Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 22

Previous

სასაფლაო

მრავალი წლის არყოფნის შემდეგ მოვინახულე ის მხატვრული სოფელი, რომელშიც მე დავიბადე. დიდი ხანია, ეკუთვნის იგი ჩვენს გვარს. იქაა დიდებული სასაფლაო, დაბურული საუკუნოვანი ხეებით. ხეების ფართო გადმოკიდებების ქვეშ წვანან იმათი ფერფლები, ვინც ისინი დარგო. მე მივედი სასაფლაოზე. გაისმა საფლავების თავზე სამგლოვიარო გალობანი, გალობები მანუგეშებელნი წმინდა პანაშვიდისა. ქარი დაიარებოდა ხეების კენწეროებში; ხმაურობდნენ მათი ფოთლები; ეს ხმაური ერწყმოდა მგალობელი მღვდელმსახურების ხმებს.

გავიგე მე განსვენებულთა სახელები — ჩემი გულისთვის ცოცხლების. ჩამოითვლებოდა სახელები: ჩემი დედის, ძმებისა და დების, ჩემი ბაბუებისა და დიდი ბაბუების. როგორი განმარტოებაა სასაფლაოზე! როგორი საოცარი, წმინდა სიჩუმეა! რამდენი მოგონებაა! როგორი უცნაურია, მრავალწლიანი ცხოვრება! მე ყურადღებას ვაქცევდი პანაშვიდის შთაგონებულ, ღვთაებრივ საგალობლებს. პირველად მომიცვა ერთადერთმა სევდის გრძნობამ; შემდეგ მან დაიწყო თანდათანობით შემსუბუქება. პანაშვიდის დასასრულს ჩუმმა ნუგეშმა ჩაანაცვლა ღრმა დარდი: საეკლესიო ლოცვებმა განაქარვეს გარდაცვლილთა ცოცხალი ხსოვნა სულიერი ტკბობით. ისინი იუწყებოდნენ აღდგომას, რომელიც ელოდებათ გარდაცვლილებს! ისინი იუწყებოდნენ მათს სიცოცხლეს, ამ სიცოცხლისკენ იზიდავდნენ ნეტარებას.

ჩემი წინაპართა საფლავები შემოღობილია საუკუნოვანი ხეების წრით. ფართოდ გაშლილმა ტოტებმა წარმოქმნეს საბურველი საფლავების თავზე: საბურველის ქვეშ განისვენებს მრავალრიცხოვანი ოჯახი. დევს აქ ფერფლი მრავალი თაობისა. მიწავ მიწავ! იცვლება შენს ზედაპირზე ადამიანების თაობები, როგორც ხეებზე ფოთლები. საყვარლად მწვანდებიან, მანუგეშებლად, უწყინრად ხმაურობენ ეს ფოთლები, რომლებიც მოქმედებაში მოდიან გაზაფხულის ქარის ჩუმი სუნთქვით. მოვა მათთვის შემოდგომა: ისინი გაყვითლდებიან, ჩამოცვივდებიან ხეებიდან საფლავებზე, გაიხრწნებიან მათზე. გაზაფხულის დადგომისას სხვა ფოთლები დაიწყებენ ტოტებზე გაპრანჭვას, და ასევე — მხოლოდ თავიანთი მოკლე რიგის განმავლობაში, ასევე დაჭკნებიან, გაქრებიან.

რა არის ჩვენი სიცოცხლე? თითქმის იგივე, რაც ცხოვრება ფოთლისა ხეზე!

“1848 წლის 20 მაისი. სოფელი პოკროვსკოე, ვოლოგოდის გუბერნიისა”.

Next