით ჩაცვივდნენ ღვთისგმობაში.

„ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (ეს. 66:2), ამბობს უფალი. ასეთი იყავი სახარებისა და მასში მყოფი უფლის მიმართ.

მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი თვალღებები და სიამოვნება, უარყავი საკუთარი სული, მაშინ გახდება შენთვის ხელმისაწვდომი და გასაგები სახარება.

„რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა“, თქვა უფალმა — სული, რომლისთვისაც, დაცემის მიერ, ცოდვის სიყვარული გახდა როგორც ბუნებრივი, როგორც სიცოცხლე — „ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი“ (ინ. 12:25).

საკუთარი სულის მოყვარულთათვის, იმისთვის, ვინც არ გადაწყვეტს თვითუარყოფას, დახურულია სახარება: იგი კითხულობს ასოებს; მაგრამ სიცოცხლის სიტყვა, როგორც სული, რჩება მისთვის გაუვალი ფარდის მიღმა. როდესაც უფალი იყო წუთისოფელში ყოვლადწმინდა სხეულით, — ბევრი ხედავდა მას, და ამასთან ერთად, ვერ ხედავდა. რა სარგებელია, როდესაც ადამიანი ხედავს ხორციელი თვალებით, რომელიც საერთო აქვს ცხოველებთან, ხოლო ვერაფერს ხედავს სულის თვალებით — გონებითა და გულით? და ახლაც, ბევრი ყოველდღიურად კითხულობს სახარებას, და ამასთან არასდროს წაუკითხავთ იგი, საერთოდ არ იციან იგი.

სახარება, თქვა რომელიღაც ღირსმა მეუდაბნოემ, სუფთა გონებით იკითხება; გაიგება მისი მცნებების თავად საქმით აღსრულების ხარისხის მიხედვით. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული გახსნა შეუძლებელია მოიხვეჭო შენში საკუთარი ძალისხმევით: ეს ქრისტეს ნიჭია2.

სული წმინდა, დამკვიდრდება რა თავის ჭეშმარიტ და სანდო მსახურში, აქცევს მას სახარების სრულყოფილ მკითხველადაც და ჭეშმარიტ აღმსრულებლადაც.

სახარება არის ახალი ადამიანის თვისებების გამოსახულება, რომელიც არის „უფალი ზეცით“ (1კორ.15:47). ეს ახალი ადამიანი — ღმერთია ბუნებით. თავის წმინდა ტომს იმ ადამიანთა, რომელთაც იგი სწამთ და მასში არიან ფერისცვალებულნი, იგი ხდის მადლით ღმერთებად.

თქვენ, რომელნიც გორავთ ცოდვის მყრალ და ბინძურ ჭაობში, მასში პოულობთ სიამოვნებას! წამოსწიეთ თქვენი თავები, შეხედეთ მოწმენდილ ცას: იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ თქვენ ღმერთების ღირსებას; თქვენ, ამ ღირსების უარყოფით, ირჩევთ თქვენთვის სხვას: ცხოველთა ღირსებას, — და თვით ყველაზე უწმინდურებისას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი; განიწმინდეთ ცოდვათა აღსარებით; განიბანეთ სინანულის ცრემლებით; შეიმკეთ ლმობიერების ცრემლებით; აღიმართეთ მიწიდან; ამაღლდით ზეცად: თქვენ აგიყვანთ იქ სახარება. „ვიდრე ნათელი გაქუს“ — სახარება, რომელშიც დაფარულია ქრისტე, — „გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის — ქრისტესი იყვნეთ.“ (ინ. 12:36).


  1. პახუმი დიდის ცხოვრება. Vies des Peres des deserts d’Orient par le R. P. Michel-Andre-Manin. იცოდა სახარება ზეპირად წმინდა ტიხონ ვორონეჟელმა.
  2. ღირსი მარკოზ განშორებულის სულიერი კანონის შესახებ თავი XXXII. სათნოებ, ნაწ. 1.
Next