Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1და როცა გადავრჩით, მაშინ გავიგეთ, რომ მელიტე ერქვა კუნძულს.
2ბარბაროსებმა გამოიჩინეს უჩვეულო კაცთმოყვარეობა ჩვენ მიმართ, რადგან დაანთეს კოცონი და შეგვიფარეს ჩვენ ყველანი იმის გამო, რომ დაიწყო წვიმა და ციოდა.
3ხოლო როცა პავლემ მოაგროვა დიდძალი ფიჩხი და დაყარა კოცონზე, სიმხურვალის გამო გამოვიდა იქედნე და შემოეხვია მას ხელზე.
4როგორც კი დაინახეს ბარბაროსებმა მის ხელზე ჩამოკიდებული გველი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: უეჭველად მკვლელია ეს კაცი, ზღვას გადაურჩა, მაგრამ სამართალმა არ გაუშვა, რომ ეცოცხლა.
5ხოლო მან ჩააგდო გველი ცეცხლში და ცუდი არაფერი შემთხვევია.
6ხოლო ისინი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან დაეცემოდა უეცრად მკვდარი; და როცა დიდხანს ელოდნენ და დაინახეს, რომ უჩვეულო არაფერი შეემთხვა მას, შეიცვალეს აზრი და ამბობდნენ: ღმერთია იგი.
7ხოლო იმ ადგილის გარშემო მდებარეობდა მამულები კუნძულის მთავრისა, სახელად პოპლიოსისა, რომელმაც მიგვიღო ჩვენ და სამი დღე გულთბილად გვიმასპინძლა.
8და პოპლიოსის მამა ცხელებით და ნაწლავთა სნეულებით იყო შეპყრობილი და იწვა; მასთან შევიდა პავლე, ილოცა, დაადო მას ხელები და განკურნა იგი.
9როდესაც ეს მოხდა, სხვებიც, რომელებიც ამ კუნძულზე უძლურებაში იყვნენ, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ,
10რომელთაც დიდი პატივი გვცეს ჩვენ და წამოსვლისას ჩაგვიწყვეს, რაც გვჭირდებოდა.
11სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ ალექსანდრიის გემით, რომელმაც გამოიზამთრა კუნძულზე და რომელსაც დიოსკურების ნიშანი ჰქონდა.
12და ჩავედით სირაკუზაში და დავრჩით სამი დღე,
13საიდანაც წამოვედით და მივაღწიეთ რეგიუმს. და ერთი დღის შემდეგ ამოვარდა სამხრეთის ქარი და მეორე დღეს მივედით პუტეოლიში,
14სადაც ვნახეთ ძმები; და გვევედრებოდნენ რა, დავრჩით შვიდი დღე. და ასე მივედით რომში.
15და იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენ შესახებ და გამოვიდნენ ჩვენ შესახვედრად აპიუსის ფორუმამდე და სამ სასტუმრომდე, და ნახა რა ისინი პავლემ, მადლობდა ღმერთს და მხნეობა შეემატა.
16როცა შევედით რომში, ასისთავმა გადასცა პატიმრები დაცვის უფროსს, ხოლო პავლეს ნება დართეს, ცალკე ყოფილიყო თავის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17და იყო, სამი დღის შემდეგ მოუხმო პავლემ იუდეველთა წარჩინებულებს, რომლებიც იყვნენ იქ. და როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ: კაცნო ძმანო, მე, რომელსაც არაფერი ჩამიდენია ერის ან მამათა წეს-ჩვეულებების საწინააღმდეგო, დამაპატიმრეს და იერუსალიმიდან გადამცეს რომაელთა ხელში,
18რომელთაც განმსაჯეს მე და უნდოდათ ჩემი განთავისუფლება იმის გამო, რომ არანაირი სასიკვდილო დანაშაული არ ჩამიდენია;
19ხოლო რადგან იუდეველები ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული გავხდი, მიმემართა კეისრისთვის, მაგრამ არა იმის გამო, რომ ჩემი ხალხისთვის რამეში დამედო ბრალი.
20სწორედ ამ მიზეზით მოგიწვიეთ თქვენ, რათა მენახეთ და მეთქვა, რომ ისრაელის სასოებისთვის მადევს ეს ჯაჭვი.
21ხოლო მათ უთხრეს მას: ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენ შესახებ ჰურიასტანიდან, არც მოსულა ვინმე ძმათაგან და შეუტყობინებია ან უთქვამს რამე ცუდი შენ შესახებ.
22ამიტომ სასურველი იქნებოდა, შენგან მოგვესმინა, რას ფიქრობ, რადგან ცნობილია ჩვენთვის, რომ ამ მწვალებლობის შესახებ ყველგან კამათია.
23და დაუნიშნეს მას დღე და მივიდნენ მასთან სტუმრად მრავალნი, რომელთაც დილიდან საღამომდე უამბობდა, და მოწმობდა ღვთის სასუფეველზე და არწმუნებდა მათ იესოს შესახებ მოსეს სჯულისა და წინასწარმეტყველთა მიხედვით.
24და ზოგიერთმა დაიჯერა მისი სიტყვები, ხოლო ზოგიერთმა არ ირწმუნა.
25და ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთში; და როცა მიდიოდნენ, უთხრა პავლემ ერთი სიტყვა: კარგად ეუბნებოდა სულიწმიდა ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქვენს მამებს,
26როდესაც ამბობდა: მიდი ამ ერთან და უთხარი: სმენით გესმოდეთ და ვერ გაიგოთ, ხედვით ხედავდეთ და ვერ იხილოთ;
27რადგან გაქვავდა ამ ხალხის გული და ყურით ძნელად ისმინეს და თვალები დახუჭეს, რომ არ იხილონ თვალით და არ ისმინონ ყურით და არ გაიგონ გულით და არ მოიქცნენ და არ განვკურნო ისინი (ეს.6,9-10).
28ამიტომ იცოდეთ თქვენ, რომ წარმართთათვის იქნა მოვლენილი ღვთისგან ეს ხსნა; და ისინიც მოისმენენ.
29და ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველები და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში.
30ხოლო დაჰყო იქ პავლემ მთელი ორი წელი საკუთარი სახსრებით და იღებდა ყველას, ვინც მოდიოდა მასთან,
31და ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და მთელი გაბედულებით, დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალი იესო ქრისტეს შესახებ.
Next