Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 2

Previous

უფალი ჩვენი იესო ქრისტეს გაყოლაზე

„უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ“; (ინ. 12:26), თქვა უფალმა. ყოველმა ქრისტიანმა, აღთქმებით, რომლებიც წარმოთქვა წმინდა ნათლისღებისას, თავის თავზე აიღო მოვალეობა, ყოფილიყო მონა და მსახური უფლისა იესო ქრისტესი: უფალი იესო ქრისტეს გაყოლა უსათუოდ აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის.

უწოდა რა თავის თავს ცხვრების მწყემსი, უფალმა თქვა, რომ „ცხვრები ამ მწყემსის, ჴმისა… ისმინიან,… და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.“ (ინ. 10:3–4). ქრისტეს ხმა — სწავლებაა მისი; ქრისტეს ხმა — სახარებაა; ქრისტეს კვალზე სვლა მიწიერი მოგზაურობის გზაზე — საქმიანობა, მთლიანად მიმართული მისი მცნებების მიხედვით.

რათა გაყვე ქრისტეს, უნდა უწყოდე მისი ხმა. შეისწავლე სახარება, და შეძლებ შენი ცხოვრებით ქრისტეს მიდევნას.

ვინც, ხორციელად შობილი, შევა „მეორედ შობისაჲთა“ (ტიტ. 3:5) წმინდა ნათლობის მეშვეობით, და შეინარჩუნებს ნათლობით მოგვრილ მდგომარეობას, სახარების მიხედვით ცხოვრების მეშვეობით: იგი „ცხონდეს“. იგი „შევიდეს“ მიწიერი ცხოვრების ღვთივსათნო ასპარეზზე სულიერი შობით, „და გამოვიდეს“ ამ ასპარეზიდან ნეტარი აღსასრულით, და მარადისობაში მარადიული, უუხვესი, უტკბესი სულიერი „საძოვარი პოვოს“ (ინ. 10:9).

„უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.“ (ინ. 12:26). სად იმყოფებოდა უფალი, როცა მან წარმოთქვა ეს სიტყვები? ღვთაებასთან შეერთებული ადამიანობით, იგი იმყოფებოდა ადამიანთა შორის, დედამიწაზე, მათი განდევნისა და ტანჯვის ჭირ-ვარამში, ღვთაებრიობით კი იმყოფებოდა იქაც სადაც იყო დაუსაბამო დასაბამიდან. „სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“ (ინ. 1:1) და ღმერთში. ამ სიტყვამ იუწყა თავისი თავის შესახებ: „მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა“ (ინ. 10:38). იქ აღწევს ქრისტეს მიმდევარიც: „რომელმან აღიაროს“ ბაგეებით, გულითა და საქმეებით „ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1ინ. 4:15).

„უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.: რომელმან სძლოს“ ამა სოფელსა და ცოდვას, ჩემს მიმდევარს მიწიერ ცხოვრებაში, „მივსცე“ საუკუნო სიცოცხლეში „დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა“ (გამოცხ. 3:21).

ამა სოფლის უარყოფა წინ უძღვის ქრისტეს გაყოლას. მეორეს სულში არ ექნება ადგილი, თუ არ აღსრულდება მასში წინასწარ პირველი. „რომელსა უნებს — თქვა უფალმა, — შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი“ (მკ. 8:34–35). „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლკ. 14:26–27).

ბევრი მიეახლება უფალს — ცოტანი გადაწყვეტენ ხოლმე მის შედგომას. ბევრი კითხულობს სახარებას, ტკბება, აღტაცებაში მოდის მისი სწავლების სიდიადითა და სიწმინდით, — ცოტა გადაწყვეტს ხოლმე მიმართოს თავისი ქმედებები იმ წესების მიხედვით, რომელსაც აკანონებს სახარება. უფალი, ყველა მასთან მიმსვლელს და მასთან შეთვისების მსურველს განუცხადებს: „რომელი მოვალს ჩემდა“ და არ უარყოფს ამა სოფელსა და თავის თავს „ვერ ჴელ–ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“.

„ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“, ამბობდნენ მხსნელის სწავლებაზე ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც გარეგნულად იყვნენ მისი მიმდევრები, და ითვლებოდნენ მის მოწაფეებად: „ვის ჴელ–ეწიფების სმენად მისა?“ (ინ. 6:60). ასე განსჯის ღმრთის სიტყვის შესახებ ხორცის ზრახვა თავისი გაჭირვებული განწყობილებიდან. სიტყვა ღმრთისა არის „ცხორება“ (ინ. 6:63), საუკუნო სიცოცხლე, არსებითი სიცოცხლე. ამ სიტყვით მოკვდინდება „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ“ (რომ. 8:6), რომელიც იშვება მარადიული სიკვდილისგან, რომელიც ადამიანებში სამუდამო სიკვდილს ინარჩუნებს: სიტყვა ღვთისა, ხორცის ზრახვით დაღუპულებისა და მათთვის ვინც ნებას რთავს დაიღუპონ მისგან „სიცოფე არს“. იგი „ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს“ (1კორ. 1:18).

