თავი - 3
Previous1იხილეთ, როგორი სიყვარული მოგვცა ჩვენ მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ. იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ ეს სოფელი, რომ არ შეიცნო იგი.
2საყვარელნო, ახლა ღვთის შვილები ვართ და ჯერ არ განცხადებულა, რანი ვიქნებით და ვიცით, რომ, როცა განცხადდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3და ყოველმა, ვისაც აქვს ეს სასოება მის მიმართ, განიწმიდოს თავი ისე, როგორც იგი არის წმიდა.
4ყოველი, ვინც იქმს ცოდვას, უსჯულოებასაც იქმს, და ცოდვა არის უსჯულოება.
5და იცით, რომ იგი განცხადდა, რათა ჩვენი ცოდვები ეტვირთა, და ცოდვა არ არის მასში.
6ვინც მასშია, არ სცოდავს; ვინც სცოდავს, არ უხილავს იგი, არც შეუცვნია იგი.
7შვილნო, ნურავინ გაცდუნებთ თქვენ. ვინც იქმს სიმართლეს, მართალია ისე, როგორც იგი არის მართალი.
8ვინც იქმს ცოდვას, ეშმაკისგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმისთვის განცხადდა ძე ღვთისა, რომ დაარღვიოს ეშმაკის საქმეები.
9ვინც ნაშობია ღვთისაგან, ცოდვას არ იქმს, რადგან მისი თესლი მასშია და არ შეუძლია, სცოდოს, რადგან ღვთისაგან არის ნაშობი.
10ამით განცხადდებიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები. ვინც არ იქმს სიმართლეს, არ არის ღვთისაგან და არც ის, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა,
11რადგან ეს არის აღთქმა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი,
12არა როგორც კაინს, რომელიც უკეთურისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. და რის გამო მოკლა იგი? რადგან მისი საქმეები უკეთური იყო, ხოლო მისი ძმისა — მართალი.
13ნუ გიკვირთ, ჩემო ძმებო, თუ სძულხართ თქვენ ამ სოფელს.
14ჩვენ ვიცით, რომ გადავედით სიკვდილიდან ცხოვრებაში, რადგან გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს ძმა, სიკვდილში რჩება.
15ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, არის კაცისმკვლელი; და იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო ცხოვრება თავის თავში.
16ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; და ჩვენც გვმართებს, რომ დავდოთ ძმებისთვის ჩვენი სულები.
17თუ ვინმეს ექნება ამქვეყნიური ქონება და დაინახავს თავის ძმას გაჭირვებულს და დაუხურავს მას თავისი გულის კარს, როგორღა დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
18ჩემო შვილებო, ნუ გვეყვარება სიტყვით, ნურც ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით.
19და ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და მის წინაშე გულდამშვიდებული ვიქნებით ჩვენ,
20რადგან თუ გვამხელს ჩვენი გული, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე აღმატებულია და იცის ყოველივე.
21საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვამხელს, კადნიერება გვაქვს ღვთის წინაშე
22და რასაც ვითხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან მის მცნებებს ვიცავთ და რაც სათნოა მისთვის, იმას ვაკეთებთ.
23და ეს არის მისი მცნება, რომ ვირწმუნოთ მისი ძის, იესო ქრისტეს, სახელით და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც მოგვცა მცნება.
24და ვინც იცავს მის მცნებებს, მასშია, ხოლო იგი მასში. და რომ ჩვენშია, შევიცნობთ იმ სულით, რომელიც მოგვცა ჩვენ.
Next