Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1საიდან არის ბრძოლა და დავა თქვენ შორის? განა არა იქიდან, თქვენი გულისთქმებიდან, რომლებიც იბრძვიან თქვენი სხეულის ასოებში?
2გწადიათ და არა გაქვთ; კლავთ და გშურთ და არ შეგიძლიათ მიღწევა; დავობთ და იბრძვით და არა გაქვთ, რადგან არ ითხოვთ თქვენ;
3ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ცუდად ითხოვთ, რათა თქვენს სიამოვნებებში დახარჯოთ.
4მრუშნო და მეძავნო, არ იცით, რომ ამ სოფლის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სწადია, მეგობარი იყოს ამ სოფლისა, ღვთის მტერი ხდება.
5ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: მოშურნეობით სურს სულს ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა იგი ჩვენში
6და აძლევს მეტ მადლს; ამიტომ ამბობს: ღმერთი ამპარტავანთ წინ აღუდგება, ხოლო მდაბალთ აძლევს მადლს (იგავ.3,34).
7ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან;
8მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ თქვენ. განიწმინდეთ ხელები, ცოდვილნო, და უბიწოყავთ გულები, ორგულნო.
9დამწუხრდით და იგლოვეთ და იტირეთ; თქვენი სიცილი გლოვად გადაიქცეს და სიხარული მწუხარებად.
10დამდაბლდით უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
11ავს ნუ ამბობთ ერთმანეთზე, ძმებო. ვინც ავს ამბობს ძმაზე და განიკითხავს თავის ძმას, ავს ამბობს სჯულზე და განიკითხავს სჯულს. თუ სჯულს განიკითხავ, არა ხარ აღმსრულებელი სჯულისა, არამედ განმკითხველი.
12ერთია სჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ცხონება და წარწყმედა; ხოლო შენ ვინ ხარ, რომელიც განიკითხავ მოყვასს?
13და ახლა ვინც ამბობთ: დღეს ან ხვალ წავალთ ამა და ამ ქალაქში და დავყოფთ იქ ერთ წელიწადს და ვივაჭრებთ და მოგებას მივიღებთ, —
14რომლებმაც არაფერი იცით ხვალისა, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, რადგან კვამლი ხართ, რომელიც ცოტა ხანს ჩანს და მერე ქრება,
15ნაცვლად იმისა, რომ თქვენ თქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და გავაკეთებთ ამას ან იმას.
16ხოლო ახლა ქედმაღლობთ თქვენი ზვაობით. ყოველი ასეთი ქედმაღლობა ბოროტებაა.
17ამიტომ, ვინც იცის სიკეთის კეთება და არ აკეთებს, სცოდავს იგი.
Next