ცოდვა იმდენად შეგვეთვისა დაცემის მეშვეობით, რომ ყველა თვისება, სულის ყველა მოძრაობა გაჟღენთილია მისით. ცოდვის უარყოფა, რომელიც დაენათესავა სულს, გადაიქცა სულის უარყოფად. ასეთი უარყოფა სულისა აუცილებელია სულის სახსნელად. ბუნების უარყოფა, რომელიც წაბილწულია ცოდვით, აუცილებელია იმ ბუნების შეთვისებისათვის, რომელიც განახლებულია ქრისტეს მიერ. ჭურჭლიდან მთელ საკვებს ყრიან, როცა იგი საწამლავითაა მოწამლული; ჭურჭელს საგულდაგულოდ რეცხავენ, უკვე ამის შემდეგ ათავსებენ მასში საკვებს, რომელიც განკუთვნილია მოხმარებისათვის. შხამით მოწამლული საკვები, სრულიად სამართლიანად თავადაც იწოდება შხამად.

ქრისტეს რომ შევუდგეთ, წინასწარ უარვყოთ ჩვენი გონება და ჩვენი ნება. დაცემული ბუნების გონებაცა და ნებაც საკმაოდ დაზიანებულია ცოდვით; ისინი ვერანაირად შეურიგდებიან ღვთის გონებასა და ნებას. საკუთარ თავში ღვთის გონების შეთვისების შემძლებელი გახდება ის, ვინც უარყოფს საკუთარ გონებას; ღმრთის ნების აღსრულების შემძლებელი გახდება ის, ვინც უარყოფს თავისი ნების აღსრულებას.

რათა გავყვეთ ქრისტეს, „ავიღოთ ჯვარი თჳსი“. საკუთარი ჯვრის აღებად იწოდება ღმრთის მსჯავრის ნებაყოფლობითი ღვთისმოშიში მორჩილება, ყველა მწუხარებაში, რომელიც ღვთის განგებულებითაა მოვლენილი და დაშვებული. დრტვინვა და გულისწყრომა განსაცდელებსა და თავდასხმებში არის ჯვრის უარყოფა. ქრისტეს გაყოლას შეძლებს მხოლოდ „ამღები თავისი ჯვრისა“: ღვთის ნების მორჩილი, ვინც სიმდაბლით აღიარებს თავის თავს სამსჯავროს, გასამართლების, სასჯელის ღირსად.

უფალი, რომელმაც მცნებად მოგვცა თავის უარყოფა, უარყოფა ამა სოფლისა და ტარება ჯვრისა, გვაძლევს ძალას, შევასრულოთ მისი მცნებები. ვინც გადაწყვიტა ამ მცნების შესრულება და ვინც ცდილობს მის შესრულებას, დაუყოვნებლივ დაინახავს მის აუცილებლობას. სწავლება, რომელიც წარმოდგენილი როგორც სასტიკი, ზედაპირული და მცდარი შეხედულებით ხორცის ზრახვიდან გამომდინარე, აღმოჩნდება ყველაზე გონივრული, აღსავსე სიკეთით: ის მოუწოდებს დაღუპულებს ხსნისკენ, მოკლულებს — სიცოცხლისკენ, ჯოჯოხეთში დამარხულებს — ზეცისკენ.

ვინც არ გადაწყვეტენ თავისი თავისა და ამა სოფლის ნებაყოფლობით უარყოფას, ძალდატანებით იიძულებიან შეასრულონ ერთიცა და მეორეც. როცა მოვა ულმობელი და უცილობელი სიკვდილი: მაშინ ისინი განეშორებიან ყველაფერს, რაზეც იყვნენ მიჯაჭვულნი: საკუთარი თავის უარყოფას განაგრძობენ იქამდეც, რომ იშორებენ თავიდან თავად საკუთარ სხეულსაც, ამხობენ მას, ტოვებენ მიწაზე მატლებისა და ხრწნის მიერ შესაჭმელად.

თავმოყვარეობა და დროებითსა და ამაოზე მიჯაჭვულობა არის თვითცდუნებულობის, დაბრმავებულობისა და სულიერი სიკვდილის ნაყოფები. თავმოყვარეობა არის საკუთარი თავის გაუკუღმართებული სიყვარული. უგუნური და დამღუპველია ეს სიყვარული. თავმოყვარე, ვნებიანად მიდრეკილი ამაოსა და წარმავალისადმი, ცოდვილი სიამოვნებებისადმი — მტერია საკუთარი თავისა. ის — თვითმკვლელია: ფიქრობს რა, რომ უყვარდეს საკუთარი თავი და აამოს მას, მას სძულს და ღუპავს საკუთარ თავს, კლავს მას მარადიული სიკვდილით.

მიმოვიხედოთ, გართობილებმა, დაბინდულებმა, ამაოებით მოტყუებულებმა! გონს მოვეგოთ ამაოებით აღტაცებულები, მის მიერ სწორი თვითშეფასების გარეშე დარჩენილები! თავი გავართვათ გამოცდილებებს, რომლებიც განუწყვეტლივ აღესრულებიან ჩვენს თვალთა წინაშე. აღსრულებული ჩვენ წინაშე, აუცილებლად, აღსრულდება ჩვენზეც.

მან, ვინც გამოიყენა მთელი ცხოვრება პატივის ძიებისათვის, წაიღო კი ის თავისთან მარადისობაში? განა არ დატოვა აქ ხმამაღალი ტიტულები, წარჩინებულობის ნიშნები, მთელი ბრწყინვალება, რომლითაც ის თავს გარშემოირტყამდა? განა არ წავიდა მარადისობაში მარტოოდენ ადამიანი მის საქმეებთან ერთად, ამქვეყნიური ცხოვრებისას ათვისებული ღირსებებით?

