Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 19

Previous

ხე ზამთარში კელიის ფანჯრების წინ

1828 წლის ძამთარი გავატარე ღირსი ალექსანდრე სვირელის მონასტერში. ჩემი კელიის ფანჯრების წინ იდგა ყინვებისგან გაშიშვლებული ხე, როგორც ჩონჩხი, სიკვდილის მიერ გაშიშვლებული. განმარტოება ამახვილებს გრძნობებს, ამახვილებს ფიქრს; მათი მოქმედების წრე ფართოვდება. მათ შორის ზღვა, რომელზეც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ იგი აუცილებლად უნდა აღელვებულიყო, ღელავდა1. განმოსილი ხე ემსახურებოდა ჩემთვის ნუგეშისცემას: იგი მანუგეშებდა ჩემი სულის განახლების იმედით. “ჴმითა ჩემითა”, ჩემი გონების ხმით, ჩემი გულის ხმით, ჩემი სნეული სხეულის ხმით, ჩემი უძლურებების ხმით, ჩემი დაცემების ხმით “ღაღად-ვყავ” (ფს. 141:2): “უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა” (ფს. 142:1). “მოხედენ ვედრებასა ჩემსა” (ფს. 141:7), რომელსაც გიგზავნი ბრძოლების წიაღიდან, რომლებიც არყევენ ჩემს გონებასა და გულს, სნეულებების წიაღიდან, რომლებიც ტანჯავენ და აუძლურებენ ჩემს სხეულს, მრავალი უძლურების წიაღიდან, რომლებიც მოიცავენ მთელ ჩემს არსებობას, აღურაცხელი დაცემების წიაღიდან, რომლითაც აღსავსეა ჩემი ცხოვრება. იონასადმი გამგონემ, რომელიც ლოცულობდა ვეშაპის მუცელში, ისმინე ჩემი, რომელიც ვგოდებ ჩემი ურჯულოებების მუცლიდან, ჯოჯოხეთის მუცლიდან. ცოდვების უფსკრულიდან, უფსკრულიდან დაცემებისა და განსაცდელებისა, “ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო!” უფალო ისმინე ჩემი ხმა! “გამოიყვანე საპყრობილით” ვნებებისა “სული ჩემი”, მასში ჩაღვარე მადლისმიერი ნათელი! (ფს.141:8). როდესაც ჩაღვრი მასში ამ ნათელს, ნათელს განათებულსაც და მხიარულსაც და მაცოცხლებელსაც მაშინ დაიწყებს იგი “აუარო სახელსა შენსა” (ფს. 141:8). — მოქმედებს სულში აღიარება, რომელიც აღძრულია მადლით, რომელიც აღემატება გონებას და მას შთანთქავს თავის გამოუთქმელ სიტკბოებაში; იგი, გულის კუნჭულში შესვლისას, მასში ჩაკეტვისას ყველაფერი შეგრძნებითისადმი უყურადღებობით, წარმოთქვამს შენს სახელს, თაყვანს სცემს შენს სახელს, იკვებება შენი სახელით, მოიცავს შენს სახელს და მოცულია მის მიერ. შენი სახელი, ღვთის სიტყვაო და ღმერთო, ხდის მისთვის ყველა სხვა სიტყვას ზედმეტს! “მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან” ეშმაკეული გულისთქმებისა და წამოწყებებისგან, “რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს” (ფს. 141:7), უფროს ჩემი სულის ნება-მყოფელობისა, უფროს ჩემი გონების შეგნებისა! “მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი” (ფს. 142:4). “გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე” (ფს. 114:3).

უფალო! ჩემს ძალებზე არ ვამყარებ იმედებს: ჩემი დაცემები მასწავლიან მე შევიცნო ჩემი უძლურება. შენ ხარ, უფალო, ჩემი იმედი! მხოლოდ მაშინ შევძლებ ვიყო “სოფელსა შინა ცხოველთასა” (ფს. 114:8), შენი წმინდა სიმართლის ქვეყანაში, როდესაც შენ, უფალო, გარდმოგზავნი ჩემს გულში შენს მადლს, როდესაც, ჩემს სულში დამკვიდრებული, იქნები “ნაწილ … მკჳდრობისა ჩემისა” (ფს. 15:5). ჩემი ერთადერთი ქონება და საგანძური! გაიხარებენ შენი წმინდა ანგელოზები, გაიხარებენ შენი სათნომყოფელი ადამიანები, როდესაც იხილავენ ჩემს გადარჩენას. “მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე” (ფს. 141:8) შენი წყალობა არა ჩემი ცოდვების სიმრავლის მიხედვით, არამედ შენი კაცთმოყვარეობის სიმრავლის მიხედვითაა. ამინ.


  1. კიბე. სიტყვა 4, თ. 60.
Next