თავი - 2
Previous1შვილნო ჩემნო, ამას გწერთ თქვენ, რათა არ სცოდოთ; და თუ ვინმე შესცოდავს, მეოხი გვყავს მამის წინაშე — ქრისტე იესო მართალი.
2და იგი არის მლხინებელი ჩვენი ცოდვებისა, არა მხოლოდ ჩვენისა, არამედ მთელი სოფლისა.
3და ამით ვხვდებით, რომ შევიცანით იგი, თუ მის მცნებებს ვიცავთ.
4ვინც ამბობს: შევიცანი იგი. — და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში;
5ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, ღვთის სიყვარული ჭეშმარიტად აღსრულებულია მასში. ამით ვხვდებით, რომ მასთან ვართ.
6ვინც ამბობს, რომ მასთან არის, მართებს, ისე იქცეოდეს, როგორც იგი იქცეოდა.
7ძმანო, ახალ მცნებას არ გწერთ თქვენ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან. ძველი მცნება არის სიტყვა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან.
8ასევე ახალ მცნებას გწერთ თქვენ, რომელიც ჭეშმარიტად არის მასში და თქვენში, რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ანათებს.
9ვინც ამბობს, რომ ნათელშია, და თავისი ძმა სძულს, იგი ბნელშია აქამდე.
10ვისაც უყვარს თავისი ძმა, ნათელშია და საცდური არ არის მასში,
11ხოლო ვისაც სძულს თავისი ძმა, ბნელშია და ბნელში დადის და არ იცის, საით მიდის, რადგან ბნელმა დაუბრმავა მას თვალები.
12გწერთ თქვენ, შვილნო, რომ მოგეტევებათ თქვენ ცოდვები მისი სახელით;
13გწერთ თქვენ, მამანო, რადგან შეიცანით იგი, რომელიც დასაბამიდან არის; გწერთ თქვენ ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს; გწერთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა.
14მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან შეიცანით იგი, რომელიც არის დასაბამიდან; მოგწერეთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან ძლიერნი ხართ და ღვთის სიტყვა არის თქვენში და სძლიეთ ბოროტს.
15ნუ გიყვართ ეს სოფელი, ნურც ის, რაც ამ სოფელშია. ვისაც უყვარს ეს სოფელი, არ არის სიყვარული მამისა მასში,
16რადგან ყველაფერი, რაც ამ სოფელშია — გულისთქმა ხორცისა და გულისთქმა თვალისა და ზვაობა ამ ცხოვრებისა — არ არის მამისაგან, არამედ ამ სოფლისგან არის.
17და ეს სოფელი წარმავალია და მისი გულისთქმაც, ხოლო ვინც ასრულებს ღვთის ნებას, იქნება უკუნისამდე.
18ყრმანო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც გსმენიათ, ანტიქრისტე მოდის. და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, რითიც ვხვდებით, რომ უკანასკნელი ჟამია.
19ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, რადგან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ, არამედ განცხადდა, რომ არ არიან ყველანი ჩვენგანნი.
20და თქვენ ცხებულება გაქვთ წმიდისაგან და იცით ყოველივე.
21არ მომიწერია თქვენთვის, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ — რომ იცით იგი და რომ არავითარი სიცრუე არ არის ჭეშმარიტებისგან.
22ვინ არის ცრუ? განა არა ის, რომელიც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ეს არის ანტიქრისტე, რომელიც უარყოფს მამას და ძეს.
23ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.
24ამიტომ თქვენ რაც ისმინეთ დასაბამიდან, თქვენში იყოს. თუ თქვენში იქნება, რაც დასაბამიდან ისმინეთ, თქვენც ძეში და მამაში იქნებით.
25და ეს არის აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა ჩვენ — ცხოვრება საუკუნო.
26ეს მოგწერეთ თქვენ თქვენი მაცდუნებლების შესახებ.
27და ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ თქვენ, არამედ თავად ცხებულება გასწავლით თქვენ ყველაფერს — და ეს არის ჭეშმარიტება და არ არის სიცრუე — და როგორც გასწავლათ თქვენ, იყავით მასში.
28და ახლა, შვილნო, იყავით მასში, რათა, როცა განცხადდება, გვქონდეს კადნიერება და მისი არ შეგვრცხვეს მისი მოსვლისას.
29თუ იცით, რომ იგი მართალია, იცოდეთ, ყოველი, რომელიც იქმს სიმართლეს, მისგან არის შობილი.
Next