თავი - 5
Previous1და ახლა, მდიდრებო, ტიროდეთ და გოდებდეთ უბედურებათა გამო, რომელიც თქვენზე მოიწევა.
2თქვენი სიმდიდრე დალპა და თქვენი სამოსი ჩრჩილმა შეჭამა,
3თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა და მათი ჟანგი მოწმობა იქნება თქვენზე და შეჭამს თქვენს სხეულს, როგორც ცეცხლი. ეს დაიუნჯეთ უკანასკნელი დღეებისთვის.
4აჰა, საზღაური, რომელიც თქვენ დააკელით მუშაკებს, რომელთაც მომკეს თქვენი ყანები, ღაღადებს და მომკელთა ღაღადებამ უფალ საბაოთის ყურამდე მიაღწია.
5ფუფუნებაში იყავით ამ ქვეყანაზე და განცხრომაში; გაიძღეთ თქვენი გულები, როგორც დაკვლის დღისათვის.
6მსჯავრი დასდეთ, მოკალით მართალი და წინ არ აღგიდგათ თქვენ.
7ამიტომ სულგრძელი იყავით, ძმებო, უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწათმოქმედი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს; დიდხანს ითმენს მის გამო, ვიდრე არ მიიღებს ადრეულ და გვიან წვიმას.
8სულგრძელი იყავით თქვენც, განიმტკიცეთ თქვენი გულები, რადგან უფლის მოსვლა მოახლოებულია.
9ნუ დრტვინავთ, ძმებო, ერთმანეთზე, რათა არ იყოთ განკითხულნი; აჰა, განმკითხველი კარების წინ დგას.
10ჭირთათმენისა და სულგრძელების მაგალითად გყავდეთ, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველნი, რომლებიც უფლის სახელით მეტყველებდნენ.
11აჰა, შევნატრით მათ, რომელთაც დაითმინეს. იობის მოთმინების შესახებ გსმენიათ და აღსასრული უფლისა იხილეთ, რადგან მრავალმოწყალეა უფალი და შემწყნარებელი.
12ხოლო უწინარეს ყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ცას, ნურც ქვეყანას, ნურც სხვა რამე საფიცარს. და იყოს თქვენი ჰო ჰო და არა არა, რათა ორგულობაში არ ჩაცვივდეთ.
13უჭირს ვინმეს თქვენ შორის? ილოცოს. ულხინს ვინმეს? იგალობოს.
14უძლურია ვინმე თქვენ შორის? მოუხმოს ეკლესიის ხუცესებს და ილოცონ მისთვის და სცხონ მას ზეთი უფლის სახელით.
15და რწმენით ლოცვა გადაარჩენს სნეულს და აღადგენს მას უფალი; და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება მას.
16აღიარეთ ერთმანეთის წინაშე ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან მრავლის შემძლეა მართლის ძლიერი ვედრება.
17ელია ადამიანი იყო, ჩვენი მსგავსი, და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და არ იწვიმა ქვეყანაზე სამი წელი და ექვსი თვე;
18და კვლავ ილოცა და ზეცამ წვიმა მოავლინა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
19ძმებო, თუ ვინმე თქვენ შორის ჭეშმარიტების გზას ასცდება და ვინმე მოაქცევს მას,
20იცოდეს, რომ, ვინც მოაქცევს გზასაცდენილ ცოდვილს, იხსნის სულს სიკვდილისაგან და გადაფარავს ცოდვათა სიმრავლეს.
Next