თავი - 4
Previous1ასე რომ, ქრისტე ევნო ჩვენთვის ხორცით და თქვენც ამავე აზრით აღიჭურვეთ, რადგან, ვინც ევნო ხორცით, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა,
2რათა არა კაცთა გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით იცხოვროთ დარჩენილი ჟამი ხორციელი ცხოვრებისა;
3რადგან საკმარისია, რომ განვლილი ჟამი იცხოვრეთ წარმართთა სურვილებისამებრ, რომლებიც მისდევენ გარყვნილებას, გულისთქმებს, მემთვრალეობას, ლაღობას, ღრეობას და უჯერო კერპთმსახურებას,
4რის გამოც უკვირთ, რომ არ მისდევთ თქვენ იმავე აღვირახსნილ გარყვნილებას, და გგმობენ.
5ისინი პასუხს აგებენ იმის წინაშე, რომელიც მზად არის ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად.
6იმისთვის ეხარათ მკვდრებსაც, რათა ადამიანურად დასჯილებმა ხორცით, იცოცხლონ ღვთის მიერ სულით.
7ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ კეთილგონიერნი იყავით და იფხიზლეთ ლოცვისათვის.
8უწინარეს ყოვლისა, ერთმანეთის გულითადი სიყვარული გქონდეთ, რადგან სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს (იგავ.10,12).
9სტუმართმოყვარე იყავით დრტვინვის გარეშე ერთმანეთთან.
10თითოეული, რა ნიჭიც მიიღეთ, იმით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილი მნეები.
11თუ ვინმე ამბობს, თქვას ისე, როგორც ღვთის სიტყვა; თუ ვინმე მსახურობს, იმსახუროს ძალით, რომელსაც აძლევს ღმერთი, რათა ყველაფრით იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
12საყვარელნო, ნუ გეუცხოებათ თქვენში ეს წვა, რომელიც თქვენ გამოსაცდელად ხდება, თითქოს უცხო რამე შეგემთხვათ თქვენ,
13არამედ, რამდენადაც თანაზიარნი იქნებით ქრისტეს ვნებებისა, გიხაროდეთ, რათა მისი დიდების განცხადებისასაც გაიხაროთ და მხიარულნი იყოთ.
14თუ გლანძღავენ ქრისტეს სახელის გამო, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა და ღვთისა დავანებულია თქვენზე; მათ მიერ იგმობა, ხოლო თქვენ მიერ იდიდება.
15ოღონდ არცერთ თქვენგანს არ ევნოს როგორც მკვლელს ან მპარავს, ან ბოროტმოქმედს, ან როგორც სხვის საქმეში ჩამრევს,
16ხოლო თუ — როგორც ქრისტიანს, ნუ გრცხვენიათ, არამედ ადიდეთ ღმერთი ამ ხვედრით.
17რადგან დროა, დაიწყოს განსჯა ღვთის სახლიდან, ხოლო თუ პირველად ჩვენგან, როგორი იქნება აღსასრული ღვთის სახარების ურჩთა?
18და თუ მართალი ძნელად გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა აღმოჩნდება (იგავ.11,31)?
19ასე რომ, ვინც ევნება ღვთის ნებით, როგორც სარწმუნო შემოქმედს, კეთილი საქმეებით შეავედროს თავისი სული.
Next