Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1საყვარელნო, ყველა სულისას ნუ ირწმუნებთ, არამედ გამოსცადეთ სულები, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან მრავალი ცრუწინასწარმეტყველია გამოსული ამ სოფლად.
2ამით შეიცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის;
3და სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არ არის, და ეს არის სული ანტიქრისტესი, რომელზეც გსმენიათ, რომ მოდის, და ახლაც ამ სოფელშია.
4თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და გიძლევიათ მათთვის, რადგან მეტია ის, რომელიც თქვენშია, ვიდრე ის, რომელიც ამ სოფელშია.
5ისინი ამ სოფლისაგანნი არიან, ამიტომ ამ სოფლისას ამბობენ და სოფელი ისმენს მათსას.
6ჩვენ ღვთისაგან ვართ. ვინც შეიცნო ღმერთი, ისმენს ჩვენსას. ვინც არ არის ღვთისაგან, არ ისმენს ჩვენსას. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს მაცდურობისას.
7საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისაგან არის; და ყოველი, რომელსაც უყვარს, ღვთისაგან არის შობილი და იმეცნებს ღმერთს;
8რომელსაც არ უყვარს, ვერ შეიცნო ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია.
9ამით განცხადდა ღვთის სიყვარული ჩვენ შორის, რომ თავისი ძე, მხოლოდშობილი, მოავლინა ღმერთმა ამ სოფლად, რათა ვცხონდეთ მის მიერ.
10ეს არის სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე მლხინებლად ჩვენი ცოდვებისა.
11საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა ჩვენ, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული.
12ღმერთი არავის არასდროს უხილავს. თუ გვიყვარს ერთმანეთი, ღმერთი ჩვენშია და მისი სიყვარული აღსრულებულია ჩვენში.
13ამით შევიცნობთ, რომ მასთან ვართ და იგი ჩვენშია, რადგან თავისი სულისგან მოგვცა ჩვენ.
14და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ამ სოფლის მაცხოვრად.
15ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასშია და იგი ღმერთშია.
16და ჩვენ შევიცანით და ვირწმუნეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენ მომართ. ღმერთი სიყვარულია და ვინც არის სიყვარულში, ღმერთშია და ღმერთი მასში.
17ამით არის სრულყოფილი სიყვარული ჩვენ შორის, რათა კადნიერება გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან, როგორც იგი არის, ჩვენც ისევე ვართ ამ სოფელში.
18შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს, რადგან შიშს ტანჯვა ახლავს, ხოლო ვისაც ეშინია, არ არის სრულყოფილი სიყვარულში.
19ჩვენ გვიყვარს იგი, რადგან პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ.
20თუ ვინმე იტყვის: მიყვარს ღმერთი. — და თავისი ძმა სძულს, ცრუა; რადგან, ვისაც არ უყვარს ძმა, რომელიც იხილა, ღმერთის შეყვარება, რომელიც არ უხილავს, როგორ შეუძლია?
21ეს მცნება გვაქვს მისგან: ვისაც უყვარს ღმერთი, უყვარდეს თავისი ძმაც.
Next