თავი 11
Previousმარხვის შესახებ
სათნოებათა თავია ლოცვა; მათი საფუძველი — მარხვა.
მარხვა არის გამუდმებული ზომიერება საჭმელში მასში კეთილგონივრული გარჩევადობით.
ამაყო ადამიანო! შენ ასე ბევრს ოცნებობ და ასე მაღლად შენი გონების შესახებ, ხოლო ის სრულად და განუწყვეტლად დამოკიდებულია კუჭზე.
მარხვის კანონი, რომელიც არის გარეგნულად კანონი კუჭისთვის, არსით არის კანონი გონებისთვის.
გონებას, ამ მეფეს ადამიანში, თუ სურს პრეტენზია განაცხადოს თავის უფლებებზე თვითმპყრობელობისა და დაიცვას ისინი, უპირველეს ყოვლისა უნდა დაემორჩილოს მარხვის კანონს. მხოლოდ მაშინ იქნება მუდმივად ფხიზელი და ნათელი; მხოლოდ მაშინ შეძლებს იბატონოს გულისა და სხეულის სურვილებზე; მხოლოდ მუდმივი სიფხიზლისას შეძლებს შეისწავლოს სახარების მცნებები და მისდიოს მათ. სათნოებათა საფუძველია მარხვა.
ახლად შექმნილ ადამიანს, სამოთხეში შეყვანილს, მიცემული აქვს ერთადერთი მცნება, მცნება მარხვის შესახებ. რა თქმა უნდა, მიცემულია ერთი მცნება იმიტომ, რომ იგი საკმარისი იყო, პირველქმნილი ადამიანის დაცვისათვის თავის უბიწოებაში.
მცნება არ საუბრობდა საკვების რაოდენობაზე, არამედ კრძალავდა მხოლოდ ხარისხს. დაე დაჩუმდნენ ისინი, რომლებიც აღიარებენ მარხვას მხოლოდ საკვების რაოდენობაში, და არა ხარისხში. მარხვის გამოცდილებითად შესწავლაში ჩაღრმავებისას, ისინი დაინახავენ საკვების ხარისხის მნიშვნელობას.
ისეთი მნიშვნელოვანია მარხვის მცნება, გამოცხადებული ღვთისგან ადამიანის მიმართ სამოთხეში, რომ მცნებასთან ერთად, გამოთქმულია მუქარა მცნების დარღვევისათვის. სასჯელი მდგომარეობდა ადამიანის მარადიული სიკვდილით განგმირვაში.
და ახლაც ცოდვიანი სიკვდილი აგრძელებს მარხვის წმინდა მცნების დამრღვევთა განგმირვას. ვინც არ იცავს საკვებში ზომიერებას და სათანადო გარჩევადობას, ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ქალწულება და მთელცნობობა, ვერ შეძლებს ალაგმოს მრისხანება, ეძლევა სიზარმაცეს, უიმედობასა და მწუხარებას, ხდება პატივმოყვარეობის მონა, სამკვიდრებელი სიამაყისა, რომელიც შეყავს ადამიანში მის ხორციელ მდგომარეობას, რაც ცხადდება უმეტესად საუცხოო და ნაყროვანი ტრაპეზისაგან.
მარხვის მცნება განახლებულია ანდა დადასტურებულია სახარებით. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ (ლკ. 21:34), გვიანდერძა უფალმა. ნაყროვანება და დათრობა ადონდროხებს არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასა და გულს, ესე იგი, შეჰყავთ ადამიანი სულითა და სხეულით ხორციელ მდგომარეობაში.
ამის საწინააღმდეგოდ, მარხვას შეჰყავს ქრისტიანი სულიერ მდგომარეობაში. მარხვით განწმენდილი – სულით მდაბალია, მთელმცნობელია, მორიდებულია, მდუმარეა, ფაქიზია გულისმიერი გრძნობებით და აზრებით, მსუბუქია სხეულით, შემძლებელია სულიერი ღვაწლისა და გონებისმიერი ჭვრეტებისა, შემძლებელია საღვთო მადლის მიღებისა.
ხორციელი ადამიანი მთლიანად ჩაფლულია ცოდვიან სიამოვნებებში. იგი ავხორცია სხეულითაც, და გულითაც, და გონებითაც, მისთვის შეუძლებელია არა მხოლოდ სულიერი სიამოვნება და საღვთო მადლის მიღება, არამედ სინანული. მისთვის შეუძლებელია საერთოდ სულიერი საქმიანობები: იგი მილურსმულია მიწას, ჩაიხრჩო ნივთიერში, ცოცხლად მკვდარია სულით.
„ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის“ (ლკ. 6:25). ასეთია ღვთის სიტყვის გამონათქვამი წმინდა მარხვის მცნების დამრღვევთა მიმართ. რითი გამოიკვებებით მარადისობაში, როდესაც აქ ისწავლეთ დანაყრება მხოლოდ ნივთიერი საჭმელებით და ნივთიერი სიამოვნებებით, რომლებიც ზეცაში არ არის? რითი გამოიკვებებით მარადისობაში, როდესაც გიგემიათ არც-ერთი ზეციერი სიკეთე? როგორ შეგიძლიათ იკვებოთ და ისიამოვნოთ ზეციური სიკეთეებით, როდესაც მოგიპოვებიათ მათდამი არანაირი თანაგრძნობა, არამედ მოიპოვეთ ზიზღი?
ქრისტიანის არსობის პური — ქრისტეა. განუძღომელი დანაყრება ამ პურით — აი მხსნელი დანაყრება და სიამოვნება, რომელზეც დაპატიჟებულია ყველა ქრისტიანი.
განუძღომლად დანაყრდი ღმრთის სიტყვით; განუძღომლად დანაყრდი ქრისტეს მცნებების აღსრულებით; განუძღომლად დანაყრდი ტრაპეზით, განმზადებულით „წინაშე მაჭირვებელთა შენთა“, და დათვერი „ურწყული სასუმელისგან“ (ფს. 22:5).
რისგან დავიწყოთ ჩვენ, ამბობს წმინდა მაკარი დიდი1, რომლებიც არასდროს დავკავებულვართ ჩვენი გულების გამოკვლევით? გარეთ მდგომებმა დავიწყოთ ლოცვითა და მარხვით კაკუნი, როგორც კიდევაც ბრძანა უფალმა: „ირეკდით, და განგეღოს თქუენ.“ (მთ. 7:7).
ეს ღვაწლი, რომელსაც გვთავაზობს მონაზვნობის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, იყო წმინდა მოციქულების ღვაწლი. მისი გარემოდან ისინი ღირსი ხდებოდნენ ესმინათ მოწოდება სულისა. „ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა — ამბობს მათი საქმის მწერალი, — და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.“ (საქ. 13:2–3). ღვაწლის გარემოდან, რომელშიც შეერთებული იყო მარხვა და ლოცვა, გაისმა სულის ბრძანება წარმართების ქრისტიანობაზე მოწოდების შესახებ.
საოცარი შეერთებაა მარხვისა ლოცვასთან! ლოცვა უძლურია, თუკი არაა დაფუძნებული მარხვაზე, და მარხვა უნაყოფოა, თუ არაა მასზე შექმნილი ლოცვა2.
მარხვა ადამიანს ხორციელი ვნებებისგან განაყენებს, ხოლო ლოცვა იბრძვის სულიერ ვნებებთან, და მათზე გამარჯვების შემდეგ, აღწევს ადამიანის მთელ შემადგენლობაში, წმენდს მას; განწმენდილ სიტყვიერ ტაძარში მას შეჰყავს ღმერთი.
ვინც, მიწის დაუმუშავებლად თესავს მასზე: იგი ღუპავს მარცვალს, და ხორბლის მაგივრად იწევს ეკალს. ასე ჩვენც, თუ დავთესავთ ლოცვის თესლს, სხეულის დაუძლურების გარეშე: მაშინ სიმართლის ნაცვლად ნაყოფად მოვიღებთ ცოდვას. ლოცვა დაიწყებს განადგურებასა და ჩვენგან გამოტაცებას სხვადასხვა ამაო და მავნე აზრებითა და ოცნებებით, შერყვნას ვნებიანი შეგრძნებებით. ჩვენი სხეული წარმოიშვა მიწისაგან, და, თუ არ დამუშავდა იგი მიწასავით, ვერასოდეს შეძლებს გამოიღოს სიმართლის ნაყოფი3.
ამის საწინააღმდეგოდ, თუ ვინმე დაამუშავებს მიწას დიდი მონდომებით და დანახარჯებით, მაგრამ დატოვებს დაუთესავად: მაშინ ის ხშირი ღვარძლით დაიფარება. ასე, როდესაც სხეული შევიწროვდება მარხვით, ხოლო სული არ დამუშავდება ლოცვით, კითხვით, სიმდაბლით: მაშინ მარხვა ხდება მრავალრიცხოვანი ღვარძლის, — სულიერი ვნებების, მშობელი: ამპარტავნებისა, პატივმოყვარეობისა, ქედმაღლობისა4.
