თავი 3
Previousსინანულის შესახებ.
„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მკ. 1:15, მთ. 4:17). ასეთი იყო ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. ამავე სიტყვებს აქამდე წარმოთქვამს იგი ჩვენ მიმართ სახარების მეშვეობით.
როდესაც ცოდვა უმეტესად გაძლიერდა სამყაროში, — ჩამოვიდა ყოვლადძლიერი ექიმი ამ სოფლად. იგი ჩამოვიდა გამოძევების ქვეყანაში, ქვეყანაში ჩვენი ტანჯვისა და ვნებისა, რომლებიც წინამორბედია ჯოჯოხეთში მარადიული წამებისა, ახარებს ხსნას, ნუგეშს, კურნებას ყოველ ადამიანის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. „შეინანეთ!“
სინანულის ძალა დაფუძნებულია ღვთის ძალაზე: ექიმი ყოვლისშემძლეა, — და მისი მოცემული კურნებაც ყოვლისშემძლეა.
მაშინ — დედამიწაზე თავისი ქადაგების დროს — უფალი კურნებისთვის მოუწოდებდა ყველა ცოდვით სნეულს, არც ერთ ცოდვას მიიჩნევდა უკურნებლად. და ახლაც, იგი აგრძელებს ყველას მოწოდებას, აღუთქვამს და ჩუქნის ყოველგვარი ცოდვის მიტევებას, ყოველგვარი ცოდვისმიერი სნეულების კურნებას.
ო, მიწიერო მოგზაურნო! ო, თქვენ ყველა, რომლებიც მიისწრაფით ან მიიზიდებით ფართო გზისაკენ, დაუდუმებელ ხმაურში მიწიერი საზრუნავების, თავშესაქცევებისა და გართობისა, ყვავილებში, რომლებიც მჩხვლეტავ ეკლებშია შერეული, რომლებიც მიისწრაფით ამ გზაზე დასასრულისკენ, რომელიც ყველასთვის ნაცნობია და ყველასგან მივიწყებული — ბნელი სამარისაკენ, კიდევ უფრო ბნელი და საშინელი მარადისობისაკენ, შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის მომხიბლაობა, რომელიც თქვენ გამუდმებით გამყოფებთ ტყვეობაში! ყური დაუგდეთ იმას, რასაც გაუწყებთ თქვენ მხსნელი, მიაქციეთ სათანადო ყურადღება მის სიტყვებს! „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“, გეუბნებათ იგი თქვენ, „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.“
თქვენ, მიწიერო მოგზაურებო, უკიდურესად გესაჭიროებათ მიაქციოთ სრული ყურადღება ამ არსებითად სასარგებლო, მხსნელ შეგონებას: სხვაგვარად თქვენ მიაღწევთ სამარეს, მიაღწევთ მარადისობის კიდესა და კარიბჭეს, ვერ მოიპოვებთ ვერავითარ სწორ წარმოდგენას მარადისობაზე, ვერც მასში შემსვლელისთვის საჭირო მოვალეობებზე, მასში საკუთარი თავებისთვის მხოლოდ სამართლიან სატანჯველებს გაიმზადებთ თქვენი ცოდვების გამო. ცოდვებს შორის უმძიმესია მხსნელის სიტყვების მიმართ უყურადღებობა, მხსნელის უგულებელყოფა. „შეინანეთ!“
მლიქვნელურია, მომატყუებელია მიწიერი ცხოვრების გზა: დამწყებთ ის წარმოუდგებათ, როგორც უსასრულო სარბიელი, აღსავსე სინამდვილით; მისი დამასრულებლებს — როგორც ყველაზე მოკლე გზა, რომელსაც ცარიელი სიზმრები აქვს შემოვლებული. „შეინანეთ!“
დიდებაცა და სიმდიდრეც, და ყველაფერი სხვა ხრწნადი შენაძენი და უპირატესობა, რომელთა მოსახვეჭად იყენებს მთელ მიწიერ ცხოვრებას, სულისა და სხეულის მთელ ძალებს, დაბრმავებული ცოდვილი, მან უნდა დატოვოს იმ წუთებში, რომელშიც ძალდატანებით ეხდება სულს მისი სამოსი — სხეული, როდესაც სული მიიყვანება ულმობელი ანგელოზების მიერ მართალი ღვთის სამსჯავროზე, მისთვის უცნობზე, მის მიერ უგულებელყოფილზე. „შეინანეთ!“
