თავი - 2
Previous1ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გაქვთ რწმენა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდებისა;
2რადგან თუ შევა თქვენს შესაკრებელში კაცი ოქროს ბეჭდით და ბრწყინვალე სამოსით და შევა გლახაკიც შელახული სამოსით
3და შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით შემოსილს და ეტყვით მას: შენ დაჯექი აქ კარგად. — და გლახაკს ეტყვით: შენ დადექი იქ ან დაჯექი აქ, ჩემ ფეხთით. —
4განა არ განასხვავეთ თქვენს თავში და არ გახდით მსაჯულები ბოროტი გულისზრახვებით?
5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა არ გამოირჩია გლახაკნი ამ სოფლისა, მდიდარნი რწმენით და მემკვიდრენი სასუფევლისა, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეებს?
6ხოლო თქვენ შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდრები არ მძლავრობენ თქვენზე და არ მიგათრევენ თქვენ სამსჯავროში?
7განა ისინი არ გმობენ კეთილ სახელს, რომლითაც იწოდებით თქვენ?
8თუკი წერილის მიხედვით: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. — აღასრულებთ სამეუფო სჯულს, კარგად იქცევით;
9ხოლო თუ მიკერძოებულნი ხართ, ცოდვას ჩადიხართ, და იმხილებით სჯულით, როგორც მისი დამრღვევნი;
10რადგან ვინც მთელ სჯულს დაიცავს და ერთით შესცოდავს, იქნება ყველაფერში დამნაშავე;
11რადგან ვინც თქვა: ნუ იმრუშებ. — მანვე თქვა: ნუ მოკლავ — ხოლო თუ არ იმრუშებ და მოკლავ, იქნები დამრღვევი სჯულისა.
12ისე თქვით და ისე აკეთეთ, როგორც თავისუფლების სჯულით განსასჯელებმა,
13რადგან მსჯავრი უმოწყალოა მათთვის, ვინც არ იქმს წყალობას. აღმატებულია წყალობა მსჯავრზე.
14რა სარგებელია, ჩემო ძმებო, თუ ვინმე იტყვის: რწმენა მაქვს. — ხოლო საქმეები არ ექნება? განა შეუძლია რწმენას მისი ცხონება?
15ხოლო თუ ძმა ან და შიშველი იქნება და დღიურ საზრდო ეკლდება
16და ეტყვის მათ რომელიმე თქვენგანი: წადით მშვიდობით, გათბით და გაძეხით. — და არ მისცემს მათ, რაც საჭიროა სხეულისთვის, რა სარგებელი იქნება?
17ასევე რწმენაც, თუ საქმეები არ ექნება, მკვდარია თავისთავად.
18მაგრამ თუ იტყვის ვინმე: შენ რწმენა გაქვს და მე საქმეები მაქვს; — მიჩვენე მე შენი რწმენა შენი საქმეების გარეშე და მე გიჩვენებ შენ ჩემი საქმეებით ჩემს რწმენას.
19შენ გწამს, რომ ერთია ღმერთი, კარგს აკეთებ. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან.
20გინდა, იცოდე, ჰოი, ამაო კაცო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?
21აბრაამი, ჩვენი მამა, განა საქმეებით არ გამართლდა, შესწირა რა ისააკი, თავისი ძე, სამსხვერპლოზე?
22ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეებს და საქმეებით რწმენა სრულყოფილი იქნა.
23და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ირწმუნა აბრაამმა ღვთისა და შეერაცხა მას სიმართლედ (დაბ.15,6). — და ღვთის მეგობარი ეწოდა.
24ხედავთ, რომ საქმეებით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით?!
25ასევე რააბ მეძავიც, განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მიიღო მსტოვრები და სხვა გზით გაუშვა?
26რადგან როგორც სხეული სულის გარეშე მკვდარია, ასევე რწმენაც საქმეების გარეშე მკვდარია.
Next