Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1მრავალნი ნუ მოძღვრავთ, ჩემო ძმებო, იცოდეთ, რომ უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ,
2რადგან ფრიად ვცდებით ყოველნი. ვინც სიტყვით არ ცდება, იგი სრულყოფილი კაცია, შეუძლია მთელ სხეულსაც ამოსდოს აღვირი.
3თუ ცხენს აღვირს ამოვდებთ პირში, რათა დავიმორჩილოთ იგი, მთელ მის სხეულსაც მოვაბრუნებთ.
4აჰა, გემებიც, დიდ-დიდნი და ძლიერი ქართაგან მიმოტაცებულნი, მიბრუნდებიან მცირე საჭით, საითაც მის წარმმართველს სურს წასვლა.
5ასევე ენაც მცირე ასოა და დიდად ქედმაღლობს. აჰა, მცირედი ცეცხლი რამდენად ბევრ ნივთიერებას ეკიდება.
6და ენაც ცეცხლია, სამკაული სიცრუისა. ენა ისეთია ჩვენს ასოთა შორის, რომ შეაგინებს მთელ სხეულს და აღაგზნებს ცხოვრების ბორბალს და აღგზნებულია გეენისგან,
7რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცობრივი ბუნების მიერ,
8ხოლო მოთვინიერება ენისა არავის ძალუძს კაცთაგან, დაუდგრომელი ბოროტია, სავსე მომაკვდინებელი გესლით.
9ამით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ამით ვწყევლით ადამიანებს, რომლებიც ღვთის მსგავსად არიან შექმნილნი.
10ერთი და იმავე პირიდან გამოდის კურთხევა და წყევლა. არ ეგების, ჩემო საყვარელო ძმებო, ეს რომ ასე იყოს.
11ნუთუ წყაროს ერთი და იმავე თვალიდან გამოდის ტკბილი და მწარე?
12ნუთუ შეუძლია, ჩემო ძმებო, ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას ან ვაზს — ლეღვი? ასევე ვერცერთი წყარო ვერ გადმოადენს მლაშე და ტკბილ წყალს.
13ვინც არის ბრძენი და მცოდნე თქვენ შორის, სიბრძნის სიმშვიდით კეთილი ცხოვრების წესით აჩვენოს თავისი საქმეები.
14ხოლო თუ მწარე შური გაქვთ და შუღლი თქვენს გულში, ნუ იქადით და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების მიმართ.
15არ არის ეს სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ამქვეყნიური, ფშვინვიერი და ეშმაკეული;
16რადგან სადაც არის შური და შუღლი, იქ არის შფოთი და ყოველგვარი უჯერო საქმე.
17ხოლო ზეგარდამო სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, არის უბიწო, შემდეგ მშვიდი, სახიერი, მორჩილი, სავსე წყალობით და კეთილ საქმეთა ნაყოფით, მიუკერძოებელი და შეუორგულებელი.
18ხოლო ნაყოფი სიმართლისა სიმშვიდით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.
Next