თავი - 3
Previous1აჰა, საყვარელნო, უკვე მეორე ეპისტოლეს გწერთ თქვენ, რომლებშიც შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს უმწიკვლო გონებას,
2რათა გახსოვდეთ ადრე ნათქვამი სიტყვები წმიდა წინასწარმეტყველებისა და თქვენი მოციქულებისა მცნება უფლისა და მაცხოვრისა.
3უწინარეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მკრეხელები, თავისი გულისთქმებისამებრ მავალნი,
4და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? რადგან მას შემდეგ, რაც მამებმა განისვენეს, ყოველივე ისევე რჩება შექმნის დასაბამიდან.
5რადგან ეს უნდათ, დაფარულია მათთვის, რომ ცანი იყვნენ პირველად და ქვეყანა წყლისგან და წყლით შეიქმნა ღვთის სიტყვით,
6რომლის მიერაც მაშინდელი ქვეყანა წყლით წაირღვნა და მოისპო.
7ხოლო ახლა ცანი და ქვეყანა იმავე სიტყვით არიან დაცულნი, ცეცხლისთვის შენახულნი განკითხვის დღემდე და უღვთო კაცთა წარსაწყმედად.
8ხოლო ეს ერთიც ნუ იქნება დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისთვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი — როგორც ერთი დღე;
9არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთებს დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენ მიმართ, რადგან არ სურს არავის წარწყმედა, არამედ — რომ ყველა სინანულით მოიქცეს.
10ხოლო მოვა უფლის დღე, როგორც მპარავი ღამით, როცა ცანი გრგვინვით წარხდებიან და აალებული პირველსაწყისები დაიშლება და ქვეყანა და მისი საქმეები დაიწვება.
11რადგან ეს ყოველივე ასე დაიშლება, როგორები უნდა იყოთ წმიდა ცხოვრების წესით და ღვთისმოსაობით თქვენ,
12რომლებიც ელოდებით და ესწრაფით ღვთის დღის მოსვლას, როდესაც ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან და აალებული პირველსაწყისები დადნება?!
13ახალ ცებს და ახალ ქვეყანას, მისი აღთქმისამებრ, მოველით, რომლებშიც სიმართლე მკვიდრობს.
14ამიტომ, საყვარელნო, ელოდებით რა ამას, ისწრაფეთ, რომ უმანკონი და უბიწონი მშვიდობით აღმოჩნდეთ მის წინაშე,
15და ჩვენი უფლის სულგრძელება ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ, პავლემაც, მისთვის მოცემული სიბრძნისამებრ მოგწერათ თქვენ,
16როგორც ამის შესახებ ამბობს თავის ყველა ეპისტოლეში, რომლებშიც ძნელად გასაგებია ზოგი რამ, რასაც უსწავლელნი და მერყევნი თავის წარსაწყმედად ამახინჯებენ ისევე, როგორც სხვა წერილებს.
17ასე რომ, საყვარელნო, რადგან თქვენ წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რათა არ გაგიტაცოთ უსჯულოთა საცდურმა და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
18არამედ აღიზარდოთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, მადლითა და შემეცნებით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღეს, ამინ.
Next