რა არის ასეთი ნაყროვანებისა და მემთვრალეობის ვნება? სისწორედაკარგული, სასმლისა და საჭმლის ბუნებრივი სურვილი, რომელიც საჭიროებს გაცილებით მეტ რაოდენობასა და მათს მრავალფეროვან ხარისხს, ვიდრე რაც საჭიროა სიცოცხლისა და ხორციელი ძალების შესანარჩუნებლად, რომლებზეც გადამეტებული კვება მოქმედებს თავისი ბუნებრივი დანიშნულების საწინააღმდეგოდ, მოქმედებს საზიანოდ, მათი შესუსტებისა და განადგურების გზით.
საკვების სურვილი გამოსწორდება უბრალო ტრაპეზით და დანაყრებისა და საჭმლით სიამოვნების მიღებისგან თავის შეკავებით. პირველად საჭიროა დანაყრებისა და სიამოვნების მიტოვება: სწორედ ამით იხვეწება საჭმლის სურვილი, და იძენს სისწორეს. როდესაც სურვილი გახდება სწორი: მაშინ იგი კმაყოფილდება უბრალო საკვებით.
ამის საპირისპიროდ, საჭმლის სურვილი, რომელიც დანაყრებითა და სიამოვნებით კმაყოფილდება, ბლაგვდება. მის გასაღვივებლად ჩვენ მივმართავთ სხვადასხვანაირ გემრიელ საჭმელსა და სასმელს. სურვილი თავიდან ჩანს დაკმაყოფილებული; შემდეგ ხდება უფრო წუნია, და, საბოლოოდ, გადაიქცევა ავადმყოფურ ვნებად, რომელიც გამუდმებულ სიამოვნებასა და დანაყრებას ეძიებს, მუდმივად დაუკმაყოფილებელი რჩება.
ღვთის მსახურებისთვის თავის მიძღვნის განზრახვისას, ჩვენს ღვაწლს საფუძვლად დავუდოთ მარხვა. არსებითი თვისება ყველა საფუძვლისა უნდა იყოს შეურყეველი სიმტკიცე: სხვაგვარად შეუძლებელია მასზე შენობის დადგმა, როგორი მყარიც არ უნდა იყოს თავისთავად შენობა. და ჩვენ არანაირად, არასოდეს, არავითარი საბაბით, არ დავრთავთ ნებას ჩვენს თავს მარხვა დავარღვიოთ ნაყროვანებით, განსაკუთრებით კი დათრობით.
საუკეთესო მარხვად მიიჩნევენ წმინდა მამები საკვების მიღებას დღეში ერთხელ არა დანაყრებამდე. ასეთი მარხვა არ ასუსტებს სხეულს გახანგრძლივებული უჭმელობით და არ ამძიმებს მას საკვების გადამეტებით, ამასთან ინახავს მას სულის მხსნელი საქმიანობის შემძლებლობის მდგომარეობაში. ასეთი მარხვა არ წარმოადგენს რაიმენაირ მბრწყინავ განსაკუთრებულებას, და ამიტომ მმარხველს არ აქვს მიზეზი განდიდებულობისათვის, რომლისკენაც ასეა მიდრეკილი ადამიანი თავად სათნოების გამო, განსაკუთრებით როდესაც ის მკვეთრად წინ წამოიწევა.
ვინც დაკავებულია ხორციელი შრომით ან ისე სუსტია სხეულით, რომ არ შეუძლია იკმაროს დღეში ერთხელ საჭმლის მიღება: მან უნდა შეჭამოს ორჯერ. მარხვა ადამიანისთვისაა და არა ადამიანი მარხვისთვის.
მაგრამ ყოველგვარი საჭმლის მიღებისას, იშვიათისაც და ხშირისაც, მკაცრად იკრძალება დანაყრება: იგი ხდის ადამიანს სულიერი ღვაწლის ვერ შემძლებლად, და კარს უღებს სხვა ხორციელ ვნებებს.
უზომო მარხვა, ესე იგი, ხანგრძლივი, ზედმეტი თავშეკავება საკვებისაგან, არ არის მოწონებული წმინდა მამების მიერ: უზომო თავშეკავებისა და მისგან მომდინარე მოქანცულობისგან ადამიანს არ შეუძლია სულიერი ღვაწლების აღსრულება, ხშირად უბრუნდება ნაყროვანებას, ხშირად ვარდება თავის ამაღლებისა და სიამაყის ვნებაში.
ფრიად მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი. აკრძალული სამოთხის ნაყოფი, თუმცა იყო შესახედავად თვალწარმტაცი და გემრიელი, მაგრამ იგი დამღუპველად მოქმედებდა სულზე: გადასცემდა მას კეთილისა და ბოროტის შეცნობას, და ამით ანადგურებდა უბიწოებას, რომელშიც იყვნენ შექმნილი ჩვენი პირველმშობლები.
