Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 12

Previous

ლოცვის შესახებ სტატია I

ღარიბებისთვის დამახასიათებელია, ითხოვონ, ხოლო ცოდვით დაცემით გაღარიბებული ადამიანისთვის დამახასიათებელია ილოცოს.

ლოცვა არის მიბრუნება დაცემული და მონანული ადამიანისა ღმრთისაკენ. ლოცვა არის მგლოვარება დაცემული და მონანული ადამიანისა ღვთის წინაშე. ლოცვა არის გადმოღვრა გულის სურვილებისა, სათხოვარებისა, კვნესისა დაცემული, ცოდვით მოკლული ადამიანისა ღვთის წინაშე.

პირველი წარმოჩენა, პირველი მოძრაობა სინანულისა არის მგლოვარება გულისა. ესაა ლოცვითი ხმა გულისა, რომელიც წინ უსწრებს გონებისმიერ ლოცვას. და მალე გონება, გულისმიერი ლოცვით გატაცებული, იწყებს ლოცვითი აზრების წარმოშობას.

ღმერთია ერთადერთი წყარო ყველა ჭეშმარიტი სიკეთისა. ლოცვა არის დედა და თავი ყველა სათნოებისა1, როგორც საშუალება და მდგომარეობა ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისა. იგი სესხულობს სიკეთეებს სიკეთის წყაროსგან — ღვთისაგან, — უთვისებს მათ იმ ადამიანს, რომელიც ლოცვით ცდილობს იმყოფებოდეს ღმერთთან ურთიერთობაში.

ღვთისაკენ გზა არის ლოცვა. გავლილი გზის განაზომი არის სხვადასხვა ლოცვითი მდგომარეობები, რომლებშიც თანდათანობით შედის სწორად და გამუდმებით მლოცველი.

ისწავლე ილოცო ღვთის მიმართ სწორად, როდესაც ისწავლი ილოცო სწორად, ილოცე გამუდმებით, — და მოხერხებულად დაიმკვიდრებ ხსნას. ხსნა გაცხადდება ღვთისგან თავის დროზე, უდავო გულისმიერი ცნობით თავის თავზე, სწორად და გამუდმებით მლოცველის მიმართ.

სწორი ლოცვისთვის საჭიროა, რომ იგი მიიძღვნებოდეს სულის სიგლახაკით სავსე გულიდან, შემუსრვილი და მდაბალი გულიდან. ყველა სხვა მდგომარეობა გულისა, მისი სულიწმინდით განახლებამდე, მიიჩნიე, — როგორებიც ისინი არის — უჩვეულოებად მონანული ცოდვილისათვის, რომელიც ევედრება ღმერთს თავისი ცოდვების პატიებას და გათავისუფლებას — როგორც დილეგიდან და ბორკილებისგან — ვნებებზე დამონებულობისგან.

მოსეს რჯულით გაწერილი იყო ისრაელიანებისათვის მხოლოდ ერთ, ღვთისაგან დადგენილ ადგილას, შეეწირათ თავიანთი მსხვერპლი. და სულიერი რჯულით ქრისტიანებისთვის დადგენილია ერთი სულიერი ადგილი, ყველა თავიანთი მსხვერპლის, განსაკუთრებით მსხვერპლისა მსხვერპლთა შორის — ლოცვის შესაწირად. ეს ადგილი არის სიმდაბლე2.

არ სჭირდება ღმერთს ჩვენი ლოცვები! მან იცის, ჩვენს თხოვნამდე, რასაც ვსაჭიროებთ; იგი, უგულმოწყალესია და მის მიმართ არამთხოვნელების მიმართაც აფრქვევს გულუხვ წყალობებს. ჩვენ გვესაჭიროება ლოცვა: იგი ადამიანს ღმერთს უთვისებს. მის გარეშე ადამიანი ღვთისათვის უცხოა, და რაც უფრო მეტად ვარჯიშობს ლოცვაში, მით მეტად უახლოვდება ღმერთს.

ლოცვა — სიცოცხლესთან ზიარებაა. მის მიტოვებას სულისთვის მოაქვს უხილავი სიკვდილი.

რაც ჰაერია სხეულის სიცოცხლისთვის, ის არის სული წმინდა სულის სიცოცხლისთვის. სული ლოცვის საშუალებით სუნთქავს ამ წმინდა, საიდუმლოებრივი ჰაერით.

როდესაც ძილისაგან აღდგები, — პირველი შენი აზრი, დაე, იყოს ღმერთზე; თავად საწყისი შენი აზრებისა, ჯერ კიდევ აღუბეჭდავი არავითარი შთაბეჭდილებით, მიართვი ღმერთს, როდესაც მიხვალ ძილად, როდესაც ემზადები ჩაიძირო ამ სიკვდილის ხატებაში, — უკანასკნელი შენი აზრები, დაე, იყოს მარადისობაზე და მასში მსუფევ ღმერთზე.

ანგელოზმა რომელიღაც წმინდა ბერს განუცხადა შემდეგი ღვთისათვის კეთილსასურველი აზრების წყება ლოცვისას: “ლოცვის საწყისი უნდა შედგებოდეს ღმრთის დიდებით, მისდამი მადლიერებით თავისი განუსაზღვრელი წყალობების გამო; შემდეგ ჩვენ უნდა მივართვათ უფალს გულწრფელი აღსარება საკუთარი ცოდვებისა სულის შემუსრვილებასთან ერთად, დასასრულს შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თუმცა დიდი სიმდაბლით, თხოვნები უფალს ჩვენი სულიერი და ხორციელი საჭიროებების შესახებ, ამ თხოვნების შესრულება და არშესრულების მინდობით მის ნებაზე”3

საწყისი მიზეზი ლოცვისა არის რწმენა: “მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე”(ფს. 115:1) ჩემი ლოცვით გულმოწყალე უფლის მიმართ, რომელმაც კეთილინება მცნებად მოეცა ჩემთვის, მელოცა და მისთვის ყურადღების მიქცევა აღმითქვა.

“ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.” (მკ. 11:24), გვაუწყა უფალმა. და ამიტომ ყოველგვარი ეჭვისა და ორჭოფობის განგდებით, განუშორებლად დარჩი ლოცვით უფალთან. რომელმაც ბრძანა “მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.” (ლკ. 18:1) ე.ი. არ ჩავვარდეთ უიმედობაში ლოცვის სივიწროვისგან, რომელიც, განსაკუთრებით დასაწყისში, მძიმეა, აუტანელია გონებისთვის, რომელიც მიჩვეულია იხეტიალოს ყველგან.

ნეტარია სული, რომელიც ლოცვით განუწყვეტლივ აკაკუნებს ღვთის გულმოწყალების კარზე, და თავისი ჩივილებით “წინამოსაჯულზე” (ლკ. 18:3) — მასზე მოძალადე ცოდვაზე — განუწყვეტლივ ღლის მოუქანცავს4: იგი გაიხარებს თავის დროზე თავისი სიწმინდითა და უვნებობით.

ზოგჯერ დაუყოვნებლივ შეისმინება ჩვენი თხოვნა; ზოგჯერ კი, მხსნელის სიტყვების მიხედვით, ღმერთი “სულგრძელ არს მათ ზედა” (ლკ. 18:7), ე.ი. სწრაფად არ ასრულებს ჩვენს თხოვნას: იგი ხედავს, რომ საჭიროა დროებით შეაჩეროს ეს აღსრულება ჩვენი სიმდაბლისათვის, რომ ჩვენთვის საჭიროა დავიღალოთ, დავინახოთ ჩვენი უძლურება, რომელიც ყოველთვის წარმოჩინდება ძალიან მკვეთრად, როდესაც ჩვენ ვართ მიცემული ჩვენივე თავთს.

ლოცვა, როგორც ღმერთთან საუბარი, თავისთავად, დიდი სიკეთეა, ხშირად გაცილებით მეტი იმაზე, რასაც ითხოვს ადამიანი, — და გულმოწყალე ღმერთი, იმით, რომ არ ასრულებს სათხოვარს, ტოვებს მთხოვნელს თავის ლოცვასთან, რათა მან არ დაკარგოს იგი, არ მიატოვოს ეს უმაღლესი სიკეთე, როდესაც მიიღებს მოთხოვნილ სიკეთეს, რომელიც არის გაცილებით ნაკლები ღირებულების.

თხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია მავნე შედეგებთან, ღმერთი არ ასრულებს; არ ასრულებს იგი იმ თხოვნებსაც, რომლებიც ეწინააღმდეგება მის წმინდა ნებას, ეწინააღმდეგება მის ბრძნულ, შეუცნობელ განგებულებებს.

ღვთის დადგენილების წინააღმდეგ ითხოვდა დიდებული მოსე ღვთისმხილველი, რათა მინიჭებოდა მას უფლება, შესულიყო აღთქმულ ქვეყანაში, და არ იქნა შესმენილი (რჯლ. 3:26); ლოცულობდა წმინდა დავითი, და ლოცვას აძლიერებდა მარხვით, ნაცრითა და ცრემლებით, რათა ცოცხლად გადარჩენილიყო მისი დაავადებული ძე; მაგრამ არ იქნა შესმენილი (2სამ. 12:16-17). და შენც, როდესაც შენს თხოვნას არ შეისმენს ღმერთი, დამორჩილდი ღვთისმოსავად ნებას ყოვლადწმინდა უფლისას, რომელმაც მიუწვდომელი მიზეზებით, დატოვა შენი თხოვნები შეუსრულებელი.

ამსოფლის ძეებს, რომლებიც ითხოვენ ღვთისაგან მიწიერ სიკეთეებს ხორციელი გულისთქმის დასაკმაყოფილებლად, უცხადებს წმინდა მოციქული იაკობი: “ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ” (იაკ. 4:3).

როდესაც გვსურს მიწიერი მეფის წინაშე წარვდგეთ, ვემზადებით ამისთვის განსაკუთრებული მონდომებით: ვსწავლობთ, როგორი უნდა იყოს მასთან საუბრისას ჩვენი გულის გრძნობების განწყობა, რომ რაიმე გრძნობის აღტყინების შედეგად არ გაგვიტაცოს სიტყვამ ან მოქმედებამ, რომელიც მეფეს არ მოეწონება; წინასწარ მოვიფიქრებთ, რა ველაპარაკოთ, რათა ვისაუბროთ მხოლოდ სასურველი, და ამით მოვიმადლიეროთ იგი; ვიზრუნებთ იმაზე, რომ თავად ჩვენმა გარეგნობამ მიიპყროს მისი ყურადღება ჩვენ მიმართ. მით უმეტეს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ სათანადოდ, როდესაც გვსურს წარვუდგეთ მეფეთა მეფეს, და შევიდეთ ლოცვით მასთან საუბარში.

“კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს” (1სამ. 16:7); მაგრამ ადამიანში გულის მდგომარეობა უმეტესად ემსგავსება მისი სახის გამომეტყველებას, მის გარეგნობას. და ამიტომ სხეულს მიეცი ლოცვისას ყველაზე მოკრძალებული მდგომარეობა. იდექი, როგორც გასამართლებული, დახრილი თავით, რომელიც არ ბედავს ახედოს ზეცას, ქვემოთ დაშვებული ხელებით ან მათი დაწყობით უკან, როგორც თითქოს თოკით შეკრულნი, როგორც ჩვეულებისამებრ თოკავენ დანაშაულის ადგილზე დაჭერილ დამნაშავეებს. შენი ხმის ჟღერადობა, დაე, იყოს მგლოვარების საწყალი ხმა, კვნესა სასიკვდილე იარაღით დაჭრილისა ან საშინელი დაავადებით დატანჯულისა.