ის, ვინც გამოიყენა ცხოვრება სიმდიდრის მოსაპოვებლად, ვინც დააგროვა ბევრი ფული, შეიძინა მიწის ფართო სივრცეები თავის საკუთრებად, მოაწყო უხვი შემოსავლის მომცემი სხვადასხვა დაწესებულება, ცხოვრობდა ოქროთი და მარმარილოთი მბრწყინავ სასახლეებში, მიმოდიოდა შესანიშნავი ეტლებითა და ცხენებით, — წაიღო კი ეს მარადისობაში? არა! მან დატოვა ყველაფერი დედამიწაზე, და დაკმაყოფილდა სხეულის უკანასკნელი საჭიროებისთვის მიწის უმცირესი მონაკვეთით, რომელიც ერთნაირად ესაჭიროება, რომლითაც ერთნაირად კმაყოფილდება ყველა მკვდარი.

ვინც მიწიერი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული იყო სხეულის გართობითა და სიამოვნებებით, დროს ატარებდა მეგობრებთან თამაშებსა და სხვა გასართობებში, ნადიმობდა საუცხოო ტრაპეზით, — ჩამოშორდება საბოლოოდ თავად აუცილებლობით ცხოვრების ჩვეულ წესს. დგება სიბერის, ავადმყოფობის დრო და მათ შემდეგ – სულის სხეულისაგან განშორების საათი. მაშინ შეიცნობა, მაგრამ გვიან, რომ ახირებებისადმი და ვნებებისადმი მსახურება თვითცდუნებულობაა, რომ სიცოცხლე სხეულისა და ცოდვისთვის – ცხოვრებაა აზრის გარეშე.

მისწრაფება მიწიერი წარმატებისადმი, როგორი უცნაურია, როგორი საზარელია! ის ეძებს გაშმაგებით. როგორც კი იპოვის, ნაპოვნი ფასს კარგავს, და ძიება აღიძვრება ახალი ძალით. ვერაფერი აწინდელითაა იგი კმაყოფილი: იგი ცხოვრობს მხოლოდ მომავლით, მას სწყურია მხოლოდ ის, რაც არ აქვს. საწადელი საგნები იტყუებენ თავისთან მძებნელის გულს ოცნებითა და დაკმაყოფილების იმედით: შემცდარი, გამუდმებით მოტყუებული, იგი დასდევს მათ მიწიერი ცხოვრების ყველა სარბიელზე, სანამ არ შეიპყრობს მას მოულოდნელი სიკვდილი. როგორ და რითი აიხსნება ეს მაძიებლობა, ყველას რომ არაადამიანური გამცემივით ექცევა, და რომელიც ყველას ფლობს, ყველას ხიბლავს? — ჩვენს სულებში ჩარგულია მისწრაფება უსაზღვრო სიკეთეების მიმართ. მაგრამ ჩვენ დავეცით, და დაცემით დაბრმავებული გული ეძებს დროში და დედამიწაზე იმას, რაც არსებობს მარადისობასა და ზეცაში.

ხვედრი, რომელიც ეწიათ ჩემს მამებსა და ძმებს, მეწევა მეც. გარდაიცვალნენ ისინი: გარდავიცვლები მეც. დავტოვებ ჩემს კელიას, დავტოვებ მასში ჩემს წიგნებსაც, ჩემს ტანსაცმელებსაც, და ჩემს საწერ მაგიდასაც, რომელთანაც ბევრ საათს ვატარებდი; დავტოვებ ყველაფერს, რაც მესაჭიროებოდა ან მეგონა, მჭირდებოდა მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. გაიტანენ ჩემს სხეულს ამ კელიებიდან, რომლებშიც ვცხოვრობ, როგორც სხვა სიცოცხლისა და ქვეყნისაკენ მიმავალ კარიბჭეში; გაიტანენ ჩემს სხეულს, და მიაბარებენ მიწას, რომელმაც ადამიანის სხეულის საწყისობა გასწია. ზუსტად იგივე მოგელით თქვენც, ძმებო, რომლებიც კითხულობთ ამ სტრიქონებს. გარდაიცვლებით თქვენც: დატოვებთ დედამიწაზე ყველაფერ მიწიერს; მხოლოდ თქვენი სულებით შეაბიჯებთ მარადისობაში.

ადამიანის სული იხვეჭს თავისი საქმიანობის შესაბამის თვისებებს. როგორც სარკეში გამოისახება საგნები, რომლის მოპირდაპირედაც ის დაიდგმება: ისე სული აღიბეჭდება თავისი საქმიანობებისა და საქმეების შესაბამისი შთაბეჭდილებებით, თავისი მდგომარეობის შესაბამისად. უგრძნობი სარკიდან გამოსახულებები ქრება საგნების სარკიდან მოცილებისას; სიტყვიერ სულში შთაბეჭდილებები რჩება. ისინი შესაძლოა წაიშალოს და ჩანაცვლდეს სხვებით, მაგრამ ამისათვის საჭიროა შრომაცა და დროც. მისი სიკვდილის ჟამს შთაბეჭდილებები, რომლებიც მისი სულის საკუთრებას შეადგენს, რჩება მის საკუთრებად საუკუნოდ, ემსახურება ან მისი საუკუნო ნეტარების, ან მისი საუკუნო უბედურების საწინდრს.

„ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.“ (მთ. 6:24), უთხრა მხსნელმა დაცემულ ადამიანებს, რითაც გამოააშკარავა ადამიანთა წინაშე ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი მოსულნი არიან დაცემის შედეგად. ასე ექიმი უხსნის ავადმყოფს მდგომარეობას, რომელშიც ის მოსულია ავადმყოფობის შედეგად, და რომლის გაცნობიერებასაც თავად ავადმყოფი ვერ შეძლებს. ჩვენი სულიერი მოშლილობის გამო, ჩვენთვის ხსნისათვის აუცილებელია დროული თვითუარყოფა და ამა სოფლის უარყოფა. „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს.“ (მთ. 6:24).

გამოცდილებები გამუდმებით ამტკიცებენ ადამიანთა ზნეობრივი სნეულობისადმი იმ შეხედულების სამართლიანობას, რომელიც გამოხატა ყოვლადწმინდა ექიმმა ჩვენ მიერ მოყვანილ სიტყვებში, რომლებიც ნათქვამია გადამწყვეტი გარკვეულობით: ამაო და ცოდვილი სურვილების დაკმაყოფილებას ყოველთვის მოსდევს მისით გატაცება; გატაცებას მოჰყვება მონობა, მოკვდინება ყოველგვარი სულიერის მიმართ. ვინც საკუთარ თავს მიანებეს, გაყოლოდა სურვილებსა და ხორცის ზრახვას, მოიხიბლნენ მათით, დაემონნენ მათ, დაავიწყდათ ღმერთი და მარადისობა, ამქვეყნიური სიცოცხლე ამაოდ გალიეს, დაიღუპნენ მარადიული დაღუპვით.

შეუძლებელია ერთდროულად საკუთარი და ღვთის ნების აღსრულება: პირველის აღსრულებისას მეორის აღსრულება შეირყვნება, უწმაწური ხდება. როგორც კეთილსურნელოვანი ძვირადღირებული მირონი კარგავს თავის ღირსებას სიმყრალის უმნიშვნელო შერევისაგან. მხოლოდ მაშინ, აცხადებს ღმერთი დიდებული წინასწარმეტყველის მეშვეობით „კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ“, როდესაც ნებაყოფლობით „ისმინოთ ჩემი. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ“ (ეს. 1:19–20).

შეუძლებელია საღვთო გონების მოპოვება ხორცის ზრახვაში ყოფნისას. „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ, — თქვა მოციქულმა, — სიკუდილ არს,… ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ — მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.“ (რომ. 8:6–7). რა არის ხორცის ზრახვა? — აზროვნების სახე, წარმოქმნილი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ადამიანები დაცემის მეშვეობით არიან მოყვანილნი, რომელიც მათ მიმართავს იმოქმედონ დედამიწაზე ისე, თითქოს ისინი ყოფილიყვნენ მარადიულად მასზე, ყველაფერი ხრწნადისა და დროებითის განმადიდებელი, ღმერთის და ყველაფრის, რაც ღვთისთვის სათნოყოფას ეხება დამამცირებელი, წამრთმევი ადამიანებისათვის ხსნისა.

უარვყოთ ჩვენი სულები, მხსნელის ანდერძის მიხედვით, რათა შევიძინოთ ჩვენი სულები! ნებაყოფლობით უარვყოთ მანკიერი მდგომარეობა, რომელშიც ისინი მოყვანილი არის ნებაყოფლობითი ღვთის უარყოფით, რათა მივიღოთ განკაცებული ღვთისაგან განახლებული ადამიანური ბუნების წმინდა მდგომარეობა! ჩვენი ნება და დემონების ნება, რომელსაც დაემორჩილა და რომელსაც შეერწყა ჩვენი ნება, შევცვალოთ ღვთის ნებით, რომელიც ჩვენთვის განცხადებულია სახარებაში; ხორცის ზრახვა, რომელიც საერთოა დაცემული სულებისა და ადამიანებისათვის, შევცვალოთ საღვთო გონებით, რომელიც ანათებს სახარებიდან.

