თავი - 1
Previous1პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი — განთესილ მწირებს პონტოსი, გალატიისა, კაპადოკიისა, ასიისა და ბითვინიისა, გამორჩეულებს
2წინასწარცნობით ღვთისა მამისა, განწმედით სულისა, დასამორჩილებლად და საპკურებლად იესო ქრისტეს სისხლით — მადლი თქვენთან და მშვიდობა გამრავლდეს.
3კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით, რათა გვქონდეს ცოცხალი სასოება,
4სამკვიდრებელი უხრწნელი, შეუგინებელი და დაუჭკნობელი, დაცული ზეცაში თქვენთვის,
5რომელნიც ღვთის ძალით გარემოცულნი ხართ რწმენით საცხონებლად, რომელიც გამზადებულია, რათა გაცხადდეს უკანასკნელ ჟამს.
6ამის გამო გიხაროდეთ. ახლა, თუ საჭირო იქნება, მცირედ დამწუხრდებით მრავალგვარი განსაცდელით,
7რათა თქვენი რწმენის გამოცდა ცეცხლით გამოცდილ წარმავალ ოქროზე უფრო ძვირფასი აღმოჩნდეს ქებად, პატივად და დიდებად იესო ქრისტეს გამოცხადებისას,
8რომელიც არ გიხილავთ და გიყვართ, რომელსაც ვერ ხედავთ ახლა და გწამთ: გიხაროდეთ გამოუთქმელი და დიდებული სიხარულით
9და მიიღებთ თქვენი რწმენის აღსრულებას — სულთა ცხონებას.
10ამ ცხონების შესახებ გამოიძიეს და გამოიკვლიეს წინასწარმეტყველებმა, რომლებიც თქვენთვის ამ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ
11და იკვლევდნენ, რომელი ან როგორი ჟამის შესახებ აუწყებდა მათში მყოფი სული ქრისტესი, რომელიც წინასწარ მოწმობდა ქრისტეს ვნებებზე და მის შემდგომ დიდებაზე,
12და რომელთაც გამოეცხადათ, რომ არა თავის თავს, არამედ თქვენ გემსახურებოდნენ ამით, რაც ახლა გეუწყათ თქვენ იმათგან, ვინც გახარათ თქვენ სულიწმიდით, რომელიც მოვლენილია ზეციდან, და რისი ხილვაც სწადიათ ანგელოზებს.
13ამიტომ შემოისარტყლეთ წელნი თქვენი გონებისა, იფხიზლეთ, სრული იმედი გქონდეთ თქვენზე მოწევნადი მადლისა იესო ქრისტეს გამოცხადებისას.
14როგორც შვილები მორჩილებისა ნუ მიემსგავსებით თქვენი უმეცრების თავდაპირველ გულისთქმებს,
15არამედ თქვენი წმიდა მხმობელისამებრ თავადაც წმიდა იყავით მთელი თქვენი ცხოვრების წესით,
16ვინაიდან წერია: წმიდა იყავით, რადგან მე წმიდა ვარ (ლევ.19,2).
17და თუ მამას უწოდებთ მას, რომელიც თითოეულს საქმისამებრ პირუთვნელად განსჯის, შიშით აღასრულეთ თქვენი მწირობის ჟამი.
18იცოდეთ, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი ხართ გამოხსნილნი თქვენი მამების მიერ გადმოცემული ამაო ცხოვრების წესიდან,
19არამედ პატიოსანი სისხლით ქრისტესი, როგორც უბიწო და უმანკო ტარიგისა,
20რომელიც წინასწარუწყებული იყო ქვეყნის შექმნამდე და უკანასკნელ ჟამს გაცხადდა თქვენთვის,
21რომლებმაც მის მიერ ირწმუნეთ ღმერთი, რომელმაც იგი აღადგინა მკვდრეთით და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ თქვენ რწმენა და სასოება ღვთის მიმართ.
22სულიწმიდით განიწმინდეთ თქვენი სულები ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით, ძმათმოყვარეობისათვის შეუორგულებელნი იყავით, წმიდა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი გულითადად.
23ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნელისგან ცოცხალი ღმერთის სიტყვით, რომელიც მყოფობს უკუნისამდე,
24რადგან ყოველი ხორციელი ბალახივით არის და ყოველგვარი დიდება კაცისა ბალახის ყვავილივით; გახმა ბალახი და მას ყვავილი დასცვივდა;
25ხოლო სიტყვა უფლისა მყოფობს უკუნისამდე (ეს.40,6-8). და ეს არის სიტყვა, რომელიც გეხარათ თქვენ.
Next