“ღმერთი გულთმეცნიერი არს”. იგი ხედავს ჩვენს ყველაზე დაფარულ, ყველაზე ფაქიზ ნააზრევსა და შეგრძნებებს; ხედავს ჩვენს მთელს წარსულსა და მომავალს. ღმერთი ყველგანმყოფია. და ამიტომ იდექი შენს ლოცვაზე, თითქოს იდგე თავად ღმერთის წინაშე. ზუსტადაც: შენ დგახარ მის წინაშე! შენ დგახარ შენი მოსამართლისა და სრულუფლებიანი მეუფის წინაშე, რომელზეცაა დამოკიდებული შენი ხვედრი დროსა და მარადისობაში. გამოიყენე მის წინაშე შენი წარდგომა შენი კეთილდღეობის მოწყობაში; არ დაუშვა, რომ ეს წარდგომა, შენი უღირსობის გამო, გახდეს შენი დროებითი და მარადიული სატანჯველების მიზეზი. როდესაც გადაწყვეტ მიუძღვნა ღმერთს ლოცვა, განაგდე ყველა მიწიერი აზრი და საზრუნავი. არ აყვე აზრებს, რომლებიც მაშინ მოვლენ შენთან, როგორი მნიშვნელოვანი, ბრწყინვალე და საჭირონიც არ უნდა ჩანდეს ისინი. მიეცი ღვთისა ღმერთს, ხოლო დროებითი ცხოვრებისთვის საჭიროს მიცემას მოასწრებ თავის დროზე. შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს ემსახურო ღმერთს ლოცვით, და დააკავო გონება გარეგანი აზრებითა და საზრუნავებით.

ლოცვამდე აკმიე შენს გულში ღვთის შიშისა და წმინდა კეთილკრძალულების გუნდრუკით: იფიქრე, რომ შენ განარისხე ღმერთი აღურაცხელი შეცოდებით, რომლებიც მისთვის უფრო აშკარაა ვიდრე თავად შენი სინდისისთვის: შეეცადე სიმდაბლით გული მოულბო შენდამი შენს მოსამართლეს. გაფრთხილდი! არ გააღვივო მისი განრისხება დაუდევრობით და თავხედობით: მან კეთილინება, რომ თავად მასთან ახლოს მყოფი, უწმინდესი ანგელოზებრივი ძალები წარუდგებოდნენ მას ყოველგვარი კეთილკრძალულებითა და უწმინდესი შიშით (ფს. 88:8).

შენი სულის შესამოსელი უნდა ბრწყინავდეს უბრალოების სითეთრით. არაფერი არ უნდა იყოს აქ რთული! არ უნდა ჩაერთოს მზაკვრული გულისთქმები და პატივოყვარული გრძნობები, პირმოთნეობა, თვალთმაქცობა, კაცთმოთნეობა, ქედმაღლობა, ავხორცობა — ეს ბნელი და მყრალი ლაქები, რომლებითაც აჭრელებულია მლოცველი ფარისევლების სულიერი სამოსი.

მარგალიტებისა და ალმასების, ოქროსა და ვერცხლის ნაცვლად შეამკე შენი თავი მთელცნობობით, მდაბალსიბრძნეობით, სიმშვიდისა და სულიერი გონების ცრემლებით, ხოლო მანამ სანამ მიიღებ ამ ცრემლებს, სინანულის ცრემლებით; შეამკე შენი თავი ჩვილებრივი, ანგელოზებრივი უბოროტობით: აი ძვირადღირებული ჭურჭელი! როდესაც დაინახავს მეფეთა მეფე სულზე ამ ჭურჭელს: მოიდრიკება სულისკენ მისი მოწყალე მზერანი.

მიტევება ყველა, ყველა გამონაკლისის გარეშე წყენისა და ყველაზე მძიმეებისაც კი, აუცილებელი პირობაა ლოცვაში წარმატებისათვის. “და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, — გვამცნებს უფალი, — მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.” (მკ, 11:25-26) “ავმეხსიერთა ლოცვები ქვაზე დათესილებია”, თქვა ღირსმა ისააკ ასურმა5.

ზომიერი, კეთილგონიერი, გამუდმებული თავშეკავება საკვებში და სასმელში აქცევს სხეულს მსუბუქად, წმენდს გონებას, აძლევს მას სიფხიზლეს, და ამიტომ ემსახურება ლოცვისთვის მომზადებას. თავშეუკავებელი კუჭი, ხდის სხეულს მძიმეს, დონდროხას, გულს ასასტიკებს, აბნელებს გონებას მრავალი ანაორთქლითა და აირებით, რომლებიც ამოდის კუჭიდან ტვინში. როგორც კი დადგება გამაძღარი ან დანაყრებული ლოცვაზე, — თვლემა და სიზარმაცე თავს ესხმის მას, მრავალი უხეში ოცნება იხატება მის წარმოდგენაში, მისი გულისთვის შეუძლებელია მოვიდეს ლმობიერებაში.

რამდენადაც მავნეა თავშეუკავებლობა, იმდენად მავნეა, ანდა უფრო მეტადაც, უზომო მარხვა6. სხეულის სისუსტე, წარმოშობილი ცოტა ჭამისაგან, არ იძლევა საშუალებას შესრულდეს ლოცვები საკმარისი რაოდენობითა და საკმარისი ძალით.

ლოცვის რაოდენობა განისაზღვრება ყველასათვის თავისი ცხოვრების წესით და სულიერი და სხეულის ძალების რაოდენობის შესაბამისად. ორი მწულილი ქვრივისა, რომელიც მან ტაძარში შესწირა და რომელიც შეადგენდა მის მთელ ქონებას, აღმოჩნდა მართლმსაჯული ღმერთის სასწორზე მეტი, ვიდრე შესამჩნევი შეწირულობები მდიდრებისა მათი მომეტებულიდან. ასე განსაჯე ლოცვის შემთხვევაშიც: დაიწესე მისი რაოდენობა შენი ძალების შესაბამისად, გახსოვდეს ბრძნული დარიგება მოღვაწეთა დიდი მოძღვრისაგან: “თუ შენ დააძალებ უძლურ სხეულს საქმეებს, რომლებიც მის ძალებს აღემატება, მაშინ ამით შენს სულში დებ დაბნელებას და მოგაქვს მისთვის უხერხულობა, და არა სარგებელი7”.

ჯანმრთელი და ძლიერი აგებულებისაგან მოითხოვება შესაბამისი ლოცვა. “ყოველგვარი ლოცვა, თქვა იმავე დიდმა მამამ, რომლის დროსაც არ გაისარჯება სხეული, ხოლო გული არ მოვა შემუსრვილობაში, ითვლება მოუმწიფარ ნაყოფად: იმიტომ რომ ასეთი ლოცვა სულის გარეშეა”8.