უარვყოთ ჩვენი ქონება, რათა მოვიპოვოთ შესაძლებლობა შევუდგეთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს! საკუთრების უარყოფა აღესრულება მასზე სწორი წარმოდგენის საფუძველზე. სწორი წარმოდგენას ნივთიერ ქონებაზე ვიღებთ სახარების მეშვეობით (ლკ. 16:1–31); ხოლო როცა ის მიიღება, მაშინ ადამიანური გონება უნებლიედ აღიარებს მის მთელ სისწორეს. ამქვეყნიური ქონება არ არის ჩვენი საკუთრება, როგორც შეცდომით ფიქრობენ ისინი, ვისაც ამ საკითხზე არასდროს უფიქრიათ: სხვაგვარად ის ყოველთვის იქნებოდა და ყოველთვის დარჩებოდა ჩვენად. ის გადადის ხელიდან ხელში, და ამით თავის თავზე თვითონვე მოწმობს, რომ გვეძლევა მხოლოდ დროებით მოსახმარად. ღმერთს ეკუთვნის ქონება; ადამიანი არის მხოლოდ მისი ვადიანი განმკარგავი. სანდო განმკარგავი სიზუსტით ასრულებს იმის ნებას, ვინც მას ანდო განსაკარგავი. და ჩვენ, როდესაც ვმართავთ ვადით მოცემულ ნივთიერ საკუთრებას, შევეცადოთ, ვმართოთ ის ღვთის ნების შესაბამისად. არ გამოვიყენოთ იგი ჩვენი ახირებებისა და ვნებების დაკმაყოფილების საშუალებად, ჩვენი მარადიული დაღუპვის საშუალებად: გამოვიყენოთ კაცობრიობის სასიკეთოდ, რომელიც ასე ბევრს საჭიროებს, რამდენად იტანჯება, გამოვიყენოთ იგი ჩვენი ხსნის საშუალებად. ქრისტიანული სრულყოფილების მსურველნი სრულადაც ტოვებენ მიწიერ მონახვეჭს (მთ.19:16–30); გადარჩენის მსურველებმა უნდა გასცენ მათთვის შეძლებისდაგვარი მოწყალება (ლკ.11:41), და მონახვეჭის ავად გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

უარვყოთ დიდებისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა! არ გამოვედევნოთ პატივსა და ხარისხებს, მათ მოსაპოვებლად არ გამოვიყენოთ დაუშვებელი და დამამცირებელი საშუალებები, რომლებიც დაკავშირებულია ღვთის რჯულის, სინდისისა და მოყვასის სიკეთის ფეხქვეშ გათელვასთან. ასეთი საშუალებები უმეტესად გამოიყენება ამქვეყნიური დიდებულების მოსაპოვებლად მის მძებნელთა მიერ. სიამაყით დაავადებულსა და მოხიბლულს, ადამიანური დიდების გაუმაძღარ მაძიებელს, ქრისტეს რწმენა არ ძალუძს: „ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად,“ უთხრა ქრისტემ მის თანამედროვე პატივმოყვარეებს, „დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ.“ (ინ. 5:44). თუკი ღვთის განგებულებამ გვარგუნა ჩვენ მიწიერ ძლევამოსილება და ძალაუფლებას: მაშინ გავხდეთ, მათი წყალობით, კაცობრიობის კეთილისმყოფელები. უარვყოთ სასტიკი შხამი, ასეთი საშიში ადამიანის სულისათვის: უგუნური და საზიზღარი ეგოიზმი, რომელიც მისით დაავადებულ ადამიანებს ცხოველებად და დემონებად გარდაქმნის, რომელიც აქცევს ამ ადამიანებს კაცობრიობის ჭირებად, მათივე თავებისათვის ბოროტმოქმედებად.

ყველაფერზე მეტად შევიყვაროთ ღვთის ნება; იგი ვამჯობინოთ ყველაფერს; ყველაფერი მისი საპირისპირო შევიძულოთ ღვთისმოშიში და ღვთისთვის სათნო სიძულვილით. როცა ამხედრდება ჩვენი ცოდვით დაზიანებული ბუნება სახარების სწავლების წინააღმდეგ, გამოვხატოთ სიძულვილი ბუნების მიმართ მისი სურვილებისა და მოთხოვნების უგულებელყოფით. სიძულვილის გამოხატვა რაც უფრო გადამწყვეტი იქნება, მით უფრო გადამწყვეტი იქნება გამარჯვება ცოდვასა და ბუნებაზე, რომელსაც ფლობს ცოდვა; მით უფრო სწრაფი და მტკიცე იქნება ჩვენი სულიერი წარმატება.

როცა ხალხი, ხორციელად ჩვენი ახლობლები, დააპირებენ განგვაყენონ ჩვენ ღვთის ნების მიდევნისაგან, გამოვიჩინოთ მათ მიმართ წმინდა სიძულვილი, იმის მსგავსი, როგორსაც იჩენენ მგლების წინააღმდეგ კრავები, რომლებიც მგლებად არ გარდაიქცევიან და რომლებიც მგლებისგან კბილებით არ იცავენ თავს1. ახლობლის მიმართ წმინდა სიძულვილი მდგომარეობს ღვთის მიმართ ერთგულების შენარჩუნებაში, არათანხმობაში ადამიანთა მანკიერ ნებასთან, თუნდაც ეს ადამიანები იყვნენ უახლოესი ნათესავები, მათგან მოყენებული შეურაცხყოფის დიდსულოვნად გადატანაში, მათი ხსნისათვის ლოცვაში — სულაც არა ავსიტყვაობასა და ავსიტყვაობის ერთგვაროვან ქმედებებში, რომლებითაც გამოიხატება სიძულვილი დაცემული ბუნებისა, ღვთის საწინააღმდეგო სიძულვილი.

„ნუ ჰგონებთ, — თქვა მხსნელმა, — ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული — დედისაგან თჳსისა და სძალი — დედამთილისაგან თჳსისა.“(მთ. 10:34–35). „მოვედ“ — განმარტავს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი მოყვანილ ღვთის სიტყვებს — „განყოფად“ ღვთისმოყვარეებისა ამა სოფლის მოყვარეებისგან; ხორციელებისა სულიერებისაგან; დიდებისმოყვარეებისა მდაბლებისაგან: „ღმერთს სათნო ეყოფა განყოფითა და ერთმანეთისაგან დაშორებით, როცა იგი აღესრულება მისი სიყვარულის გამო“2.