და ახლაც საკვები აგრძელებს, ძლიერად იმოქმედოს სულზე, რაც განსაკუთრებულად შესამჩნევია ღვინის მოხმარებისას. საკვების ასეთი მოქმედება დაფუძნებულია მის სხვადასხვაგვარ მოქმედებაზე სხეულსა და სისხლზე, და იმაზე, რომ მისი ორთქლები და აირები კუჭიდან ადიან ტვინში და აქვთ გავლენა გონებაზე.
ამ მიზეზით, ყველა მათრობელა სასმელი, განსაკუთრებით პურეული, აკრძალულია მოღვაწისათვის, როგორც გონებისთვის სიფხიზლის, და ამით აზრობრივ ბრძოლაში გამარჯვების წამრთმევი. დამარცხებული გონება, განსაკუთრებით ვნებიანი გულისთქმებით, მათით დამტკბარი, სულიერი მადლის გარეშე რჩება; ბევრი და დიდი ხნის შრომით მიღწეული იკარგება რამოდენიმე საათში, რამოდენიმე წუთში.
მონაზონმა სულაც არ უნდა მიიღოს ღვინო, თქვა ღირსმა პიმენ დიდმა5. ამ წესს უნდა მიჰყვეს ყველა ღვთისმოსავი ქრისტიანი, რომელსაც სურს შეინარჩუნოს თავისი ქალწულება და მთელცნობობა. წმინდა მამები მისდევდნენ ამ წესს, ხოლო თუ მოიხმარდნენ ღვინოს, ისიც ფრიად იშვიათად და უდიდესი ზომიერებით.
გასახურებელი საკვები უნდა მოშორდეს თავშეკავებულის ტრაპეზიდან, როგორც ხორციელი ვნებების გამღვივებელი. ასეთებია წიწაკა, ჯანჯაფილი და სხვა სანელებლები.
ყველაზე ბუნებრივი საკვები — ისაა, რომელიც განკუთვნილია ადამიანისათვის შემოქმედისგან დაუყოვნებლივ შექმნიდან — საჭმელი მცენარეთა სამეფოდან: უთხრა ღმერთმა ჩვენს პირველმშობლებს: „აჰა, მიგცე თქვენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.“ (დაბ. 1:29). უკვე წარღვნის შემდეგ ნებადართულია ხორცის მირთმევა (დაბ. 9:3).
მცენარეული საკვები საუკეთესოა მოღვაწისათვის. იგი ყველაზე ნაკლებად განახურებს სისხლს, ყველაზე ნაკლებად აპოხიერებს სხეულს; მისგან გამოყოფილი და ტვინში ასული ორთქლები და აირები, ყველაზე ნაკლებად მოქმედებენ მასზე; საბოლოოდ იგი — ყველაზე ჯანმრთელია, როგორც ყველაზე ნაკლებად წარმომქმნელი ლორწოებისა კუჭში. ამ მიზეზების გამო, მისი მოხმარებისას განსაკუთრებული მოსახერხებლობით ნარჩუნდება სისუფთავე და სიმხნევე გონებისა, ხოლო მასთან ერთად მისი ძალაუფლება მთელ ადამიანზე; მისი მოხმარებისას უფრო სუსტად მოქმედებენ ვნებები, და ადამიანს უფრო მეტად შეუძლია დაკავდეს ღმრთისმოსავობის ღვაწლებით.
თევზეული საჭმელები, განსაკუთრებით მომზადებული ზღვის მსხვილი თევზებისგან, უკვე სრულიად სხვა თვისებებისაა: ისინი უფრო საგრძნობად მოქმედებენ ტვინზე, ავსებენ სხეულს, განახურებენ სისხლს, ავსებენ კუჭს მავნე ლორწოებით, განსაკუთრებით ხშირი და მუდმივი მოხმარებისას.
ეს მოქმედებები შეუდარებლად ძლიერია ხორციელი საკვების მიღებისას: იგი უკიდურესად აპოხიერებს სხეულს, მოაქვს მისთვის განსაკუთრებული სიდონდროხე, განახურებს სისხლს; მისი ორთქლები და აირები ძალიან ამძიმებენ ტვინს. ამ მიზეზით იგი საერთოდაც არ გამოიყენება მონაზვნების მიერ; იგი ერში მცხოვრები ხალხის საკუთრებაა, რომლებიც ყოველთვის დაკავებული არიან გაძლიერებული ხორციელი შრომით. მაგრამ მათთვისაც მისი მუდმივი მოხმარება საზიანოა.