როდესაც დაკავებული ხარ საზოგადოებრივი მოვალეობებით, ხოლო თუ შენ ბერი ხარ, მორჩილებებით, და არ გაქვს შესაძლებლობა დაუთმო ლოცვას იმდენი დრო, რამდენიც მოგესურვებოდა, არ შეცბუნდე ამით: კანონიერად და სინდისიერად განვლილი მსახურება ამზადებს ადამიანს გულმოდგინე ლოცვისთვის, და ცვლის ხარისხით რაოდენობას. ისე არაფერი არ უწყობს ხელს ლოცვაში წარმატებაში, როგორც სინდისი, დაკმაყოფილებული ღვთისათვის სათნო საქმიანობით. სახარებისეული მცნებების აღსრულება განაწყობს გონებასა და გულს სუფთა, ლმობიერებით აღსავსე ლოცვისთვის, ხოლო ჭეშმარიტი ლოცვა სახარების მცნებების შესაბამისად ფიქრის, გრძნობისა და ქმედებისაკენ მიმართავს.

გულმოწყალება მოყვასის მიმართ და სიმდაბლე მათ წინაშე, რომლებიც გამოიხატება გარეგნული საქმეებით და საზრდოობს სულში, გულის სიწმინდესთან ერთიანობაში, განსაკუთრებით სიძვის გულისთქმებისა და შეგრძნებებისგან თავისუფლებით, წარმოადგენს საძირკველსა და ძალას ლოცვისას9. ისინი თითქოს როგორც “ფრთებია” (ფს. 54:7) მისი, რომლითაც იგი ზეცამდე ფრინდება. მათ გარეშე ლოცვას არ შეუძლია ასცდეს მიწას, ე.ი. წარმოიშვას ხორცის ზრახვისაგან: იგი კავდება მისით, როგორც ბადითა თუ ქსელით; იგი ღელდება, იბილწება, ნადგურდება მისით.

ლოცვის სულია ყურადღება10. როგორც სხეული სულის გარეშე მკვდარია, ისე ლოცვაც ყურადღების გარეშე მკვდარია. ყურადღების გარეშე აღვლენილი ლოცვა გადაიქცევა ყბედობად, და ასე მლოცველი მიეკუთვნება “ღვთის სახელის ამაოდ მომღებებს”.

წარმოთქვი ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად; არ მისცე უფლება გონებას, დახეტიალობდეს ყველგან, არამედ ჩაკეტე იგი ლოცვის სიტყვებში11. ვიწრო და საჭირველია ეს გზა გონებისთვის, რომელიც მიჩვეულია დაეხეტებოდეს თავისუფლად სამყაროში; მაგრამ ამ გზას მიჰყავს ყურადღებასთან. ვინც იგემებს ყურადღების დიდ სიკეთეს; იგი შეიყვარებს შეავიწროვოს გონება გზაზე, რომელსაც მიჰყავს ნეტარ ყურადღებასთან.

ყურადღება არის პირველსაწყისი ნიჭი საღვთო მადლისა, რომელიც გარდამოვალს მშრომელსა და მოთმინებით ვნებულზე ლოცვის ღვაწლში12.

მადლისმიერ ყურადღებას წინ უნდა უსწრებდეს საკუთარი ძალისხმევა ყურადღებისთვის: უკანასკნელი უნდა იყოს ქმედითი მოწმობა გულწრფელი სურვილისა პირველის მისაღებად. საკუთარი ყურადღება ღელდება გულისთქმებითა და ოცნებებით, მერყეობს მათი მიზეზით; მადლისმიერი — აღსავსეა სიმყარით.

აიკრძალე შენთვის აზრების გაფანტულობა ლოცვისას, მოიძულე მეოცნებეობა, უკუაგდე საზრუნავები რწმენის ძალით, დაარტყი გულში ღვთის შიშით, და მოხერხებულად ისწავლი ყურადღებას.

მლოცველი გონება უნდა იმყოფებოდეს სავსებით ჭეშმარიტ მდგომარეობაში. მეოცნებეობას, როგორი მიმზიდველი და კეთილსახიერიც არ უნდა იყოს, რომელიც საკუთარი, გონების შემთხვევითი შენათხზავია, გამოჰყავს გონება საღმრთო, ჭეშმარიტი მდგომარეობიდან, შეჰყავს თვითცდუნებულობისა და მოტყუებულობის მდგომარეობაში, და ამიტომაც იგი უარიყოფა ლოცვისას.

გონება ლოცვისას უნდა იყოს და მთელი გულმოდგინებით შენარჩუნდეს შესახედაობის არმქონედ, იმით რომ განიგდოს ყველა სახეები, რომლებიც იხატება წარმოსახვის უნარის მეშვეობით: იმიტომ, რომ გონება ლოცვისას წარდგება უხილავი ღმერთის წინაშე, რომლის წარმოსახვაც შეუძლებელია რაიმენაირი ნივთიერი სახით. ხატებანი, თუ მათ დაუშვებს გონება ლოცვისას, იქცევიან გაუვალ ფარდად, კედლად გონებასა და ღმერთს შორის. “ისინი, რომლების თავიანთ ლოცვებში არაფერს ხედავენ, ხედავენ ღმერთს”, თქვა ღირსმა მელეტი აღმსარებელმა13.

თუკი შენი ლოცვის დროს წარმოგედგინა შეგრძნებითად ან წარმოგესახა თავისთავად შენში გონებრივად ქრისტეს გარეგნობა, ან ანგელოზისა ან რომელიმე წმინდანისა, — ერთი სიტყვით, რაც არ უნდა იყოს ხატება, — არაფრით არ მიიღო ეს მოვლენა როგორც ჭეშმარიტება, მას არავითარი ყურადღება მიაქციო, არ შეხვიდე მასთან საუბარში14. სხვაგვარად აუცილებლად ჩავარდები მოტყუებულობაში და უძლიერეს სულიერ დაზიანებაში, რაც დაემართა მრავალს. ადამიანს, მის სული წმინდის მიერ განახლებამდე, არ ძალუძს ურთიერთობა წმინდა სულებთან. იგი როგორც ჯერ კიდევ მყოფი დაცემული სულების გარემოში, მათს ტყვეობაშია და დამონებულია მათ, მას ძალუძს იხილოს მხოლოდ ისინი, და ისინი ხშირად, როდესაც შეამჩნევენ მასში მაღალ აზრს საკუთარ თავზე და თვითცდუნებულობას, ეცხადებიან მას როგორც ნათლის ანგელოზები, თავად ქრისტეს სახითაც, მისი სულის დასაღუპად.