შრომობს, ჩქარობს ხალხი გამდიდრდეს შემეცნებებით, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო შემეცნებებით, გამოსადეგარით მხოლოდ დროებით, რომლებიც ხელს უწყობს მიწიერი სიცოცხლის საჭიროებების, კომფორტებისა და ახირებების დაკმაყოფილებას. შემეცნებასა და საქმეს, რომლებიც არსებითადაა საჭირო, მხოლოდ რომელთათვისაც ნაჩუქარი გვაქვს მიწიერი სიცოცხლე — ღვთის შემეცნება და მასთან შერიგება გამომხსნელის მეშვეობით — ჩვენ საკმაოდ არად ვაგდებთ. „შეინანეთ!“
ძმებო! მოდით, შევხედოთ მიუკერძოებლად, სახარების შუქზე, ჩვენს მიწიერ ცხოვრებას. იგი უმნიშვნელოა! ყველა მისი სიკეთე სიკვდილის მიერ წაგვერთმევა, ხოლო ხშირად სიკვდილზე გაცილებით ადრეც სხვადასხვა მოულოდნელი გარემოებების მეშვეობით. არ არის ღირსი ეს ხრწნადი, ასე სწრაფად გაქრობადი სიკეთენი, იწოდებოდეს სიკეთეებად! ისინი უფრო ზუსტად ტყუილებია, ბადეებია. ჩაფლულნი ამ ბადეებში, და მათში გახლართულნი, რჩებიან ჭეშმარიტი, მარადიული, ზეციური, სულიერი სიკეთეების გარეშე, რომლებიც მოიპოვება ქრისტეს რწმენითა და მისი გაყოლით საიდუმლოებრივ გზაზე სახარებისეული ცხოვრებისა. „შეინანეთ!“
როგორ საშინელ სიბრმავეში ვართ ჩვენ! როგორ აშკარად დასტურდება ამ სიბრმავით ჩვენი დაცემულობა! ჩვენ ვხედავთ ჩვენი ძმების სიკვდილს; ჩვენ ვიცით, რომ ჩვენც, უსათუოდ, და შესაძლოა ძალიან მალე, მოგველის იგი, იმიტომ, რომ ადამიანთა შორის არც ერთი დარჩენილა დედამიწაზე უკუნისამდე; ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალთ სიკვდილამდეც კი უმუხთლებს ხოლმე მიწიერი კეთილდღეობა, რომ ხშირად გადაიქცევა ხოლმე იგი ბედუკუღმართობად, რომელიც ჰგავს ყოველდღიურ სიკვდილის გემებას. მიუხედავად ამ, თავად გამოცდილების ამდენად აშკარა მოწმობისა, ჩვენ დავდევთ მხოლოდ დროებით სიკეთეებს, თითქოს იყვნენ მუდმივნი, მარადიულები. მხოლოდ მათზეა მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება! დავიწყებულია ღმერთი! დავიწყებულია დიდებული და ამავე დროს მრისხანე მარადისობა! „შეინანეთ!“
გვიმტყუნებს, ძმებო, უთუოდ გვიმტყუნებს ჩვენ ყველა ხრწნადი სიკეთე: მდიდრებს უმტყუნებს მათი სიმდიდრე, დიდებულებს მათი დიდება, ახალგაზრდებს მათი ახალგაზრდობა, ბრძენებს მათი სიბრძნე. მხოლოდ ერთადერთი მარადიული, არსებითი სიკეთე შეიძლება მოიხვეჭოს ადამიანმა მიწიერი მოგზაურობისას: ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება, შერიგება და შეერთება ღმერთთან, რომლებსაც ჩუქნის ქრისტე. მაგრამ ამ უმაღლესი სიკეთეების მისაღებად საჭიროა ცოდვილი ცხოვრების მიტოვება, საჭიროა მისი შეძულება. „შეინანეთ!“ „შეინანეთ!“ რას ნიშნავს შენანება? ნიშნავს: საკუთარი ცოდვების აღიარებას, მონანიებას, საკუთარი ცოდვების მიტოვებას — პასუხობდა რომელიღაც წმინდა მამა ასეთ კითხვაზე — და მეტად უკვე აღარ დაბრუნებას მათთან1. ასეთნაირად ბევრი ცოდვილი გარდაიქცა წმინდანად, ბევრი ურჯულო მართლად. „შეინანეთ!“, განიშორეთ თქვენგან არა მხოლოდ აშკარა ცოდვები — მკვლელობა, ქურდობა, სიძვა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ დამღუპველი გართობაც და სხეულის სიამოვნებაც და დანაშაულებრივი ოცნებაცა და უკანონო ფიქრებიც — ყველაფერი, ყველაფერი რაც სახარების მიერ იკრძალება. ყოფილი და ცოდვილი ცხოვრება ჩამოიბანეთ გულწრფელი სინანულის ცრემლებით.
