Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 20

Previous

ფიქრი ზღვის ნაპირზე

ვისი მსგავსია ქრისტიანი, რომელმაც გადააქვს ამქვეყნიური ცხოვრების მწუხარებები ჭეშმარიტი სულიერი გონებით? — იგი შეიძლება შევადაროთ მოგზაურს, რომელიც დგას აღელვებული ზღვის ნაპირზე. მძვინვარე ჭაღარა ტალღები მოგზაურის ფეხებთან მოდიან და ქვიშაზე დაჯახებით, იფშვნებიან მის ფეხებთან პატარა შხეფებად. ზღვა, გრიგალთან კინკლაობაში, ღრიალებს, მთებივით აზვირთებს ტალღებს, დუღს, თუხთუხებს. ტალღები იშვებიან და ღრღნიან ერთი-მეორეს; მათი თავები დაგვირგვინებულია თოვლივით თეთრი ქაფით; ზღვა, მათით დაფარული, წარმოადგენს საშინელი ურჩხულის ერთ უზარმაზარ ხახას, რომელიც კბილებითაა მოოჭვილი. ამ მრისხანე სანახაობას მშვიდი ფიქრით უყურებს საიდუმლოებრივი მოგზაური. მხოლოდ მისი თვალებია ზღვას მიპყრობილი, ხოლო სადაა მისი ფიქრი, სადაა გული? მისი ფიქრი — სიკვდილის კარიბჭეებშია; გული — ქრისტეს სამსჯავროზე. აქ ის უკვე წარმდგარია გონებით, აქ ის წარმდგარია შეგრძნებით, აქაა მისი საზრუნავები, აქაა მისი შიში: ამ შიშისაგან გარბის მიწიერი განსაცდელების შიში. დაწყნარდება ქარები, ჩადგება ზღვა, სადაც მრისხანე ტალღები ზვირთდებოდნენ: იქ გადაიჭიმება ქარიშხლებით გადაღლილი წყლების უძრავი ზედაპირი. გაძლიერებული განგაშის შემდეგ ისინი დამშვიდდებიან მკვდარ სიჩუმეში; მათს გამჭვირვალე სარკეში აირეკლება საღამოს მზე, როდესაც იგი დადგება კრონშტადტის ზემოთ და დაუშვებს თავის სხივებს ფინეთის ყურის გასწვრივ, ნევის ნაკადების შემხვედრად, პეტერბურგისკენ. მხატვრული სანახაობაა, სერგის უდაბნოს მაცხოვრებლებისათვის ნაცნობი! ამ ზეცას, ამ ნაპირს, ამ შენობებს რამდენი ქაფით დავგვირგვინებული ამაყი, მძვინვარე ტალღა უნახავთ? და მათ ყველამ გაიარეს, ყველა ჩაწვა კუბოსა და საფლავის სიჩუმეში. და მიმავალნი გვერდზე მიდიან, განისვენებენ ასევე! რა არის ისეთი მერყევი, ასეთი ხანმოკლე, როგორც სველი ქაფის გვირგვინები!

მონასტრის ჩუმი თავშესაფრიდან მზერისას ცხოვრებისეულ ზღვაზე, რომელიც ვნებათა ქარიშხლითაა აღმართული, გმადლობ შენ, მეფესა და ჩემს მეფეს! შენ მომიყვანე წმინდა მონასტრის გალავანში! დამმალე მე “საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა” დამფარე მე “კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა” (ფს. 30:21). მხოლოდ იმაზეა დადარდიანებული ჩემი სული, იმაზე ვარ შეცბუნებული უცოდინარობის გამო, რომ წავალ კი, მორევიანი, არასანდო, ცხოვრებისეული ზღვის ნაპირიდან, “ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა” (ფს.41:5), დავემკვიდრები კი იქ უკუნისამდე? რაც შეეხება მიწიერ მწუხარებებს, — “ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან” (ფს. 55:12).

1843 წელი სერგის უდაბნო.

Next