წინასწარმეტყველმა დედამიწას უწოდა ადგილი „მწირობისა ჩემისასა.“(ფს. 118:54), ხოლო თავის თავს მწირი და მასზე ხიზანი: „რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე“, თქვა მან თავის ღვთის მიმართ ლოცვაში, „და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი“(ფს. 38:13). აშკარა, თვალსაჩინო ჭეშმარიტებაა! ჭეშმარიტება, ადამიანებისაგან დავიწყებული, თავისი სიცხადის მიუხედავად! მე „მსხემ ვარ“ და დედამიწაზე: შემოვედი დაბადების მეშვეობით; გავალ სიკვდილის მეშვეობით. მე — „ხიზანი ვარ“ წუთისოფელში: გადმოსახლებული მასზე სამოთხიდან, სადაც მე შევბილწე და დავამახინჯე საკუთარი თავი ცოდვით. გადავსახლდები ამა სოფლიდანაც ამ ვადიანი გამოძევების ადგილიდანაც, რომელშიც მე მოთავსებული ვარ ჩემი ღმერთის მიერ, რათა გონს მოვიდე, განვიწმინდო ცოდვილობისგან, კვლავ გავხდე სამოთხეში ცხოვრების უნარის მქონე. შეუპოვარი, საბოლოო გამოუსწორებლობისათვის უნდა ჩავვარდე სამარადისოდ ჯოჯოხეთის ბნელ სანახებში. მე „მწირ“ ვარ ამ სოფელში: მოგზაურობას ვიწყებ აკვნიდან, ვამთავრებ სამარით: ვმოგზაურობ ასაკობრივად ბავშვობიდან მოხუცებულობამდე, ვმოგზაურობ სხვადასხვა მიწიერი გარემოებებისა და მდგომარეობების მიხედვით. მე „მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.“ ჩემი მამა-პაპანი იყვნენ მოგზაურები და ხიზნები დედამიწაზე: მასზე დაბადებით შებიჯების შემდეგ, ისინი გაქრნენ მისი პირისაგან სიკვდილით. გამონაკლისები არ ყოფილა: ადამიანთაგან არც-ერთი დარჩენილა სამუდამოდ წუთისოფელში. წავალ მეც. უკვე ვიწყებ გამგზავრებას, ძალებისგან გაღარიბებით, სიბერეს დამორჩილებით. წავალ, წავალ აქედან ჩემი შემოქმედისა და ღმერთის გარდაუვალი კანონისა და ძლევამოსილი განგებულების მიხედვით.

დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მოგზაურნი ვართ დედამიწაზე. მხოლოდ ამ დარწმუნებულობიდან შევძლებთ ჩვენ შეუცდომელი გაანგარიშება და განმგებლობა გავაკეთოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების მიმართ; მხოლოდ ამ დარწმუნებულობიდან შევძლებთ მივცეთ მას სწორი მიმართულება, გამოვიყენოთ ის ნეტარი მარადისობის მოსაპოვებლად, არა უსარგებლოსა და ამაოს მოსაპოვებლად, არა თავის დასაღუპად. დაგვაბრმავა და გვაბრმავებს ჩვენი დაცემულობა! და იძულებულნი ვართ ძალდატანებით, დიდი დროის განმავლობაში ვარწმუნოთ საკუთარი თავი უცხადეს ჭეშმარიტებებში, რომლებიც თავიანთი სიცხადის გამო არ საჭიროებენ დარწმუნებულობას.

მოგზაური როცა გაჩერდება გზაში, მოგზაურთა მიმღებ სახლში, არ აქცევს ამ სახლს განსაკუთრებულ ყურადღებას. რა საჭიროა ყურადღება, როდესაც ის შეფარებულია სახლში უხანმოკლესი დროით? ის კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რაც აუცილებელია; ცდილობს არ დახარჯოს ფული, რომელიც მას სჭირდება გზის გასაგრძელებლად და იმ დიდ ქალაქში თავის სარჩენად, რომელშიც იგი მიემართება; ნაკლულოვანებებსა და უხერხულობებს ითმენს დიდსულოვნად, ცოდნით, რომ ისინი შემთხვევითობებია, რომლებიც ეწვევა ყველა მოგზაურს, რომ დაურღვეველი სიმშვიდე ელოდება მას იმ ადგილზე, რომლისკენაც ის ისწრაფვის. არ ეჯაჭვება იგი გულით არც-ერთ საგანს სასტუმროში, როგორი მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს საგანი. არ კარგავს იგი დროს გარეშე საქმიანობებზე: მას იგი სჭირდება საკმაოდ ძნელი მოგზაურობის აღსრულებისთვის. მუდმივად ჩაღრმავებულია იგი ფიქრებში დიდებული სამეფო დედაქალაქის შესახებ, რომლისკენაც მიემართება, იმ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების შესახებ, რომელიც უნდა გადალახოს, საშუალებებზე, რომელთაც შეუძლია მოგზაურობის გაადვილება, ავაზაკთა ჩასაფრებებზე, რომლებიც გზას ღობავენ, იმათ უიღბლო ხვედრზე, რომელთაც ვერ შეძლეს ამ გზის წარმატებით დასრულება, იმათ უბედნიერეს მდგომარეობაზე, რომლებმაც გაიარეს იგი სასურველი წარმატებით. საჭირო დროის დაყოფის შემდეგ სასტუმროში, იგი ჰმადლობს მის მფლობელს მის მიმართ გაწეული სტუმართმოყვარეობისათვის, და წასული, ივიწყებს სასტუმროს შესახებ, ან ახსოვს მის შესახებ ზედაპირულად, იმიტომ, რომ ცივი იყო მის მიმართ მისი გული.

