თავი 10
Previousღვთის მიმართ სიყვარულის შესახებ
გიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან მცნებად მოგვცა, გვიყვარდეს იგი, და არა ისე, როგორც ფიქრობენ უყვარდეთ იგი თვითცდუნებულ მეოცნებეებს.
არ შეთხზა შენთვის აღტაცებები, არ მოიყვანო მოქმედებაში შენი ნერვები, არ განიხურვო თავი ნივთიერი ალით, შენი სისხლის ალით. ღვთისთვის კეთილსასურველი მსხვერპლია — გულის სიმდაბლე, სულის შემუსვრილება. რისხვით ზურგს აქცევს ღმერთი მსხვერპლს, გაღებულს თვითმოიმედეობით, ამაყი წარმოდგენით საკუთარ თავზე, თუნდაც ეს მსხვერპლი ყოფილიყოს ყოვლადდასაწველი.
სიამაყეს მოჰყავს ნერვები მოქმედებაში, განახურვებს სისხლს, აღძრავს მეოცნებეობას, აცოცხლებს დაცემულობის ცხოვრებას; სიმდაბლე ამშვიდებს ნერვებს, ათვინიერებს სისხლის მოძრაობას, ანადგურებს მეოცნებეობას, აკვდინებს დაცემულობის ცხოვრებას, აცოცხლებს ცხოვრებას იესო ქრისტეში.
„ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა“ (1სამ. 15:22), ეუბნებოდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, გაკადნიერებულს მიეძღვნა ღვთისთვის არასწორი მსხვერპლი: მსურველმა, მიუძღვნა ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი, არ მიუძღვნა იგი თვითნებურად, გაუაზრებელი სწრაფვისაგან; მიუძღვენი სიმდაბლით, იმ დროს და იმ ადგილას, როდის და სად მიძღვნაც მოგცა მცნებად უფალმა.
სულიერი ადგილი, ერთადერთი, რომელზეც მცნებად მოცემულია სულიერ მსხვერპლთა მიძღვნა, — არის სიმდაბლე1.
უფალმა მონიშნა სანდო და ზუსტი ნიშნებით მოყვარული და უყვარული. მან თქვა: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს… რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს;“ (ინ. 14:23–24).
შენ გსურს ისწავლო ღვთის სიყვარული? განეშორე ყველა საქმეს, სიტყვას, აზრს, შეგრძნებას, რომლებიც აკრძალულია სახარების მიერ. შენი მტრობით ცოდვასთან, რომელიც ასე მოძულებულია ყოვლადწმინდა ღმერთისაგან, აჩვენე და დაამტკიცე შენი სიყვარული ღმერთის მიმართ. ცოდვებს, რომელშიც მოგიწევს ჩავარდე უძლურებით, უმკურნალე სწრაფი სინანულით, მაგრამ უკეთესია ეცადო არ დაუშვა შენში ეს ცოდვებიც კი მკაცრი სიფხიზლით საკუთარი თავის მიმართ.
შენ გსურს ისწავლო ღვთის სიყვარული? გულდასმით შეისწავლე სახარებაში უფლის მცნებები და შეეცადე შეასრულო ისინი თავად საქმით, შეეცადე აქციო სახარებისეული სათნოებები ჩვევებად, შენს თვისებებად. მოყვარულისთვის დამახასიათებელია ზედმიწევნით აღასრულოს საყვარელის ნება.
„შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა; ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე“ (ფს. 118:127–128), ამბობს წინასწარმეტყველი. ასეთი ქცევა აუცილებელია ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებისათვის. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა. ამ პირობის გარეშე სიყვარული ირღვევა.
გამუდმებული თავის არიდებით ბოროტებისაგან და სახარებისეული სათნოებების აღსრულებით — რაშიც მდგომარეობს ყველა სახარებისეული წესსწავლება — ვაღწევთ ღვთის სიყვარულს. თვით ამავე საშუალებით ვრჩებით ღვთის მიმართ სიყვარულში: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15:10), თქვა მხსნელმა.
სიყვარულის სრულყოფილება მდგომარეობს ღმერთთან შეერთებაში; სიყვარულში წარმატება შეერთებულია ენით აღუწერელ სულიერ ნუგეშთან, სიამოვნებასა და განათლებასთან. მაგრამ ღვაწლის დასაწყისში სიყვარულის მოწაფემ უნდა გაუძლოს სასტიკ ბრძოლას საკუთარ თავთან, ღრმად დაზიანებულ თავის ბუნებასთან: ბოროტება, გაბუნებრივებული ცოდვით დაცემით ბუნებასთან, იქცა მისთვის კანონად, რომელიც იბრძვის და აჯანყებულია საღვთო კანონის წინააღმდეგ, წმინდა სიყვარულის კანონის წინააღმდეგ.