წმინდა ხატები მიღებულია წმინდა ეკლესიის მიერ ღვთისმოსავური მოგონებებისა და შეგრძნებების აღსაძრავად და არა სულაც მეოცნებეობისა. როდესაც მხსნელის ხატის წინ დგახარ, იდექი, როგორც თავად იესო ქრისტეს წინაშე, რომელიც ყველგანმყოფია ღვთაებრიობით, და თავისი ხატით მყოფი იმ ადგილას, სადაც ეს ხატი იმყოფება. როდესაც ღვთისმშობლის ხატის წინაშე დგახარ, იდექი როგორც თავად ყოვლადწმინდა ქალწულის წინაშე; მაგრამ შენი გონება შეინახე წარმოუსახველად: უდიდესი განსხვავებაა იყო თანამყოფი უფლის წინაშე და წარმოიდგინო იგი. უფლის თანამყოფობის განცდა სულს ჰგვრის მხსნელ შიშს, შეჰყავს მასში მხსნელი მოწიწების განცდა, ხოლო მისი წარმოსახვას ცრუ, ამაყი წარმოდგენა საკუთარ თავზე, — სული მოჰყავს ცრუ მდგომარეობაში, თვითცდუნებულობის მდგომარეობაში15.

ამაღლებული მდგომარეობაა — უფლის თანამყოფობის განცდა! მისით კავდება გონება უცხო გულისთქმებთან ურთიერთობისგან, რომლებიც თავს ესხმიან ლოცვას; მისი მიზეზით უხვად შეიგრძნობა ადამიანის არარაობა; მისი მიზეზით ვლინდება განსაკუთრებული სიფხიზლე საკუთარი თავის მიმართ, რომელიც იცავს ადამიანს ცოდვისაგან, თვით უმცირესისგანაც. ღვთის თანამყოფობის განცდა მიიღწევა ყურადღებიანი ლოცვით. დიდად უწყობს ხელს მის დაუფლებას ღვთისმოსავი წარდგომაც წმინდა ხატების წინაშე.

ლოცვის სიტყვები, რომლებიც სულიერდებიან ყურადღებით, აღწევენ ღრმად სულში, მოწყლავენ, გამსჭვალავენ, ერთი სიტყვით, გულს და მასში წარმოშობენ ლმობიერებას. ლოცვის სიტყვები, გაბნეულობით წარმოთქმულნი, ეხება თითქოს მხოლოდ სულის ზედაპირს, მასში არანაირ შთაბეჭდილებას წარმოქმნის.

ყურადღება და ლმობიერება მიიჩნევა სული წმინდის ნიჭებად. მხოლოდ სულს შეუძლია შეაჩეროს გონების ტალღები, რომლებიც მიემართებიან ყველა მხარეს, თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა16. სხვა ღირსნეტარმა მამამ თქვა: “როდესაც ჩვენთან ლმობიერებაა, მაშინ ჩვენთანაა ღმერთი”17.

ვინც მიაღწია გამუდმებულ ყურადღებასა და ლმობიერებას თავის ლოცვებში, მიაღწია ნეტარების მდგომარეობას, სახარებაში მოხსენიებულს როგორც “სულის სიგლახაკედ” და “მგლოვარებად გულისა”. მან უკვე გაგლიჯა მრავალი ჯაჭვი ვნებებისა, შეიგრძნო სურნელება სულიერი თავისუფლებისა, თავის წიაღში უკვე ატარებს ხსნის წინდს. არ მიატოვო სივიწროვენი ჭეშმარიტი ლოცვითი გზებისა — და მიაღწევ წმინდა განსვენებას, საიდუმლოებრივ შაბათს: შაბათს აღესრულება არანაირი მიწიერი საქმე, ქრება ბრძოლა და ღვაწლი; ნეტარ უვნებობაში, გაფანტულობისგან შორს, სული სუფთა ლოცვით წარდგება ღვთის წინაშე, და განისვენებს მასში რწმენით მის უსაზღვრო სიკეთის მიმართ, მის ყოვლადწმინდა ნებაზე მინდობით.

ლოცვის მოღვაწეში ლოცვაში წარმატება პირველად იწყებს წარმოჩენას განსაკუთრებულ მოქმედებაში ყურადღებისა; დრო და დრო იგი მოულოდნელად მოიცავს გონებას, აქცევს მას ლოცვის სიტყვებში. შემდეგ იგი ხდება გაცილებით მუდმივი და განგრძობითი: გონება თითქოს მიეწებება ლოცვის სიტყვებს, მიიზიდება მისით გულთან შეერთებისკენ. საბოლოოდ ყურადღებას მოულოდნელად თან დაერთვის ლმობიერება და აქცევს ადამიანს ლოცვის ტაძრად, ღვთის ტაძრად.

მიართვი ღმერთს ჩუმი და მდაბალი ლოცვები, და არა მგზნებარე და ცეცხლოვანი. როდესაც გახდები საიდუმლო მღვდელმსახური ლოცვისა: მაშინ შეხვალ ღვთის კარავში, და იქიდან ამოავსებ წმინდა ცეცხლით ლოცვის სასაკმევლეს. უწმინდური ცეცხლი — ბრმა ნივთიერი განხურვება სისხლისა — აკრძალულია ყოვლადწმინდა ღვთის წინაშე მისართმევად.

წმინდა ლოცვითი ცეცხლი, ნასესხები საღვთო კარვიდან არის წმინდა სიყვარული, რომელიც იღვრება ჭეშმარიტ ქრისტიანებზე სული წმინდის მეშვეობით (რომ. 5:5). მლამობელი შეაერთოს ლოცვა სისხლის ცეცხლთან, ჰგონებს, თავის თვითცდუნებულობაში, საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენით შემცდარი, აღუსრულოს მსახურება უფალს, და სინამდვილეში არისხებს მას.