მოვიხვეჭოთ ჩვენც ასეთი დამოკიდებულებები დედამიწის მიმართ. არ დავხარჯოთ უაზროდ სულისა და სხეულის შესაძლებლობები; არ შევწიროთ ისინი მსხვერპლად ამაოებასა და ხრწნილებას. თავი დავიცვათ დროებითისა და ნივთიერის მიმართ მიჯაჭვულობისაგან, რათა მან არ შეგვიშალოს ხელი მოვიპოვოთ მარადიული, ზეციური. თავი დავიცვათ ჩვენი დაუკმაყოფილებელი და გაუმაძღარი ახირებების დაკმაყოფილებისგან, რომლის დაკმაყოფილების შედეგადაც ვითარდება ჩვენი დაცემულობა და აღწევს საშინელ ზომებს. თავი დავიცვათ ზედმეტობებისგან, იმით, რომ მხოლოდ საარსებოდ აუცილებელით დავკმაყოფილდეთ. მთელი ჩვენი ყურადღება მივმართოთ ჩვენი მომლოდინე სამარის მიღმიერი ცხოვრებისაკენ, რომელსაც უკვე აღარ აქვს დასასრული. შევიცნოთ ღმერთი, რომელმაც მცნებად დაგვიდო მისი შეცნობა და რომელიც გვჩუქნის ამ შეცნობას თავისი სიტყვითა და თავისი მადლით. შევეთვისოთ ღმერთს ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. მან გვარგუნა ჩვენ მასთან უმჭიდროესი შეერთება, და ამ უდიადესი საქმის შესასრულებლად მოგვცა დრო — მიწიერი სიცოცხლე. არ არსებობს სხვა დრო, თუ არა დროისა, რომელიც განისაზღვრება მიწიერი სიცოცხლით, რომელშიც შესაძლო იქნებოდა შემდგარიყო საოცარი შეთვისება: თუ ის არ აღსრულდება ამ დროის განმავლობაში, მაშინ არასოდეს აღსრულდება. შევიძინოთ ზეცის მკვიდრებთან მეგობრობა, წმინდა ანგელოზებსა და გარდაცვლილ წმინდა ადამიანებთან, რათა მათ მიგვიღონ „საუკუნეთა მათ საყოფელთა“ (ლკ. 16:9). შევიძინოთ დაცემული სულების გამოცნობის უნარი, ადამიანთა მოდგმის ამ სასტიკი და ვერაგი მტრებისა, რათა თავი დავაღწიოთ მათს ხრიკებსა და ჯოჯოხეთის ცეცხლში მათთან თანაცხოვრებას. ლამპარი ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე, დაე, იყოს ღვთის სიტყვა (ფს. 118:105). განვადიდოთ და ვმადლობდეთ უფალს უხვი სიკეთეებისთვის, რომლითაც აღსავსეა ჩვენი დროებითი თავშესაფარი — დედამიწა ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გონების სისუფთავით ყური ვუგდოთ ამ სიკეთეების მნიშვნელობას: ისინი არიან მარადიულ სიკეთეთა სუსტი ხატებანი. მარადიული სიკეთენი გამოიხატებიან მათით ისე სუსტად და არასაკმარისად, როგორც გამოიხატებიან ჩრდილით საგნები, რომლებიდანაც ის ეცემა. იმით, რომ გვჩუქნის მიწიერ სიკეთეებს, ღმერთი საიდუმლოდ გვარიგებს: „ადამიანებო! თქვენი დროებითი თავშესაფარი მომარაგებულია მრავალფეროვანი, აღურაცხელი სიკეთეებით, რომლებიც იმონებენ, აღტაცებაში მოყავთ მზერაცა და გულიც, რომლებიც თქვენს მოთხოვნილებებს გადაჭარბებით აკმაყოფილებს: აქედან დაასკვენით იმ სიკეთეთა შესახებ, რომლებითაც მომარაგებულია თქვენი მარადიული საცხოვრებელი. გააცნობიერეთ დაუსრულებელი, მიუწვდომელი ღმრთის სიკეთის შესახებ თქვენ მიმართ და მიწიერი სიკეთეებისადმი პატივის მიგებისას მათი ღმრთისმოსავური გაგებითა და ჭვრეტით, არ მოიქცეთ უგუნურად: არ დაუმონოთ თავი მათ, არ დაიღუპოთ თავი მათით. გამოიყენეთ ისინი, რამდენადაც საჭიროა და აუცილებელი, მთელი ძალებით მიისწრაფეთ ზეციურ სიკეთეთა მოსახვეჭად“.