როგორ! წამოიძახებენ აქ მოჩვენებითი გონიერები: ხორციელი საკვები ნებადართულია ადამიანისათვის ღვთისგან, და თქვენ კრძალავთ მის მოხმარებას? — ამაზე ჩვენ ვპასუხობთ მოციქულის სიტყვებით: „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა (ესე იგი ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის), არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს“ (1კორ. 10:23). ჩვენ თავს ვიკავებთ ხორცის მიღებისგან არა იმიტომ, რომ მივიჩნევთ მას უწმინდურად, არამედ იმიტომ, რომ ისინი იწვევენ განსაკუთრებულ სიდონდროხეს მთელ ჩვენს შემადგენლობაში, ხელს უშლიან სულიერ წარმატებას.
წმინდა ეკლესიამ ბრძნული განწესებებითა და თავისი დადგენილებებით, ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ხორცის მოხმარების ნების მიცემისას, არ დაუშვა მისი გამუდმებული მოხმარება, არამედ გაყო დროები ხორცის ჭამისა ხორცისგან თავშეკავების დროისაგან, დროისაგან, რომლის დროსაც ფხიზლდება ქრისტიანი ხორცის ჭამისაგან. მარხვების ასეთი ნაყოფი შეიძლება თავის თავზე გამოცდილებით შეიცნოს ყოველმა მისმა დამცველმა.
მონაზვნისთვის აკრძალულია ხორცის მოხმარება, დაშვებულია რძის პროდუქტებისა და კვერცხის მიღება ხორცის მოხმარების დროს. განსაზღვრულ დროებსა და დღეებში მათთვის დაშვებულია თევზის მიღება. მაგრამ ყველაზე მეტი დროის განმავლობაში მათ შეუძლიათ მოიხმარონ მხოლოდ მცენარეული საკვები.
მხოლოდ მცენარეულ საკვებს მოიხმარენ ყველაზე მოშურნე მოღვაწენი ღვთისმოსავობისა, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან თავიანთ თავში ღვთის სულის სვლას (2კორ. 6:17), ამ საკვების ზემოთხსენებული ხელსაყრელობისა და მისი სიიაფის გამო. სასმელად ისინი მოიხმარენ მხოლოდ წყალს, თავს არიდებენ რა არა მხოლოდ გამახურებელ და მათრობელა სასმელებს, არამედ ნოყიერსაც, როგორებიცაა ყველა პურეული სასმელი6.
მარხვის წესები დადგენილია ეკლესიის მიერ მისი შვილების დახმარების მიზნით, როგორც სახელმძღვანელო მთელი ქრისტიანული საზოგადოებისათვის. ამასთან ყველას დანიშნულება აქვს მიცემული, თავისი თავი განიხილოს გამოცდილი და განმსჯელი სულიერი მამის დახმარებით, და არ აიღოს თავზე ძალებზე აღმატებული მარხვა: იმიტომ, რომ, ვიმეორებთ, მარხვა ადამიანისთვისაა და არა ადამიანი მარხვისთვის; საჭმლის მეშვეობით, რომელიც სხეულის საჭიროებების სამსახურადაა მოცემული, არ უნდა განადგურდეს იგი.
„თუ შეაკავებ კუჭს, თქვა წმინდა ბასილი დიდმა, მაშინ ახვალ სამოთხეში; ხოლო თუ ვერ შეაკავებ, მაშინ სიკვდილის მსხვერპლი იქნები“7. სიტყვა “სამოთხის” მიღმა აქ უნდა მოვიაზროთ მადლისმიერი ლოცვითი მდგომარეობა, ხოლო სიტყვა სიკვდილის მიღმა ვნებიანი მდგომარეობა. ადამიანის მადლისმიერი მდგომარეობა, მისი დედამიწაზე მყოფობის დროს, ემსახურება ზეციურ ედემში მისი მარადიული ნეტარების საწინდარს; ცოდვის ხელმწიფებაში და სულიერი სიკვდილის მდგომარეობაში დაცემა ემსახურება მარადიულ ტანჯვისათვის ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავარდნის საწინდარს. ამინ.
- სიტყვა 1, თავი 4.
- ღირსი მარკოზ მოღვაწე. სიტყვა 8, მარხვისა და სიმდაბლის შესახებ.
- იქვე.
- იქვე.
- ანბანური პატერიკი.
- კიბე. სიტყვა 14, თავი XII.
- ღირსი ნილოს სორელი. სიტყვა 5. ნაყროვანების გულისთქმა.