არ ეძიო ლოცვაში სიამოვნებები: ისინი სულაც არ არის ცოდვილისთვის ჩვეულნი. ცოდვილის სურვილი განიცადოს სიამოვნება არის უკვე თვითცდუნებულობა. ეძიე, რომ გაცოცხლდეს შენი მკვდარი, გაქვავებული გული, რათა იგი გაიხსნას თავისი ცოდვილობის განცდისათვის, თავისი დაცემულობისა, თავისი არარაობისა, რომ მან იხილოს ისინი, აღიაროს ისინი თვითუარყოფით. მაშინ გამოჩნდება შენში ლოცვის ჭეშმარიტი ნაყოფი: ჭეშმარიტი სინანული. შენ გოდებას დაიწყებ ღვთის წინაშე და დაიწყებ გოდებას მისდამი ლოცვით სულის სავალალო მდგომარეობიდან, რომელიც შენთვის უეცრად გაცხადდა: დაიწყებ გოდებას, როგორც დილეგიდან, როგორც საფლავიდან, როგორც ჯოჯოხეთიდან.

სინანული შობს ლოცვას, და ჭარბი რაოდენობით იშვება თავისი ასულისაგან.

ლოცვაში სიამოვნება გამონაკლისი ხვედრია ღვთის წმინდა რჩეულებისა, რომლებიც განახლებულნი არიან სული წმინდით. ვინც, გატაცებული სისხლის მოძალებებით, გატაცებული სიამაყითა და ავხორცობით, თხზავს თავისი თავისთვის სიამოვნებებს: იგი იმყოფება მწარე თვითცდუნებულობაში. ასეთი შეთხზვის ფრიად შემძლებელია სული, რომელიც დაბნელებულია სხეულებრივი ცხოვრებით, სული, რომელიც შემცდარია და ცდუნდება თავისი სიამაყით.

შეგრძნებები, რომლებიც წარმოიშვება ლოცვითა და სინანულით, მდგომარეობს სინდისის შემსუბუქებაში, სულიერ მშვიდობაში, მოყვასსა და ცხოვრებისეულ გარემოებებთან შერიგებაში, მოწყალებასა და თანაგრძნობაში კაცობრიობის მიმართ, ვნებებისგან თავშეკავებულებაში, ამა სოფლის მიმართ გულცივობაში, ღვთის მორჩილებაში, ძალაში ცოდვილ გულისთქმებსა და მიდრეკილებებთან ბრძოლაში, ამ შეგრძნებებით — რომლებითაც, თუმცა, არის ხსნის იმედის გემოსხილვა — იყავი კმაყოფილი. არ ეძიო წინსწრებით ამაღლებული სულიერი მდგომარეობები და ლოცვითი აღტაცებები. ისინი არც ისეთებია სინამდვილეში, როგორებადაც ისინი წარმოუდგება ჩვენს წარმოსახვას: სული წმინდის მოქმედება, რომლისგანაც იშვება ამაღლებული ლოცვითი მდგომარეობები, შეუცნობელია ხორციელი გონებისთვის18.

ისწავლე, ილოცო მთელი შენი გონებით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით. იკითხავ: რას ნიშნავს ეს? — ეს სხვაგვარად ვერ შეიმეცნება, თუ არა გამოცდილებით. ეცადე მუდმივად დაკავდე ყურადღებიანი ლოცვით: ყურადღებიანი ლოცვა მოგაწვდის შენ კითხვაზე პასუხს ნეტარი გამოცდილებით.

მძიმედ, მოსაწყენად, მშრალად წარმოუდგება ლოცვის ღვაწლი გონებას. რომელიც მიჩვეულია დაკავებული იყოს მხოლოდ ხრწნადი საგნებით. ძნელად შეიძინება ჩვევა ლოცვისა; როდესაც კი შეიძინება ეს ჩვევა, მაშინ უკვე იგი იქცევა მოუკლებელი სულიერი ნუგეშინის წყაროდ.

ლოცვა, როგორც უკვე ნათქვამია ზემოთ, დედაა ყველა სათნოებისა: მოიპოვე დედა! მასთან ერთად მოვლენ მისი შვილებიც შენი სულის სახლში, აქცევენ მას საღვთო ტაძრად.

ყველა საქმის დაწყების წინ მიართვი ლოცვა ღმერთს; მისით მიიზიდე კურთხევა ღვთისა შენს საქმეებზე, და მისით განსაჯე შენი საქმეები: ლოცვაზე ფიქრი განაშორებს იმ საქმეებისგან, რომლებიც ღვთის მცნებებს ეწინააღმდეგება.

ვინც ყველა საქმისა და სიტვყის წინ მიმართავს ლოცვით ღმერთს შთაგონებისათვის, დახმარებისათვისა და კურთხევისათვის: იგი აღასრულებს თავის ცხოვრებას თითქოს ღვთის მზერის წინაშე, მისი ხელმძღვანელობის წინაშე. ასეთი ქმედების მიმართ ჩვევა მოსახერხებელია; არაფერია გონებაზე სწრაფი, თქვა დიდმა ბარსანუფიმ, არაფერია უფრო მოსახერხებელი, ვიდრე აღმართვა გონებისა ღმერთთან ყოველნაირი შემხვედრი საჭიროებისას19.

რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობებში გაახშირე ლოცვები ღვთის მიმართ. უფრო სანდოა ლოცვებისთვის მიმართვა, ვიდრე სუსტი ადამიანური გონების ცარიელი მოსაზრებებისათვის, რომლებიც, უფრო მეტად, აღმოჩნდება შეუსრულებელი. უფრო სანდოა დაყრდნობა რწმენითა და ლოცვით ყოვლისშემძლე ღმერთზე, ვიდრე — მერყევი მოსაზრებებითა და ვარაუდებით — საკუთარ უძლურ გონებაზე.

არ იყო უგუნური შენს თხოვნებში, რათა არ განარისხო ღმერთი შენი ჭკუამოკლეობით: მეფეთა მეფისგან რაიმე უმნიშვნელოს მთხოვნელი აკნინებს მას. ისრაელიანები, იმასთან ერთად, რომ დატოვეს ყურადღების გარეშე ღვთის სასწაულები, მათთვის აღსრულებული უდაბნოში, ითხოვდნენ კუჭის ნების აღსრულებას — “და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა, და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა,” (ფს. 77:30-31)20.

მიართვი ღმერთს თხოვნები, რომლებიც შეესაბამება მის დიდებულებას. ითხოვდა მისგან სოლომონი სიბრძნეს; მიიღო იგი, და მასთან ერთად მრავალი სხვა სიკეთე: იმიტომ, რომ ითხოვდა გონიერებით. ითხოვდა მისგან ელისე სული წმინდის მადლს, მისი დიდებული მასწავლებლის წინაშე ძლიერს, და მისი თხოვნა შესმენილ იქნა.

