თავი - 1
Previous1იაკობი, ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს, მონა, თორმეტ ტომს, განთესილს — გიხაროდეთ.
2ყოველივე სიხარულად მიიჩნიეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვაგვარ განსაცდელში ჩაცვივდებით.
3იცოდეთ, რომ თქვენი რწმენის გამოცდა ქმნის მოთმინებას,
4ხოლო მოთმინებას სრულყოფილი საქმე ახლდეს, რათა იყოთ სრულყოფილნი და უზადონი, არაფრით ნაკლულევანნი.
5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, ითხოვოს ღვთისაგან, რომელიც აძლევს ყველას უპირობოდ და არ აყვედრის, და მიეცემა მას.
6და ითხოვოს რწმენით და ნურაფერი დააეჭვებს, რადგან, ვინც დაეჭვდება, მსგავსია ზღვის ღელვისა, ქარით აღძრულისა და მიმოტაცებულისა.
7არ ეგონოს იმ კაცს, რომ რამეს მიიღებს ღვთისაგან.
8კაცი ორგული მერყევია თავის ყველა გზაზე.
9იქადდეს დამდაბლებული ძმა თავისი სიმაღლით,
10ხოლო მდიდარი — თავისი სიმდაბლით, რადგან როგორც ბალახის ყვავილი წარმავალია;
11რადგან ამოვიდა მზე მცხუნვარებით და გაახმო ბალახი და დასცვივდა მას ყვავილი და მისი პირის მშვენიერება განქარდა; ასევე მდიდარიც თავის სარბიელზე დაჭკნება.
12ნეტარია კაცი, რომელიც ითმენს განსაცდელს, რადგან გამოცდილი მიიღებს ცხოვრების გვირგვინს, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თავის მოყვარეებს.
13ნურავინ იტყვის განსაცდელისას: ღვთისგან გამოვიცდები, რადგან ღმერთი არ გამოიცდება ბოროტისგან და არავის გამოსცდის იგი,
14არამედ თითოეული გამოიცდება საკუთარი გულისთქმისგან, წარიტაცება რა და ცდუნდება.
15შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ხოლო აღსრულებული ცოდვა შობს სიკვდილს.
16ნუ ცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17ყოველი მოცემული კეთილი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზეგარდამო არის გარდამოსული ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვალებადობა ან ცვლილების აჩრდილი.
18ინება და გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ჩვენ რაიმე პირველნაყოფი მის ქმნილებათაგან.
19ასე რომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყოს ყოველი კაცი მოსწრაფე სმენისას, თავშეკავებული საუბრისას, თავშეკავებული გულისწყრომისას,
20რადგან კაცის გულისწყრომა არ აღასრულებს ღვთის სამართალს.
21ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბილწე და ნასახი უკეთურებისა და სიმშვიდით მიიღეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია თქვენი სულების ცხონება.
22და იყავით აღმსრულებელნი სიტყვისა და არა მხოლოდ მსმენელნი, მაცდუნებელნი საკუთარი თავისა,
23რადგან თუ ვინმე მსმენელია სიტყვისა და არა აღმსრულებელი, იგი მსგავსია კაცისა, რომელიც სარკეში აკვირდება თავის სახეს, რომელიც ნაბოძები აქვს დაბადებიდან;
24რადგან დააკვირდა საკუთარ თავს და წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორი იყო.
25ხოლო ვინც ჩასწვდა თავისუფლების სრულყოფილ სჯულს და შეუდგა მას, იგი არის არა მსმენელი და დამვიწყებელი, არამედ აღმსრულებელი საქმისა; იგი ნეტარი იქნება თავის საქმიანობაში.
26თუ ვინმეს ჰგონია თქვენ შორის, რომ კეთილმსახურია, და აღვირს არ ამოსდებს თავის ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ამაოა მისი მსახურება.
27წმინდა და უბიწო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე — ეს არის: მიხედვა ობოლთა და ქვრივთა მათ გასაჭირში და უმანკოდ დაცვა თავისა ამ სოფლისგან.
Next