თავი - 5
Previous1ყოველი, რომელსაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი; და ყოველს, რომელსაც უყვარს მშობელი, უყვარს მისგან შობილიც.
2ამით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილები, როცა ღმერთი გვეყვარება და მის მცნებებს დავიცავთ,
3რადგან ეს არის ღვთის სიყვარული, რომ მის მცნებებს ვიცავდეთ და მისი მცნებები არ არის მძიმე,
4რადგან ყოველი შობილი ღვთისაგან სძლევს ამ სოფელს და ეს არის ძლევა, მძლეველი ამ სოფლისა — ჩვენი რწმენა.
5ვინ არის მძლეველი ამ სოფლისა, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
6ეს არის, ვინც მოვიდა წყლით და სისხლით — იესო ქრისტე; არა მხოლოდ წყლით, არამედ წყლით და სისხლით; და სული მოწმობს, რადგან სული არის ჭეშმარიტება,
7რადგან სამნი მოწმობენ ზეციდან: მამა, სიტყვა და სულიწმიდა და ეს სამი ერთია.
8და სამნი მოწმობენ ქვეყანაზე: სული და წყალი და სისხლი, და სამივე — ერთის შესახებ.
9თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა აღმატებულია, რადგან ეს არის მოწმობა ღვთისა, რომლითაც დაამოწმა თავისი ძის შესახებ.
10ვისაც სწამს ძე ღვთისა, აქვს მოწმობა თავის თავში. ვისაც არა სწამს ღვთისა, ცრუდ წარმოაჩინა იგი, რადგან არ ირწმუნა მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავისი ძის შესახებ.
11და ეს არის მოწმობა, რომ საუკუნო ცხოვრება მოგვცა ჩვენ ღმერთმა და ეს ცხოვრება არის მის ძეში.
12ვისაც ჰყავს ძე ღვთისა, აქვს ცხოვრება; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, ცხოვრება არა აქვს.
13ეს მოგწერეთ თქვენ, რომლებსაც გწამთ სახელი ღვთის ძისა, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ ცხოვრება საუკუნო იმათ, ვისაც გწამთ სახელი ღვთის ძისა.
14და ეს არის კადნიერება, რომელიც გვაქვს მის მიმართ, რადგან, თუ რამეს ვითხოვთ მისი ნების შესაბამისად, შეისმენს ჩვენსას.
15და თუ ვიცით, რომ ისმენს ჩვენსას, რასაც ვითხოვთ, ვიცით, რომ გვეძლევა სათხოვარი, რაც ვითხოვეთ მისგან.
16თუ ვინმე დაინახავს თავის ძმას, რომელიც სცოდავს არამომაკვდინებელი ცოდვით, ითხოვოს და მისცემს ცხოვრებას იმას, ვინც სცოდავს არამომაკვდინებლად. არის მომაკვდინებელი ცოდვა; ამის შესახებ არ ვამბობ, რომ ითხოვოს.
17ყოველგვარი სიცრუე ცოდვაა; და არის ცოდვა არამომაკვდინებელი.
18ვიცით, რომ, ვინც შობილია ღვთისაგან, არ სცოდავს, არამედ ვინც შობილია ღვთისაგან, თავს იცავს და ბოროტი მას არ ეხება.
19ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი ეს სოფელი ბოროტებაზე დგას.
20და ვიცით, რომ ძე ღვთისა მოვიდა და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შევიცნოთ ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი; და ვართ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო.
21შვილებო, დაიცავით თავი კერპებისგან. ამინ.
Next