თავიანთ ლოცვებში ხრწნადი მიწიერი სიკეთეების მძებნელნი აღძრავენ თავიანთ მიმართ გაღიზიანებას ზეციერი მეუფისას. ანგელოზები და მთავარანგელოზები — ეს მისი დიდებულები — გაკვირდებიან შენი ლოცვისას, უყურებენ, რას ითხოვ ღვთისაგან. ისინი ოცდებიან და უხარიათ, როდესაც ხედავენ მიწიერს, რომელმაც დატოვა თავისი მიწა და შესწირა თხოვნა რაიმე ზეციერის მისაღებად; ისინი წუხან, პირიქით, იმაზე, ვინც დატოვა ყურადღების გარეშე ზეციური, და ითხოვს თავის მიწასა და ხრწნას.

ჩვენ მცნებად მოგვეცა, ვიყოთ ყრმები ბოროტებისთვის, და არა გონებით (1კორ. 14:20). ლოცვისას უარიყოფა ამქვეყნიური გონება, მრავალსიტყვიანი და ზვიადი; აქედან არ გამომდინარეობს, რომ დაიშვებოდეს, მოითხოვებოდეს მასში ჭკუამოკლეობა. მასში მოითხოვება გონება სრულყოფილი, გონება სულიერი, რომელიც აღვსებულია მდაბალსიბრძნეობითა და უბრალოებით, რომელიც ლოცვისას გამოვლინდება არა სიტყვებით, არამედ სიტყვებზე აღმატებულით — ლოცვითი მდუმარებით. ლოცვითი მდუმარება მაშინ მოიცავს გონებას, როდესაც წარმოუდგება მას ახალი, სულიერი წარმოდგენები, რომლებიც ვერ გამოიხატება ამსოფლიური და ამ საუკუნის სიტყვებით, როდესაც განცხადდება განსაკუთრებით ცოცხალი განცდა თანამყოფი ღმერთისა. ღვთაების უსასრულო სიდიადის წინაშე დუმდება მისი უძლური ქმნილება — ადამიანი.

მრავალსიტყვაობა (მთ. 6:7-8), რომელიც გაკიცხულია ღვთისაგან წარმართთა ლოცვებში, მდგომარეობს მრავალრიცხოვან თხოვნაში დროებითი სიკეთეების შესახებ, რომლითაც სავსეა წარმართთა ლოცვები, იმ ორატორულ გადმოცემაში, რომელშიც ისინია გადმოცემული21 — თითქოს რიტორულ გალამაზებას, ნივთიერ ჟღერადობასა და სიტყვის ძალას შეუძლია ზუსტად ისევე იმოქმედოს ღმერთზე, როგორც ისინი მოქმედებენ ხორციელი ადამიანების სმენასა და ნერვებზე. იმით, რომ განიკითხავს ამ მრავალსიტყვაობას, უფალი სულაც არ განიკითხავს განგრძობილ ლოცვებს, როგორც წარმოედინა ზოგიერთ ერეტიკოსს: მან თავად განწმინდა განგრძობილი ლოცვა იმით, რომ იმყოფებოდა დიდ ხანს ლოცვაში. “და იყო… და ღამესა ათევდა” (ე.ი. იყო მთელი ღამე) “ლოცვითა ღმრთისა მიმართ” (ლკ. 6:12), მოგვითხრობს უფალზე სახარება.

ღვთის სათნო ადამანების ლოცვების ხანგრძლივობა — არაა მრავალსიტყვაობიდან გამომდინარე, არამედ უხვი სულიერი შეგრძნებებისგან, რომლებიც ცხადდება მათში ლოცვის დროს. ამ შეგრძნებების სიუხვითა და ძალით ნადგურდება, ასე ვთქვათ, დრო, რომელიც ამიერიდან ღვთის წმინდათათვის იქცევა მარადისობად.

როდესაც ლოცვის მოქმედი მიაღწევს წარმატებას თავის ნეტარ ღვაწლში: მაშინ აზრთა მრავალფეროვნება ფსალმუნებსა და სხვა ლოცვანთა სიტყვებში ხდება შეუფერებელი მისი მოწყობისათვის. მეზვერის ლოცვა და სხვა უმოკლესი ლოცვები უფრო დამაკმაყოფილებლად გადმოსცემენ გამოუთქმელ, ფართო სურვილებს გულისას, და ხშირად ღვთის სათნომყოფელები ასეთ ლოცვებში ატარებდნენ მრავალ საათს, დღესა და წლებს, ისე, რომ არ გრძნობდნენ აზრთა მრავალფეროვნების საჭიროებას თავიანთი ძლიერი, შემოკრებილი ლოცვისთვის. (მღვდელმონაზონმა სერაფიმე საროველმა, ბერმა, განსაკუთრებულად წარმატებულმა ლოცვაში, გაატარა ათასი დღე და ათასი ღამე ისე, რომ იდგა ქვაზე და შეჰღაღადებდა ღმერთს: “ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!”)22.

ერეტიკოსების შექმნილი ლოცვები საკმაოდ წააგავს წარმართთა ლოცვებს: მათში მრავალმეტყველებაა; მათში სიტყვის მიწიერი სილამაზეა; მათში სისხლის განხურვებაა; მათში სინანულის ნაკლებობაა; მათში სწრაფვაა, ძე ღვთისას ქორწილში პირდაპირ ვნებათა საროსკიპოდან; მათში თვითცდუნებულებაა. ისინი სული წმინდისთვის უცხონი არიან: ქრის მათგან სასიკვდილო სნეულება ბნელი სულისა, მზაკვარი სულისა, სულისა ტყუილისა და დაღუპვისა.

დიდია ლოცვით დაკავებულობა! წმინდა მოციქულებმა ლოცვისა და სიტყვის მსახურებისათვის მიატოვეს მოყვასის მსახურება მათს სხეულებრივ საჭიროებებში. “არა სათნო არს ჩუენდა, — თქვეს მათ — დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა… ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.” (საქ. 6:2,4), ე.ი. საუბარში ღმერთთან ლოცვით და საუბარში ღმერთის შესახებ მოყვასთან, იმით, რომ მიუთხრობდნენ მათ სამპიროვან ღმერთსა და განკაცებულ ღმერთ-სიტყვას.

