თავი - 3
Previous1მსგავსადვე ცოლები დაემორჩილეთ საკუთარ ქმრებს, რათა, თუ რომელიმე ეურჩება სიტყვას, ცოლების ცხოვრების წესით სიტყვის გარეშე იყვნენ შეძენილნი,
2როცა იხილავენ თქვენს მოშიშ, უბიწო ცხოვრების წესს,
3რომელთა სამკაულიც იყოს არა გარეგნული თმის დაწვნა და ოქროს ასხმა ან სამოსით შემოსვა,
4არამედ დაფარული გულის კაცი მშვიდი და მყუდრო სულის უხრწნელებით, რომელიც ძვირფასია ღვთის წინაშე.
5რადგან ასევე ოდესღაც წმიდა დედაკაცებიც, რომლებიც სასოებდნენ ღმერთს, იმკობდნენ თავს საკუთარი ქმრებისადმი მორჩილებით,
6როგორც სარრა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა მას და რომლის შვილებიც ხართ, როცა სიკეთეს აკეთებთ და არ გაშინებთ არანაირი შიში.
7ქმრებიც ასევე თანაცხოვრობდით გონივრულად; ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, მიაგეთ პატივი, როგორც თანამკვიდრებს მადლმოსილი ცხოვრებისა, რათა არ ბრკოლდებოდეთ თქვენ ლოცვისას.
8ხოლო დასასრულ, იყავით თანამოაზრენი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, გულმოწყალენი და თავმდაბალნი;
9ნუ მიაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ, ნურც გინებას — გინების წილ, პირიქით, აკურთხეთ და იცოდეთ, იმისთვის ხართ გამორჩეულნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ;
10რადგან ვისაც ნებავს ცხოვრების სიყვარული და ხილვა კეთილი დღეებისა, დააცხროს თავისი ენა ბოროტებისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას,
11მოიქცეს ბოროტებისგან და ქმნას სიკეთე, მოიძიოს მშვიდობა და მისდევდეს მას,
12რადგან უფლის თვალები — მართლებისაკენ და მისი ყურები — მათი ლოცვისაკენ, ხოლო უფლის პირი — ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ (ფს.33,13-16).
13და ვინ გიბოროტებთ თქვენ, თუ სიკეთის მაძიებელნი იქნებით?
14და თუნდაც რომ გევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ, ხოლო მათი შიში ნუ შეგაშინებთ, ნურც შეგაძრწუნებთ (ეს.8,12),
15არამედ უფალი ღმერთი წმიდაყავთ თქვენს გულებში და მზად იყავით მუდამ, ყველას, ვინც გეკითხებათ თქვენი იმედის შესახებ, გასცეთ პასუხი მშვიდად და მოშიშებით;
16სინდისი კეთილი გქონდეთ, რათა, რის გამოც ავს ამბობენ თქვენზე, როგორც ბოროტმოქმედებზე, შერცხვეთ შეურაცხმყოფელებს თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ცხოვრების წესისა,
17რადგან უმჯობესია, სიკეთე აკეთოთ და გევნოთ, თუ სურს ღვთის ნებას, ვიდრე ბოროტება აკეთოთ;
18რადგან ქრისტეც ერთგზის ევნო ჩვენი ცოდვების გამო, მართალი — ცრუთათვის, რათა ჩვენ მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19რომლითაც საპყრობილეში მყოფ სულებთან მივიდა და უქადაგა,
20რომლებიც ოდესღაც ურჩნი იყვნენ, როცა ღვთის სულგრძელება ელოდა მათ ნოეს დღეებში კიდობნის მზადებისას, რომელშიც ცოტანი, ანუ რვა სული, გადაურჩა წყალს,
21რომლის მსგავსადაც თქვენ ახლა გაცხონებთ ნათლისღება — არა ხორცთაგან მწიკვლის მოშორება, არამედ კეთილი სინდისით ღვთისაკენ სწრაფვა აღდგომით იესო ქრისტესი,
22რომელიც არის ღვთის მარჯვნივ, ამაღლდა რა ზეცად, და დაემორჩილნენ მას ანგელოზები და ხელმწიფებანი და ძალნი.
Next