ღვთისადმი სიყვარული ეფუძნება მოყვასისადმი სიყვარულს. როდესაც წაიშლება შენში ავმეხსიერება: მაშინ შენ ახლოს ხარ სიყვარულთან. როდესაც შენი გული დაიფარება წმინდა, მადლისმიერი მშვიდობით მთელი კაცობრიობის მიმართ: მაშინ შენ თვით სიყვარულის კარებთან ხარ.
მაგრამ ეს კარი იღება მხოლოდ და მხოლოდ სული წმინდით. ღვთისადმი სიყვარული ღვთის ნიჭია ადამიანში, რომელმაც თავი შეამზადა ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და სხეულის სიწმინდით. შემზადების ხარისხის მიხედვით არის ნიჭის ხარისხიც: იმიტომ, რომ ღმერთი თავის წყალობაშიც სამართლიანია.
ღვთისადმი სიყვარული სავსებით სულიერია: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს“. „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3:6): ხორციელ სიყვარულს, როგორც შობილს სისხლითა და ხორცით, აქვს ნივთიერი, ხრწნადი თვისებები. იგი არ არის მუდმივი, ცვალებადია: მისი ცეცხლი მთლიანად დამოკიდებულია ნივთიერზე.
როდესაც მოისმენ წმინდა წერილისაგან, რომ ჩვენი ღმერთი ცეცხლია (ებრ. 12:29), რომ სიყვარული არის ცეცხლი, და საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლის შეგრძნებისას, არ იფიქრო, რომ ეს ცეცხლები იყოს ერთი და იგივე. არა! ეს ცეცხლები მებრძოლი არიან ერთმანეთის მიმართ და ერთი მეორეთი ქრება2. „ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებითა, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.“ (ებრ. 12:28–29).
ბუნებითი სიყვარული, დაცემული სიყვარული, განახურებს ადამიანის სისხლს, მოყავს მოქმედებაში მისი ნერვები, აღძრავს მეოცნებეობას; წმინდა სიყვარული აგრილებს სისხლს, ამშვიდებს სულსაც და სხეულსაც, მიზიდავს შინაგან ადამიანს ლოცვითი მდუმარებისკენ, ძირავს მას სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით აღტაცებაში.
ბევრმა მოღვაწემ, რომლებმაც ბუნებითი სიყვარული მიიღეს ღვთიურად, განიხურეს თავიანთი სისხლი, განიხურეს მეოცნებეობაც. განხურების მდგომარეობა ძალიან ადვილად გადადის ჭკუიდან შეშლის მდგომარეობაში. განხურებაში და ჭკუიდან შეშლაში მყოფები ბევრმა მიიჩნია მადლითა და სიწმინდით აღვსებულებად, არამედ ისინი თვითცდუნებულების უბედური მსხვერპლნი არიან.
ბევრი იყო ასეთი მოღვაწე დასავლეთის ეკლესიაში, იმ დროიდან მოყოლებული, რაც იგი პაპიზმში ჩავარდა, რომელშიც მკრეხელურად მიეწერება ადამიანს ღვთაებრივი თვისებები, და მიეგება ადამიანს თაყვანისცემა, რომელიც ეკუთვნის და შეეფერება მხოლოდ ღმერთს; ბევრმა ამ მოღვაწემ ბევრი წიგნი დაწერეს თავიანთი განხურებული მდგომარეობიდან, რომელშიც ჭკუაშეშლილი თვითცდუნება წარმოუდგებოდათ მათ საღმრთო სიყვარულად, რომელშიც მწყობრიდან გამოსული წარმოდგენა უხატავდა მათ მრავალ ხილვებს, რომლებიც აამებდნენ მათს თვითმოყვარეობასა და სიამაყეს.
აღმოსავლეთის ეკლესიის ძეო! განეშორე ასეთი წიგნების კითხვისაგან, განეშორე თვითცდუნებულთა დარიგებების მიდევნას. სახარებითა და ჭეშმარიტი ეკლესიის წმინდა მამებისგან ხელმძღვანელობით, ადი სიმდაბლით საღვთო „სიყვარულის“ სულიერ სიმაღლეზე ქრისტეს მცნებების აღსრულების მეშვეობით.
მტკიცედ იცოდე, რომ ღვთისადმი სიყვარული სული წმინდის უმაღლესი ნიჭია, ხოლო ადამიანმა შეიძლება მხოლოდ შეამზადოს თავი სიწმინდითა და სიმდაბლით ამ დიდებული ნიჭის მისაღებად, რომლითაც იცვლება გონებაც, გულიც და სხეულიც.
ამაოა შრომა, უნაყოფოა იგი და საზიანო, როდესაც ჩვენ ვეძებთ გამოვამჟღავნოთ ჩვენში მაღალი სულიერი ნიჭები: მათ იძლევა გულმოწყალე ღმერთი თავის დროზე, გამუდმებული, მომთმენი, მდაბალი აღმსრულებლებისთვის სახარების მცნებებისა. ამინ.
- ანბანური პატერიკი. გამონათქვამი ღირსი პიმენი დიდისა.
- კიბე, სიტყვა 3 და სიტყვა 15.