ლოცვით დაკავებულობა არის უმაღლესი საქმიანობა ადამიანის გონებისათვის; გართობისგან თავისუფალი სიწმინდის მდგომარეობა, მოგვრილი გონებისათვის ლოცვით არის მისი უმაღლესი ბუნებრივი მდგომარეობა; მისი აღტაცება ღმრთისაკენ, რომლის საწყისი მიზეზია სუფთა ლოცვა, არის ზებუნებრივი მდგომარეობა23.

ზებუნებრივ მდგომარეობას აღწევენ მხოლოდ ღვთის წმინდა სათნომყოფელები, რომლებიც განახლებულნი არიან სული წმინდით, ძველი ადამისაგან განძარცვულნი, ახალით შემოსილნი, შემძლებელნი “განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად” უფლის სულის მეშვეობით (2კორ. 3:18). საღვთო გამოცხადებათა უმეტეს ნაწილს ისინი იღებენ ლოცვით ვარჯიშისას, როგორც ისეთ დროს, რომელშიც სული არის განსაკუთრებით მომზადებული, განსაკუთრებით განწმენდილი, განწყობილი ღმერთთან ურთიერთობისათვის24. ასე წმინდა მოციქულმა პეტრემ ლოცვისას იხილა ციდან დაშვებული მნიშვნელოვანი ტილო (საქ. 10:11). ასე კორნელიოს ასისთავს ლოცვისას გამოეცხადა ანგელოზი (საქ. 10:3). ასე, როდესაც მოციქული პავლე ლოცულობდა იერუსალიმის ტაძარში, გამოეცხადა მას უფალი, და უბრძანა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იერუსალიმი: “წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ” (საქ. 22:21), უთხრა მან მას.

ლოცვა მცნებად მოგვცა უფალმა, ისე, როგორც სინანული. დასასრული ლოცვისა, ისევე, როგორც სინანულისა დაგვიდგინა ერთი: შესვლა ზეციურ სასუფეველში, სასუფეველსა ღმრთისასა, რომელიც ჩვენშია. “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 4:17). “სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს” (ლკ. 17:21). “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს… მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.” (ლკ. 11:9-10,13). “ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე,” და რომლებიც შესჩივიან იმ ძალადობის გამო, რომელსაც მათ აყენებს ცოდვიანი დაავადება და ეშმაკები? “გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე” (ლკ. 18:7-8). ღვთის სასუფეველში შესვლა, რომელიც ჩარგულია ყოველი ქრისტიანის გულში წმინდა ნათლობით, არის ამ სამეფოს განვითარება სული წმინდის მოქმედების მეშვეობით.

ისწრაფე ლოცვით, ხსნას მოწყურებულო სულო, ისწრაფე მხსნელის კვალდაკვალ, რომელსაც მრავალი მოწაფე ახლავს თან. მოუხმე მის კვალდაკვალ ლოცვით ქანანელი დედაკაცის მსგავსად (მთ. 15:22-28); არ გაწბილდე მისი ხანგრძლივი უყურადღებობით; დაითმინე დიდსულოვნად და სიმდაბლით მწუხარებები და დამცირება, რომლებიც მან შენზე დაუშვა ლოცვით გზაზე. ლოცვაში წარმატებისათვის აუცილებლად საჭიროა დახმარება ცდუნებებისაგან. შენი რწმენისამებრ, შენი სიმდაბლისათვის, განუშორებლობისათვის შენი ლოცვისაგან, იგი ნუგეშს გცემს ვნებების მოქმედებისაგან შეპყრობილი შენი ქალიშვილის განკურნებით — განკურნებით შენი აზროვნებისა და გრძნობებისა, იმით, რომ აქცევს მათ ვნებიანობიდან უვნებობობისკენ, ცოდვიანობიდან წმინდად, ხორციელისგან სულიერად. ამინ


  1. კიბე. დასათაურება 28-ე სიტყვისა. ღირსი მაკარი ეგვიპტელი. სიტყვა 3 თავი 1.
  2. ღირსი პიმენი დიდის განმარტების მიხედვით. ანბანური პატერიკი.
  3. კიბე. სიტყვა 28-ე, თავი VII.
  4. კიბე. სიტყვა 7. თავი 11.
  5. სიტყვა 89.
  6. ღირსი კასიანე. სიტყვა განსჯის შესახებ. სათნოებისმოყვარეობა, ნაწ. მე4.
  7. წმ. ისააკ ასური. სიტყვა 85.
  8. მისივე. სიტყვა 11.
  9. წმინდა ისააკ ასური. სიტყვა 56 და 57-ე.
  10. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა ლოცვის სამი სახეობის შესახებ. სათნოებისმოყვარეობა, თ. 1.
  11. კიბე. სიტყვა 28, თავი. 17.
  12. კალისტე და ეგნატე ქსანთოპულოები. სათნოებისმოყვარეობა, ნაწ. 4, თ. 24.
  13. ნაწარმოები “ლოცვის შესახებ” ამ სათნომყოფელისა უფლისა განთავსებულია წიგნში “კლასები”, გამოცემა ოპტინის უდაბნოსი.
  14. ღირსი გრიგოლ სინელი. ხიბლის შესახებ, თავები საკმაოდ სასარგებლონი. სათნოებისმოყვარეობა, ნაწ 1.
  15. სიტყვა ღირსი სვიმონისა ლოცვის სამ სახეობაზე.
  16. კიბე, სიტყვა 28, თ. 17.
  17. მღვდელმონაზონი სერაფიმე საროველი.
  18. წმინდა ისააკ ასური. სიტყვა 55.
  19. პასუხი 216.
  20. ეს სტატია და მისი მომდევნო ორი ნასესხებია მე-5 სიტყვიდან წმინდა ისააკ ასურისა.
  21. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტების მიხედვით.
  22. გამონათქვამი მამა სერაფიმეს სიცოცხლესა და ღვაწლის შესახებ. მოსკოვი 1844 წ.
  23. კიბე. სიტყვა 28.
  24. წმინდა ისააკ ასური. სიტყვა XVI.
Next