თავი - 1
Previous1სიმონ-პეტრე, მონა და მოციქული იესო ქრისტესი — იმათ, ვისაც იმავე ღირსების სარწმუნოება ხვდა წილად, რაც ჩვენ, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, სიმართლით:
2მადლი თქვენდა და მშვიდობა გამრავლდეს ღვთისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, შემეცნებით.
3როგორც მისი ღვთაებრივი ძალისგან მოგვენიჭა ჩვენ ყოველივე ცხოვრებისათვის და ღვთისმოსაობისათვის იმის შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა ჩვენ თავისი დიდებით და სახიერებით,
4რომელთა მიერაც მოგვანიჭა ჩვენ ძვირფასი და დიდებული აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ თანაზიარნი ღვთაებრივი ბუნებისა და განერიდოთ ამ სოფლის გულისთქმით ხრწნას,
5ასევე ამაში გამოიჩინეთ მთელი გულმოდგინება და წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში სათნოება, და სათნოებაში — შემეცნება,
6და შემეცნებაში — თავშეკავება, და თავშეკავებაში — მოთმინება და მოთმინებაში — ღვთისმოსაობა,
7და ღვთისმოსაობაში — ძმათმოყვარეობა, და ძმათმოყვარეობაში — სიყვარული,
8რადგან, თუ ეს თქვენშია და მრავლდება, არ იქნებით უქმად, არც უნაყოფოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, შემეცნებისას;
9ხოლო ვისაც ეს არა აქვს, ბრმა არის, თვალდახუჭული, რადგან დაავიწყდა განწმენდა თავისი ძველი ცოდვებისგან.
10ამიტომ, ძმანო, უფრო მეტად ეცადეთ, კეთილი საქმეებით განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგან ამის მოქმედნი არასოდეს შეცდებით;
11არამედ ასე გულუხვად გებოძებათ თქვენ შესვლა ჩვენი უფლის და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, საუკუნო სასუფეველში.
12ამიტომ არასოდეს დამეზარება ამის შეხსენება თქვენთვის, თუმცა იცით და მტკიცედ დგახართ მოწევნულ ჭეშმარიტებაზე.
13და სამართლიანად მიმაჩნია, რომ, ვიდრე ვარ ამ სამყოფელში, გამოგაფხიზლოთ თქვენ შეხსენებით.
14ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი სამყოფელი, როგორც უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, გამომიცხადა მე,
15და ვეცდები, რათა ჩემი გასვლის შემდეგაც ყოველ ჯერზე იხსენებდეთ თქვენ ამას,
16რადგან არა გამოგონილ ზღაპრებს აყოლილებმა გაუწყეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ძალა და მოსვლა, არამედ თვითმხილველებმა მისი დიდებულებისა,
17რადგან მიიღო მამა ღმერთისგან პატივი და დიდება — ხმა, რომელიც მოვიდა ასეთი დიდადმშვენიერი დიდებიდან მასზე: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის.
18და ეს ხმა, გადმოსული ზეციდან, ჩვენ გავიგონეთ, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
19და გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელსაც, კარგს აკეთებთ, რომ შეუდექით, როგორც სანთელს, რომელიც ანათებს ბნელ ადგილას, ვიდრე დღე გათენდება და ცისკრის ვარსკვლავი ამობრწყინდება თქვენს გულებში.
20უწინარეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თვითნებურად არ განიმარტება,
21რადგან კაცის ნებით არასოდეს მოცემულა წინასწარმეტყველება, არამედ სულიწმიდით აღძრული ღვთის წმინდა კაცები გამოთქვამდნენ.
Next