თავი 4
Previousქრისტეს ხედვა
გსურს იხილო უფალი იესო ქრისტე? — „მოვედ და იხილე“ (ინ. 1:46), ამბობს მისი მოციქული.
უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა აღთქმა, ყოფილიყო თავის მოწაფეებთან „ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28:20). იგი მათთანაა: წმინდა სახარებასა და საეკლესიო საიდუმლოებებში (მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი ამბობს: „ქრისტე დაფარულია სახარებაში. მისი პოვნის მსურველმა, უნდა გაყიდოს თავისი მთელი ქონება, და იყიდოს სახარება, რათა არა მხოლოდ იპოვოს ქრისტე კითხვით, არამედ მიიღოს იგი თავის თავში მისი სამყაროში მყოფობის მიბაძვით. ქრისტეს მაძიებელმა, ამბობს წმინდა მაქსიმე, უნდა ეძებოს იგი არა გარეთ, არამედ თავის შიგნით, ანუ, სხეულითა და სულით იყოს, როგორც ქრისტე, უცოდველი ადამიანური შესაძლებლობის მიხედვით“1). იგი არ არის მათთვის, ვისაც სახარების არ სწამთ: ისინი ვერ ხედავენ მას, არიან რა ურწმუნოებით დაბრმავებულნი.
გსურს ქრისტეს მოსმენა? — იგი შენ გესაუბრება სახარებით. არ უგულებელყო მისი მხსნელი ხმა: თავი აარიდე ცოდვილ ცხოვრებას, და ყურადღებით უსმინე ქრისტეს სწავლებას, რომელიც არის მარადიული სიცოცხლე.
გსურს, რომ გამოგეცხადოს ქრისტე? იგი შენ გასწავლის, ამას როგორ მიაღწიო. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (ინ. 14:21).
შენ ნაშვილები ხარ ღვთისთვის წმინდა ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით, შენ დაამყარე უმჭიდროესი ერთობა ღმერთთან წმინდა ზიარების მეშვეობით: შეინარჩუნე ნაშვილებობა, შეინარჩუნე ერთობა. სიწმინდე და განახლება, წმინდა ნათლობით მონიჭებული, აღადგინე სინანულით, ხოლო ღმერთთან ერთობა კვებე სახარების მიხედვით ცხოვრებით და შეძლებისდაგვარად ხშირი ზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებთან. „დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა“ (ინ. 15:4), თქვა უფალმა. „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15:10). „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6:56).
თავი დაიცავი მეოცნებეობისგან, რომელმაც შესაძლოა წარმოგიდგინოს, რომ ხედავ უფალ იესო ქრისტეს, რომ მას ეხები, მოიცავ. ეს ცარიელი თამაშია გაბღენძილი, ამაყი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა! ეს არის დამღუპველი თვითცდუნებულობა! (ამ ტიპის თვითცდუნებულობას წმინდა ასკეტური მწერლები უწოდებენ „ჰგონებულობას“. წმინდა იოანე კარპათელი ჰგონებულობას განსაზღვრავს ასე: „ჰგონებულობა არის სულის ნაკვებობა პატივმოყვარეობით და ფუჭი ტყუება გონებისა“2). ამ სახის თვითცდუნებულობაზე წმინდა მოციქული პავლე ამბობს: „ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა“ (კოლ. 2:18). თქვა წმინდა გრიგოლ სინელმა: „თავიანთი აზრებიდან მოლაპარაკენი, განწმენდამდე მოიხიბლნენ ’ჰგონებულობის‘ სულით“. ასეთებს მიეკუთვნება იგავთა სიტყვა: „თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს“ (იგ. 26:12).3 აღასრულე ქრისტეს მცნებები — და სასწაულებრივად იხილავ უფალს საკუთარ თავში, საკუთარ თვისებებში. ასე ხედავდა თავის თავში უფალს წმინდა მოციქული პავლე: იგი მოითხოვდა ამ ხედვას ქრისტიანებისგან; მათ რომელნიც ამას არ ფლობდნენ, უწოდებდა ქრისტიანისთვის აუცილებელი მდგომარეობისთვის მიუღწევლებს.
თუ შენ ეწევი ცოდვილ ცხოვრებას, იკმაყოფილებ ვნებებს, და ამასთან ფიქრობ, რომ გიყვარს უფალი იესო ქრისტე: მაშინ მარადიული მოწაფე მისი, მის მკერდზე მიყრდნობილი საიდუმლო სერობისას, გამხელს შენ თვითცდუნებულობაში. იგი ამბობს: „რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა“ (1ინ. 2:4–5).
თუ შენ აღასრულებ შენს ცოდვილ ნებას, და ამით არღვევ სახარებისეულ მცნებებს: მაშინ უფალი იესო ქრისტე გაკუთნებს იმათ რიცხვს, ვისაც არ უყვართ იგი. „რომელსა არა უყუარდე მე, — ამბობს იგი, — სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14:24).
არ გაემართო უგუნურად, შენი შესამოსელის გულდასმით განიხილვის გარეშე, ძველ, მყრალ ძონძებში ჩაცმული, ღვთის ძის ქორწილში, მასთან შესაერთებლად, თუმცა შენ მიწვეულიც კი ხარ ამ ქორწილში, რომელზეც მიწვეულია ყოველი ქრისტიანი. ამ სახლის პატრონს ისეთი მსახურები ჰყავს, რომლებიც შეგიკრავენ ხელებს და ფეხებს, და გაგაგდებენ გარესკნელის ბნელეთში, რომელიც ღვთისთვის უცხოა (მთ. 22:11–13).