არ უთხრა საკუთარ თავს გულგატეხილობითა და სულიერი დაუძლურებულობით: „მე ჩავვარდი მძიმე ცოდვებში; ხანგრძლივი ცოდვიანი ცხოვრებით მე მოვიხვეჭე ცოდვილი ჩვევები: ისინი დროდადრო გადაიქცნენ, თითქოს, ბუნების თვისებებად, ჩემთვის სინანული შეუძლებელი გახადეს“2. ამ პირქუშ აზრებს შთაგაგონებს შენი მტერი, ჯერ კიდევ შენ მიერ შეუმჩნეველი და შენთვის გაუგებარი3: მან იცის სინანულის ძლევამოსილების შესახებ, მას ეშინია, რომ სინანულმა არ გამოსტაცოს შენი თავი მისი ძალაუფლებისგან, — და ცდილობს განგაყენოს სინანულს, იმით, რომ მიაწერს ღვთის ყოვლისშემძლე კურნებას უძლურებას.
სინანულის დამდგენი შენი შემოქმედია, შენი შემქმნელი არაფრისგან. მით უფრო ადვილად შეუძლია მას ხელახლა შეგქმნას შენ, გარდაქმნას შენი გული: გახადოს ღვთისმოყვარული გული ცოდვის მოყვარული გულისაგან, გახადოს სუფთა, სულიერი, წმინდა გული, გრძნობითი, ხორციელი, ბოროტგანმზრახველი, ავხორცი გულისგან.
ძმებო! შევიცნოთ გამოუთქმელი სიყვარული ღვთისა დაცემული ადამიანთა მოდგმის მიმართ. უფალი განკაცდა, რათა განკაცების მეშვეობით თავისთვის შესაძლებელი გაეხადა თავის თავზე აეღო სატანჯველები, რომლებიც ადამიანებმა დაიმსახურეს, და ყოვლადწმინდის ტანჯვით გამოესყიდა დამნაშავენი ტანჯვისგან. რამ მოიზიდა იგი აქ, ჩვენთან, დედამიწაზე ჩვენი გამოდევნის ქვეყანაში? ნუთუ ჩვენმა სიმართლეებმა? არა! იგი მოიზიდა ჩვენთან იმ გაჭირვებულმა მდგომარეობამ, რომელშიც ჩაგვყარა ჩვენმა ცოდვილობამ.
ცოდვილნო! გავმხნევდეთ. ჩვენთვის, სწორედ ჩვენთვის, უფალმა აღასრულა დიდებული საქმე თავისი განკაცებისა; ჩვენს სნეულებებს მოხედა მან მიუწვდომელი მოწყალებით. შევწყვიტოთ მერყეობა! შევწყვიტოთ გულგატეხილობა და დაეჭვება! რწმენით, გულმოდგინებითა და მადლიერებით აღვსილები შევუდგეთ სინანულს: მისი მეშვეობით შევურიგდეთ ღმერთს. „და უშჯულომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.“ (ეზეკ. 18:21–22). ასეთ აღთქმას აძლევს ღმერთი ცოდვილს, თავისი დიდებული წინასწარმეტყველის პირით.
შევესატყვისოთ, ჩვენი სუსტი ძალებით, უფლის დიდებულ სიყვარულს ჩვენდამი, როგორც შეუძლიათ შეესატყვისონ შემოქმედის სიყვარულს მის ქმნილებებს, თანაც დაცემულ ქმნილებებს: შევინანოთ! შევინანოთ არა მხოლოდ ბაგეებით; დავამოწმოთ ჩვენი სინანული არა მხოლოდ ცოტაოდენი, ხანმოკლე ცრემლებით, არა მხოლოდ გარეგნული მონაწილეობით საეკლესიო ღვთისმსახურებაში, საეკლესიო წეს-ჩვეულებების აღსრულებით, რომლითაც კმაყოფილდებოდნენ ფარისეველები. გამოვიღოთ ცრემლებთან, გარეგნულ ღვთისმოსავობასთან ერთად, ნაყოფიც ღირსი სინანულისა: შევცვალოთ ცოდვილი ცხოვრება სახარებისეული ცხოვრებით.
„რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?“ (ეზეკ. 18:31). რატომ იღუპებით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო მარადიული სიკვდილით? რატომ ივსება თქვენით ჯოჯოხეთი, თითქოს არ ყოფილიყოს დადგენილი ქრისტეს ეკლესიაში ყოვლისშემძლე სინანული? მიცემულია ეს უსასრულოდ კეთილი ძღვენი ისრაელის სახლისათვის — ქრისტიანთათვის — და ცხოვრების რა დროც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს ცოდვები, იგი მოქმედებს ერთნაირი ძალით: განწმენდს ყოველგვარ ცოდვას, იხსნის ყველას, ვინც მიმართავს ღმერთს, თუნდაც ეს იყოს უკანასკნელი, სიკვდილისწინა წუთები.
„რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?“ იმის გამო იღუპებიან საბოლოოდ ქრისტიანები სამარადისო სიკვდილით, რომ მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული არიან მხოლოდ ნათლობის აღთქმების დარღვევით, მხოლოდ ცოდვისადმი მსახურებით, ისინი იღუპებიან იმის გამო, რომ ღვთის სიტყვას არ აქცევენ ცოტაოდენ ყურადღებასაც კი, რომელიც მათ სინანულის შესახებ ეუწყებათ. თვით სიკვდილის წინა წუთებშიც კი მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ყოვლისშემძლე სინანულის ძალა! არ შეუძლიათ გამოიყენონ, იმიტომ, რომ ქრისტიანობაზე მიიღეს არანაირი წარმოდგენა, ან მიიღეს ძალიან არასაკმარისი და უთავბოლო წარმოდგენა, რომელიც უნდა იწოდებოდეს, უფრო სწორედ, სრულ უცოდინრობად, ვიდრე რამენაირ შემეცნებად.
„ცხოველ ვარ მე, - იტყჳს… უფალი“ — თითქოს იძულებული გააძლიეროს დარწმუნებულობა ურწმუნოთა წინაშე, და აღძრას ყურადღება უყურადღებოებში — „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს… უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი… რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?“ (ეზეკ. 33:11).
უწყოდა ღმერთმა ადამიანთა უძლურება, უწყოდა, რომ ისინი ნათლობის შემდეგაც გააგრძელებდნენ ცოდვებში ჩაცვენას: ამ მიზეზით მან დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლოება, რომლითაც განიწმინდება ცოდვები, ჩადენილნი ნათლობის შემდეგ. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უძღვოდეს ქრისტეში ნათლობას; ნათლობის შემდეგ კი იგი ასწორებს ქრისტესადმი მორწმუნისა და ქრისტეში მონათლულის მოვალეობების დარღვევებს.
როდესაც მრავალი იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან ჩამოდიოდა იოანესთან, სინანულის მქადაგებელთან, იორდანეში მოსანათლად, მაშინ აღიარებდა მასთან თავის ცოდვებს, — აღიარებდა არა იმიტომ, აღნიშნავს რომელიღაც წმინდა მწერალი4, რომ წმინდა ნათლისმცემელს სჭირდებოდა სცოდნოდა მასთან მიმსვლელთა ცოდვები, არამედ იმიტომ, რომ მათი სინანულის სიმტკიცისათვის საჭირო იყო ცოდვებში ჩაცვენის გამო დანანების გრძნობისთვის ცოდვების აღიარების შეერთება.
სული, რომელმაც იცის, რომ იგი ვალდებულია აღიაროს თავისი ცოდვები — ამბობს იგივე წმინდა მამა, — თვით ამავე აზრით, როგორც აღვირით, კავდება უწინდელი ცოდვების გამეორებისგან; ამის საპირისპიროდ, უღიარებელი ცოდვები, როგორც წყვდიადში აღსრულებულნი, ადვილად მეორდება.
ცოდვების აღიარებით წყდება ცოდვებთან მეგობრობა. ცოდვებისადმი სიძულვილი — ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, — გადაწყვეტილებისა, ცხოვრების სათნოდ წარსამართავად.
თუ შენ მოიპოვე ცოდვებისადმი ჩვევა, მაშინ გაახშირე მათი აღსარება, — და მალე გათავისუფლდები ცოდვების ტყვეობისგან, ადვილად და მხიარულად შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.
ვინც გამუდმებით ღალატობს თავის მეგობრებს, მისთვის მეგობრები მტრები ხდებიან, შორდებიან მას, როგორც მოღალატეს, რომელიც მათს უეჭველ დაღუპვას ეძიებს: ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, მისგან ისინი განეშორებიან, იმიტომ, რომ ცოდვები ეფუძნებიან და ემაგრებიან დაცემული ბუნების სიამაყეს, ვერ იტანენ მხილებასა და სირცხვილს.
ვინც სინანულის იმედად თავს ნებას რთავს ნებაყოფლობით და განზრახ შესცოდოს, იგი ღმერთთან მიმართებაში ვერაგულად იქცევა. ნებაყოფლობით და განზრახ შემცოდეს, სინანულის იმედად, ამარცხებს მოულოდნელად სიკვდილი, და არ ეძლევა მას დრო, რომელსაც იგი ვარაუდობდა, მიეძღვნა სათნოებისთვის5.
