Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 1

წინასიტყვაობა

მკითხველი, რომლისთვისაც ნაცნობია მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ეკლესიის გარდამოცემა, ადვილად დაინახავს, რომ მისი ყურადღებისთვის შეთავაზებულ გამოცდილებებში მოთხრობილია წმინდა მამების სწავლება, მეცნიერებათა მეცნიერების1, მონაზვნობის შესახებ — სწავლება, მორგებული თანამედროვეობის მოთხოვნებს. მთავარი თვისება, რომლითაც განსხვავდება ძველი მონაზვნობის საქმიანობა თანამედროვეს მოღვაწეობისაგან, მდგომარეობს იმაში, რომ პირველი საუკუნეების ქრისტიანობის მონაზვნები იყვნენ ნახხელმძღვანელები ღმრთივშთაგონებული მოძღვრების მიერ, ხოლო ახლა — შეამჩნევს ღირსი ნილოს სორელი თანახმად სხვა გვიანდელ მამებთან — მონაზვნები უმეტესად უნდა ხელმძღვანელობდნენ წმინდა წერილითა და წმინდა მამათა წერილებით, ღვთიური მადლის ცოცხალი ჭურჭლების უკიდურესად დაკნინების გამო. ამ მიმართულების განმარტება და მისი აუცილებლობის ახსნა არის გამოცდილებების მთავარი მიზანი მთელ მათ განმავლობაში.

სტატიები, რომლებისგანაც შედგება ჩემი წიგნი, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, სხვადასხვა მიზეზების გამო, უპირატესად ჩემთან სულიერ კავშირში მყოფი ბერებისა და ღვთისმოყვარე ერისკაცთა საზოგადოებაში წარმოშობილი ასკეტური შეკითხვების საბაბით. ვასრულებ რა ამქვეყნიურ მოგზაურობას, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე გადამესინჯა, შემესწორებინა, შემევსო, ერთად შემეგროვებინა, და ბეჭდური სახით გამომექვეყნებინა ყველა სტატია, რომლებიც არქიმანდრიტის2 ხარისხში დავწერე. ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ეს გამეკეთებინა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, იმის, რომ მრავალი სტატია გავრცელდა ხელნაწერებში მეტ-ნაკლები ცდომილებებით; მეორეც, იმის გამო, რომ ვცნობ ჩემს თავს ვალდებულად, ქრისტიანულ საზოგადოებას წარვუდგინო ანგარიში ჩემ მიერ გამოკვლეული აღთქმული მიწის შესახებ, რომელიც სულიერ ნიჭებსა და სიკეთეებს წარმოადინებს, — სამონასტრო ცხოვრების გამოკვლევის შესახებ, რასაც იგი წარმოადგენს აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემაში და ღვთის განგებულებამ როგორადაც გამოიწვია მისი განჭვრეტა მის ზოგიერთ ცოცხალ წარმომადგენელში.

შემდეგ მხოლოდ დამრჩენია მკითხველისგან ვითხოვო ჩემი სუსტი გონების შეწყნარება და ლოცვა ჩემი ბეჩავი სულისთვის.


  1. ღირსი კასიანე რომაელი. სიტყვა სკიტის მამებზე და განსჯაზე. სათნოებათმოყვარეობა, ნაწ. 4.
  2. წმინდა იოანე დამასკელი, თავისი სიცოცხლის დასასრულს, განმარტოებული ღირსი საბას ლავრაში, შეაგროვა ყველაფერი, მის მიერ დაწერილი სიცოცხლის განმავლობაში, გულდასმით გადახედა და შეასწორა, რათა მიენიჭებინა თავისი ნაწარმოებებისთვის უფრო მეტი გამოკვეთილობა. ასე მოიქცა საღმრთო მადლით აღვსებული კაცი: მით უფრო აუცილებელი აღმოჩნდა მოქმედების ეს სახე ასკეტური გამოცდილების შედგენისას. ხსენება 4 დეკემბერს. ცხოვრება წმინდა იოანე დამასკელისა.
Next