მსახურნი, ვის ხელმწიფებაშიც მიეცემა თავხედი, სინანულით განუწმენდავი, გაბღენძილი თავზე დიდი წარმოდგენით და სიამაყით, სიყვარულისა და სხვა ამაღლებული სულიერი მდგომარეობების მაძიებლები, არიან დემონები, უარყოფილი ანგელოზები. გარესკნელის ბნელეთი — არის სიბრმავე ადამიანის სულისა, ვნებიანი, ხორციელი მდგომარეობა. ცოდვა და დაცემული სულები მბრძანებლობენ ადამიანზე, რომელიც ამ მდგომარეობაშია. იგი მოკლებულია ზნეობრივ თავისუფლებას: მისი ხელები და ფეხები შეკრულია. ხელებისა და ფეხების შეკვრით აღინიშნება ღვთივსათნოდ ცხოვრებისა და სულიერი წარმატების შესაძლებლობის დაკარგვა. ამ მდგომარეობაში იმყოფება ყველა თვითცდუნებული. ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოდის ადამიანი თავისი ცდომილების აღიარებით, მისი უარყოფით, სინანულის მხსნელ სარბიელზე შებიჯებით.
ძნელია თვითცდუნებულობიდან გამოსვლა. კარებთან დგას მცველი; კარები დაკეტილია მძიმე, მტკიცე საკეტებითა და ბოქლომებით; მას დამატებული აქვს ჯოჯოხეთური უფსკრულის ბეჭედი. საკეტები და ბოქლომები — თვითცდუნებულთა სიამაყეა, ღრმად დამალული გულში, მათი პატივმოყვარეობა, რომელიც წარმოადგენს მათი საქმიანობის საწყის მიზეზს, პირმოთნეობა და მზაკვრობა, რომლებითაც ინიღბება სიამაყე და პატივმოყვარეობა, რომლებითაც იმოსებიან ისინი კეთილგანზრახულობის, სიმდაბლის, სიწმინდის ნიღბით. შეუმუსრავი ბეჭედი — არის თვითცდუნებულობის მოქმედებების აღიარება მადლისმიერ მოქმედებებად.
განა შეიძლება, რომ მყოფი თვითცდუნებულობაში, სიცრუისა და მოტყუებულობის არეში, იყოს ქრისტეს მცნებების აღმსრულებელი, რომლებიც ჭეშმარიტებანია ჭეშმარიტებისაგან — ქრისტესგან? სიცრუისადმი თანამგრძნობი, ტყუილით დამტკბარი, თავის თავში სიცრუის შემთვისებელი, სულში სიცრუესთან შეერთებული, შეძლებს კი თანაუგრძნოს ჭეშმარიტებას? არა! მას სძულს იგი, ხდება მისი გაშმაგებული მტერი და მდევნელი.
როგორი იქნება თქვენი მდგომარეობა, უიღბლო მეოცნებეებო, თქვენს თავზე მგონებელნო, რომ გაიარეთ მიწიერი ცხოვრება, ღმერთისგან გულში ჩაკრულებმა, როდესაც განგგმირავთ მხსნელის გამონათქვამი: „არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მთ. 7:23).
ჩემო ნამდვილო მეგობარო ქრისტეში! მიდი უფალ იესო ქრისტესთან, მიუახლოვდი მას სახარებისეული მცნებების გზით; მათით შეიცანი იგი; მათი აღსრულებით გამოხატე და დაამტკიცე შენი სიყვარული უფალ იესოსადმი. იგი თავად გაგიცხადებს თავის თავს, გაგიცხადებს იმ დღესა და საათს, რომელიც მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. ამ გამოცხადებასთან ერთად ჩაღვრის შენს გულში გამოუთქმელ სიყვარულს თავისი თავისადმი. ღვთაებრივი სიყვარული არ არის რაღაც, საკუთრივ დაცემული ადამიანის საკუთრება: იგი — სული წმინდის ნიჭია (რომ. 5:5), გამოგზავნილი მხოლოდ ღმერთის მიერ ჭურჭლებში, რომლებიც სინანულითაა განწმენდილი, სიმდაბლისა და მთელცნობობის ჭურჭლებში.
მიანდე თავი უფალს, და არა შენს თავს: ეს გაცილებით საიმედოა. იგი — შენი შემოქმედია. როდესაც მწარე დაცემულობის მსხვერპლი გახდი, მან შენთვის მიიღო ადამიანობა, შენთვის თავისი თავი მისცა სატანჯველად, შენთვის დაღვარა თავისი სისხლი, თავისი ღვთაებრიობა მოგაწოდა: კიდევ რას აღარ გააკეთებს იგი შენთვის? მოემზადე მისი საჩუქრებისთვის თავის განწმენდით: ესაა შენი საქმე. ამინ.
- წმინდა პეტრე დამასკელის, წიგნი პირველი, სათაური „მეოთხე ხედვის შესახებ“. სათნოებ, ნაწ. 3.
- იოანე კარპ. თავიг 49. სათნოებ. ნაწ. 4
- წმინდა გრიგოლის თავი СХХVIII. სათნოებ. ნაწ. 1.