აღსარების საიდუმლოებით გადაჭრით განიწმინდება ყველა ცოდვა, ჩადენილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან წარიხოცოს ცოდვილი ჩვევები, მასში დიდი ხნის განმავლობაში ფესვგადგმული, საჭიროა დრო, საჭიროა გამუდმებული მყოფობა სინანულში. გამუდმებული სინანული მდგომარეობს გამუდმებულ სულის შემუსვრილებაში, ბრძოლაში გულისთქმებსა და შეგრძნებებთან, რომლებითაც თავს ამჟღავნებს გულში დაფარული ცოდვილი ვნება, ხორციელი გრძნობებისა და კუჭის ალაგმვაში, მდაბალ ლოცვაში, ხშირ აღსარებაში.
ძმებო! ჩვენ დავკარგეთ ნებაყოფლობითი ცოდვით წმინდა უბიწოება, ხელშეუვალი არა მარტო ცოდვილი საქმის მიმართ, არამედ ბოროტების შეცნობის მიმართაც, — უბიწოება, რომლის სულიერ ბრწყინვალებაშიც ჩვენ გავჩნდით ყოფიერებაში შემოქმედის ხელთაგან. ჩვენ დავკარგეთ ის უბიწოებაც, რომელიც მივიღეთ ნათლობის საშუალებით ხელახლა შექმნისას; ჩვენ ცხოვრების გზაზე დავალაქავეთ სხვადასხვა ცოდვით ჩვენი შესამოსლები, გათეთრებული გამომსყიდველის მიერ. დაგვრჩა ჩვენ კიდევ ერთი წყალი განსაბანად — სინანულის წყალი. რა მოხდება ჩვენს თავს, როდესაც უგულებელვყოფთ ამ განბანასაც? მოგვიწევს წარვუდგეთ ღმერთს ცოდვისგან გაუსახურებული სულებით, — და მრისხანედ შეხედავს იგი შებღალულ სულს, გაასამართლებს მას გეენიის ცეცხლისათვის.
„განიბანენით, — ეუბნება ღმერთი ცოდვილებს — წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა. და მოვედით და შევიტყუნეთ“. რითიღა მთავრდება ეს ღვთის სამსჯავრო, სინანულის სამსჯავრო, რომელზეც ღმერთი გამუდმებით მოუხმობს ცოდვილს, მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში? როდესაც ადამიანი გააცნობიერებს თავის ცოდვებს, გადაწყვეტს გულწრფელ სინანულსა და გამოსწორებას, მაშინ წყვეტს ღმერთი თავის მსჯავრს შემდეგი გადაწყვეტილებით: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ეს. 1:16,18).
თუკი ქრისტიანი უგულებელყოფს ამ უკანასკნელ, ღვთის მრავალმოწყალე მოწოდებას: მაშინ მას ღვთისაგან ეუწყება საბოლოო დაღუპვა. „სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ, — ამბობს მოციქული, — სინანულად მოგიყვანებს შენ“ (რომ. 2:4). ღმერთი ხედავს შენს შეცოდებებს: იგი მრავლის მომთმენად უყურებს შეცოდებებს, რომლებიც აღესრულება შენ მიერ მისი მზერის წინაშე, შეცოდებათა ჯაჭვს, რომელთა ნაკრებსაც შეადგენს მთელი შენი სიცოცხლე; იგი მოელის შენს სინანულს, და ამასთან შენს თავისუფალ ნებას მიანდობს ან შენი ხსნის ან დაღუპვის არჩევას. ღვთის სიკეთესაცა და მრავალმთმენობასაც შენ ბოროტად იყენებ! შენში არ არის გამოსწორება! შენი დაუდევრობა ძლიერდება! ძლიერდება შენში უგულებელყოფა ღვთისა და შენი საკუთარი, მარადიული ხვედრისა! შენ ზრუნავ მხოლოდ შენი ცოდვების გამრავლებისთვის, ამატებ უწინდელ შეცოდებებს ახალ და უარეს ცოდვებს! „შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღმრთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას: მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას. ჭირი — მარადიული — და ვიწროება — მარადიული — ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს“ (რომ. 2:5–9). ამინ.
- პიმენ დიდი. იხ. სკიტის პატერიკი.
- ღირსი მაკარი დიდი, სიტყვა 7, თავი 2.
- ღირსი მაკარი დიდი, სიტყვა 7, თავი 2.
- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. სიტყვა 4.
- ისააკ ასური. სიტყვა 90.