Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ხოლო იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ერში, როგორც თქვენ შორისაც იქნებიან ცრუმოძღვრები, რომლებიც შემოიტანენ წარმწყმედელ მწვალებლობებს და თავის გამომსყიდველ მეუფეს უარყოფენ და სწრაფად მოიწევენ საკუთარ თავზე წარწყმედას.
2და მრავალნი აჰყვებიან მათ გარყვნილებას, რომელთა გამოც ჭეშმარიტების გზა დაიგმობა;
3და ანგარების გამო მაცდური სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ ისინი, რომელთა სასჯელიც ოდითგანვე არ ცხრება და მათი წარწყმედა არ თვლემს.
4რადგან თუ ღმერთმა ცოდვით დაცემული ანგელოზები არ დაინდო, არამედ წყვდიადის ჯაჭვებით შეკრულნი ჯოჯოხეთში ჩაყარა და გადასცა დასაცავად სამსჯავროსთვის,
5და თუ არც ის პირველი ქვეყანა დაინდო, არამედ ნოე, მერვე მქადაგებელი სიმართლისა, დაიცვა და წარღვნა მოაწია უღმრთოთა სოფელზე,
6და თუ სოდომისა და გომორის ქალაქების დაქცევა განაჩინა და ფერფლად აქცია და მაგალითად მისცა მომავალ უღვთოებს,
7ხოლო მართალი ლოტი, გატანჯული უსჯულოთა გარყვნილი ქცევით, იხსნა —
8რადგან მართალი, დამკვიდრდა რა მათ შორის, მათი უწესო საქმეების ხედვით და სმენით ყოველდღიურად ტანჯავდა მართალ სულს —
9იცის უფალმა ღვთისმოსავთა განსაცდელისგან გამოხსნა, ხოლო უსჯულოთა დაცვა განკითხვის დღისთვის დასასჯელად,
10ხოლო უფრო მეტად იმათი, რომლებიც ხორციელი გულისთქმების სიბილწეს მისდევენ და უფლებას უგულებელყოფენ; კადნიერები, თავხედები, დიდებათა წინაშე არ ძრწიან, არამედ გმობენ,
11მაშინ როდესაც ანგელოზებს, რომლებიც ძლიერებით და ძალით აღმატებულნი არიან, არ გამოაქვთ მათთვის უფლის წინაშე გმობის მსჯავრი.
12ხოლო ესენი, როგორც პირუტყვი ცხოველები, ბუნებით ნაშობნი დასაჭერად და დასახოცად, გმობენ იმას, რაშიც უმეცარნი არიან; თავისი გახრწნით გაიხრწნებიან
13და მიიღებენ უსჯულოების საზღაურს. სიამოვნებად მიაჩნიათ ყოველდღიური განცხრომა; ბილწნი და მანკიერნი, განცხრომით არიან თავის ცდომილებაში და თქვენთან ერთად ილხენენ.
14თვალები სავსე აქვთ მრუშობით და დაუცხრომელი ცოდვებით და აცდუნებენ მერყევ სულებს; გულები აქვთ გაწვრთნილი ანგარებით, შვილები წყევლისა!
15დატოვეს სწორი გზა, შეცდნენ და გაჰყვნენ ბალაამ ბოსორის ძის გზას, რომელმაც სიცრუის საზღაური შეიყვარა.
16მისი უსჯულოების მამხილებელი იყო უტყვი სახედარი, რომელიც ადამიანის ხმით ამეტყველდა და შეაჩერა წინასწარმეტყველის უგუნურება.
17ესენი არიან უწყლო წყაროები, ქარიშხლისგან მიმოტაცებული ღრუბლები, რომელთათვისაც სიბნელე წყვდიადისა საუკუნოდ არის დაცული,
18რადგან მაღალფარდოვანი ამაოდმეტყველებით აცდუნებენ ბილწი ხორციელი გულისთქმებით იმათ, ვინც ოდნავ დასცილდა მაცდური ცხოვრების წესის მიმდევრებს;
19თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი არიან მონები გახრწნილებისა, რადგან ვინც რითია ძლეული, იმას ემონება;
20რადგან, რომლებიც გაექცნენ ამ სოფლის სიბილწეთ ჩვენი უფლის და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, შემეცნებით და კვლავ იხლართებიან და იძლევიან მათგან, იქნება მათთვის უკანასკნელი პირველზე უარესი,
21რადგან უმჯობესი იყო მათთვის, არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეეცნოთ და პირი ებრუნებინათ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.
22დაემართათ მათ იმ ჭეშმარიტი ანდაზისამებრ: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და დაბანილი ღორი – წუმპეს საგორაოდ.
Next