Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უკეთურება და ყოველგვარი მზაკვრობა, თვალთმაქცობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
2როგორც ახალშობილ ჩვილებს, უზაკველი სიტყვიერი რძე გსურდეთ, რათა მისი მეშვეობით აღიზარდოთ საცხონებლად,
3თუ განიცადეთ, რომ ტკბილია უფალი (ფს.33,8),
4რომელთანაც მიხვედით, ცოცხალ ლოდთან, რომელიც კაცთაგან დაწუნებულ იქნა, ხოლო ღვთის მიერ — გამორჩეული და პატიოსანი.
5და თქვენც, როგორც ცოცხალი ლოდები, შენდებოდეთ სულიერ სახლად, სამღვდელოდ წმიდად, სულიერ მსხვერპლთა შესაწირავად, რომელიც სათნოა ღვთისათვის იესო ქრისტეს მიერ;
6რადგან წერია წერილში: აჰა, ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს, პატიოსანს და ვინც ირწმუნებს მისას, არ შერცხვება (ეს.28,16).
7ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, იგი არის პატივი, ხოლო ურჩთათვის ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა. იგი იქცა თავკიდურად და ლოდად დაბრკოლებისა და კლდედ საცდურისა (ფს.117,22; ეს.8,14), —
8რომლებიც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას, რისთვისაც იყვნენ განწესებულნი.
9ხოლო თქვენ ხართ მოდგმა რჩეული, სამეუფო სამღვდელო, ხალხი წმიდა, ერი შეძენილი, რათა აუწყებდეთ იმის სათნოებებს, რომელმაც ბნელიდან მოგიწოდათ თქვენ თავის საკვირველ ნათელში (გამ.19,6),
10რომლებიც ოდესღაც არ იყავით ერი, ხოლო ახლა ერი ხართ ღვთისა; რომლებიც არ იყავით შეწყალებულნი, ხოლო ახლა შეწყალებულნი ხართ (ოს.1,6,9; 2,25).
11საყვარელნო, გთხოვთ როგორც მწირებს და ხიზნებს, განერიდოთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც ებრძვიან სულს;
12თქვენი ცხოვრების წესი წარმართთა შორის იყოს კეთილი, რათა, როცა ავს იტყვიან თქვენზე, როგორც ბოროტმოქმედებზე, თქვენს კეთილ საქმეებს რომ იხილავენ, ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
13ამიტომ დაემორჩილეთ ყოველგვარ კაცობრივ დადგენილებას უფლის გამო: გინდა მეფეს, როგორც ყველაზე აღმატებულს,
14გინდა მთავრებს, როგორც მის მიერ გამოგზავნილებს ბოროტმოქმედთა დასასჯელად, ხოლო კეთილისმოქმედთა საქებად,
15რადგან ასეთია ნება ღვთისა: კეთილისმოქმედთა მიერ უგუნურ კაცთა უმეცრების დადუმება —
16დაემორჩილეთ როგორც თავისუფლები, არა როგორც ისინი, რომელთაც თავისუფლება აქვთ უკეთურების საფარველად, არამედ როგორც ღვთის მონები.
17ყველას პატივი ეცით, ძმები გიყვარდეთ, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივს სცემდეთ.
18მსახურები დაემორჩილეთ ყოველგვარი მოშიშებით ბატონებს, არა მხოლოდ კეთილებსა და ლმობიერებს, არამედ უკეთურებსაც,
19რადგან მადლი ღვთისაგან ეს არის, ვინმე თუ ღვთის ხსოვნის გამო დაითმენს მწუხარებას, როცა უსამართლოდ იტანჯება,
20რადგან რა არის საქებარი, თუ სცოდავთ და გცემენ და მოითმენთ? არამედ თუ სიკეთეს იქმთ და გტანჯავენ და მოითმენთ — ეს არის მადლი ღვთისაგან.
21ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რადგან ქრისტემაც ივნო ჩვენთვის და თქვენ დაგიტოვათ მაგალითი, რათა შეუდგეთ მის კვალს;
22რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია, არც ზაკვა გაგონილა მისი პირიდან;
23რომელსაც კიცხავდნენ და პასუხად არავის კიცხავდა, ევნებოდა და არ ემუქრებოდა, არამედ გადასცემდა მართალ მსაჯულს;
24რომელმაც ჩვენი ცოდვები იტვირთა თავისი სხეულით ძელზე, რათა ცოდვებს განვეშოროთ და სიმართლით ვიცხოვროთ, რომლის ჭრილობითაც განიკურნეთ;
25რადგან იყავით როგორც გზასაცდენილი ცხვრები, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსს და თქვენი სულების ზედამხედველს.
Next