აღმოვფხვრათ ჩვენგან ყველა მცდარი სწავლება და მათ მიხედვით საქმიანობა: ქრისტეს ცხვრები „უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“ (ინ. 10:5). გავეცნოთ გარკვეულად ქრისტეს ხმას, რათა დაუყოვნებლივ ვიცნოთ იგი, როდესაც მოვისმენთ, და დაუყოვნებლივ გავყვეთ მის ნებას. სულში ამ ხმის მიმართ თანაგრძნობის მოპოვებით, ჩვენ მოვიპოვებთ სულში უცხოს ხმისადმი გაუცხოებას, რომელიც გამოიცემა ხორცის ზრახვის მიერ სხვადასხვაგვარ ხმებში. როგორც კი მოვისმენთ უცხო ხმას — გავიქცეთ, გავიქცეთ მისგან, ქრისტეს ცხვრების თვისების მიხედვით, რომლებიც უცხო ხმისგან გაქცევით შველიან თავს: გადამწყვეტი უყურადღებობით მის მიმართ. მის მიმართ ყურადღება უკვე საშიშია: ყურადღების კვალდაკვალ შემოიპარება ცდუნება, ცდუნების კვალდაკვალ — დაღუპვა. ჩვენი პირველმშობლების დაცემა დაიწყო პირველდედის ყურადღებით უცხო ხმისადმი.

ჩვენი მწყემსი არა მარტო მოგვიწოდებს ჩვენ ხმით, არამედ გვხელმძღვანელობს თავისი ცხოვრების წესით: ის „წინაშე” თავისი ცხვრებისა “ვიდოდის“ (ინ. 10:4). მან მცნებად დაგვიდო ამა სოფლის უარყოფა, საკუთარი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვრის აღება და ტარება: მან კიდევაც აღასრულა ყველაფერი ეს ჩვენს მზერათა თვალწინ. „ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა“ (1პეტ. 2:21). კეთილინება მან თავის თავში ადამიანობის მიღება, თუმცა სამეფო ტომიდან, მაგრამ დასული თავისი მდგომარეობით უბრალო ხალხის დონეზე. მისი შობა აღესრულა თავისი უწმინდესი დედის მოგზაურობის დროს, რომლისთვისაც არ მოიძებნა ადგილი ადამიანთა სახლებში. შობა აღესრულა ბაგაში, რომელშიც განთავსებული იყო შინაური პირუტყვი; ახალშობილის აკვნობა ბაგამ გასწია. ეს ესაა გავრცელდა სიახლე შობის შესახებ, რომ უკვე შედგა შეთქმულება მკვლელობის შესახებ. ახალშობილი უკვე იდევნება! ახალშობილი იძებნება მოსაკლავად! ახალშობილი გარბის უდაბნოს გავლით ეგვიპტეში გაშმაგებული მკვლელისგან! თავის ყრმობას ღმერთკაცი ატარებდა მშობლების მორჩილებაში, მის მამად წოდებულისა და ბუნებითი დედისა, რითიც სიმდაბლის მაგალითს აძლევს ადამიანებს, რომლებიც სიამაყისგან და მისით გამოწვეული ურჩობისგან დაღუპულნი არიან. კაცობის წლები უფალმა მიუძღვნა სახარების ქადაგებას, მოგზაურობით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, საკუთარი საცხოვრებლის არქონით. მის ტანსაცმელს წარმოადგენდა კვართი და გარეთა შესამოსელი. იმ დროს, როდესაც იგი ადამიანებს ხსნას აუწყებდა, და მათზე აფრქვევდა საღვთო კეთილ საქმეებს, ადამიანებმა მოიძულეს იგი, განიზრახეს და მრავალჯერ შეეცადნენ მოეკლათ იგი. საბოლოოდ მათ აწამეს იგი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. მან ნება დართო, აღესრულებინათ უსაშინლესი დანაშაული, რომელიც სწყუროდა მათს გულს, იმიტომ რომ ინება ყოვლადწმინდის ტანჯვით გამოეხსნა წყევლისა და მარადიული ტანჯვისგან დამნაშავე ადამიანთა მოდგმა. ტანჯული იყო ღმერთკაცის მიწიერი ცხოვრება: დასრულდა იგი ტანჯული დასასრულით. უფლის კვალდაკვალ შევიდნენ ნეტარ მარადისობაში ყველა წმინდანიც, შევიდნენ ვიწრო და საჭირველი გზით, დიდებისა და ამქვეყნიური სიამოვნებების უარყოფით, ხორციელი სურვილების ღვაწლით ალაგმვის გზით, თავიანთი სულის ქრისტეს ჯვარზე გაკვრით, რომელსაც წარმოადგენს დაცემული ადამიანური სულისათვის სახარების მცნებები, სხვადასხვა დანაკლისების გამოცდით, ბოროტი სულებისგან დევნილნი, დევნილნი თავიანთი ძმების – ადამიანების მიერ. შევუდგეთ ქრისტეს და წმინდათა დასს, მის კვალზე შედგომილთ! ღმერთკაცმა „თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა;“ (ებრ. 1:3). იქ მოუწოდებს იგი თავის მიმდევრებს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“ (მთ. 25:34). ამინ.


  1. (მთ. 10:16). იხ. ცხოვრება დიდმოწამე ბარბარესი. ხსენება: დეკემბერი მე-4 დღე.
  2. კიბე სიტყვა მე3.
Next