თავი - 27
Previous1ხოლო როდესაც გადაწყდა, რომ ჩვენ გემით უნდა გაგვეცურა იტალიისკენ, გადასცეს პავლე და ზოგი სხვა პატიმარი ასისთავს, სახელად იულიუსს, სევასტოსის რაზმიდან.
2და როდესაც ავედით ადრამიტიონის გემზე, რომელსაც უნდა გაევლო ასიის ადგილები, და გავემგზავრეთ, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა თესალონიკელი არისტარქე მაკედონიელი.
3და მეორე დღეს ჩავედით სიდონში და კაცთმოყვარეობა გამოიჩინა იულიუსმა პავლეს მიმართ და ნება დართო, მეგობრებთან მისულიყო და შემწეობა მიეღო.
4და იქიდან გავემგზავრეთ და გავცურეთ კვიპროსისკენ საპირისპირო ქარების გამო.
5გადავცურეთ ზღვა კილიკიის და პამფილიის გასწვრივ და ჩავედით ლიკიის ქალაქ მირაში.
6და ნახა იქ ასისთავმა ალექსაანდრიის გემი, რომელიც მიცურავდა იტალიაში, და ჩაგვსხა ჩვენ მასში.
7და მრავალი დღე ნელა მივცურავდით და ძლივს მივაღწიეთ კნიდოსს, რადგან ქარი არ გვიშვებდა ჩვენ, და მივცურეთ კრეტასთან სალმონეს მხრიდან
8და ძლივს ავუარეთ მას გვერდი და მივედით ერთ ადგილას, რომელსაც ეწოდება: კარგი ნავსადგურები; მასთან ახლოს იყო ქალაქი ლასეა.
9და როდესაც დიდი დრო გავიდა და უკვე სახიფათო იყო ცურვა და ვინაიდან მარხვაც უკვე გასული იყო, ურჩია პავლემ
10და უთხრა მათ: კაცნო, ვხედავ, რომ გაჭირვებით და დიდი დანაკარგით იქნება ეს ცურვა არა მარტო ტვირთისთვის და გემისთვის, არამედ ჩვენთვისაც.
11ხოლო ასისთავი მესაჭეს და გემის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12და რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობამ გადაწყვიტა, გამგზავრებულიყვნენ იქიდან და, თუ შეძლებდნენ, მიეღწიათ და გამოეზამთრებინათ ფინიკეში, კრეტის ნავსადგურში, რომელიც გაჰყურებდა სამხრეთ-დასავლეთს და ჩრდილო-დასავლეთს.
13ხოლო როცა დაჰბერა სამხრეთის ქარმა, ეგონათ, რომ მათი მოსაზრება დადასტურდა, აუშვეს ღუზა და კრეტის გასწვრივ ახლოს მიცურავდნენ.
14არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ამოვარდა საპირისპირო გრიგალი, რომელსაც ეწოდება ევროკლიდონი,
15და გაიტაცა გემი და რადგან ვერ შეძლო ქარის საწინააღმდეგოდ სვლა, მივუშვით და აქეთ-იქით მიგვაქანებდა;
16ჩავუქროლეთ ერთ პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კლავდა, და ძლივს შევძელით ნავის დაკავება,
17რომელიც აიტანეს გემბანზე დამხმარე საშუალებებით, გამოიყენეს ბაგირები და შემოარტყეს გემს; ხოლო რადგან ეშინოდათ, რომ მეჩეჩზე არ გარიყულიყვნენ, დაუშვეს აფრები და ასე აქეთ-იქით მიგვაქანებდა.
18და ვინაიდან ძლიერად გვარყევდა ჩვენ გრიგალი, მეორე დღეს გადაყარეს ტვირთი;
19და მესამე დღეს გემის აღჭურვილობაც საკუთარი ხელით გადავყარეთ.
20არც მზე, არც ვარსკვლავები არ ჩანდა მრავალი დღის განმავლობაში და რადგან არცთუ ისე მცირე ხანს გვიტევდა გრიგალი, ბოლოს დავკარგეთ ჩვენი გადარჩენის ყველა იმედი.
21და დიდხანს ვიყავით უჭმელად. მაშინ დადგა პავლე მათ შორის და თქვა: მართებული იყო, ჰოი, კაცნო, დაგეჯერებინათ ჩემთვის, არ წამოსულიყავით კრეტიდან, არ ნახავდით ამ გაჭირვებასა და ზარალს.
22და ახლა გირჩევთ თქვენ, რომ გამხნევდეთ, რადგან არ დაიღუპება არცერთი სული თქვენგან, არამედ — მხოლოდ გემი;
23რადგან წარმომიდგა მე ამ ღამეს ანგელოზი ღვთისა, რომლისაც ვარ და რომელსაც ვემსახურები,
24და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე. კეისრის წინაშე უნდა წარდგე შენ და, აჰა, მოგმადლა შენ ღმერთმა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს.
25ამიტომ გამხნევდით, კაცნო, რადგან მწამს ღვთისა, რომ ისე იქნება, როგორც მითხრა მე,
26და რომელიღაც კუნძულზე უნდა გაგვრიყოს ჩვენ.
27ხოლო როცა მეთოთხმეტე ღამე დადგა და აქეთ-იქით მიგვაქანებდა ჩვენ ადრიატიკის ზღვაში, შუაღამისას მიხვდნენ მეზღვაურები, რომ ისინი რომელიღაც ნაპირს უახლოვდებოდნენ.
28და გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა ოცი მხარი და მცირე მანძილი რომ გაიარეს, ისევ გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა თხუთმეტი მხარი.
29და შეშინებულებმა, რომ სადმე კლდოვან ადგილზე არ გარიყულიყვნენ, კიჩოდან ჩაუშვეს ოთხი ღუზა და ლოცულობდნენ გათენებამდე.
30ხოლო როდესაც მეზღვაურები ცდილობდნენ გემიდან გაქცევას და ჩაუშვეს ნავი ზღვაში, ვითომ ქიმიდან აპირებდნენ ღუზის ჩაგდებას,
31უთხრა პავლემ ასისთავს და ჯარისკაცებს: თუ ესენი არ დარჩებიან გემზე, თქვენ ვერ შეძლებთ გადარჩენას.
32მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს ნავის თოკები და გაუშვეს, რომ ჩავარდნილიყო.
33და ვიდრე გათენდებოდა, სთხოვა პავლემ ყველას, მიეღოთ საზრდო, და უთხრა: მეთოთხმეტე დღეა დღეს, რაც მოლოდინში ხართ უჭმელად და არაფერი მიგიღიათ;
34ამიტომ გთხოვთ თქვენ, მიიღოთ საზრდო, რადგან ეს თქვენი გადარჩენისთვის არის საჭირო, და არცერთი თქვენგანის თავიდან თმის ღერიც არ ჩამოვარდება.
35და ეს თქვა და აიღო პური და მადლობდა ღმერთს ყველას წინაშე, გატეხა და დაიწყო ჭამა;
36და გამხნევდა ყველა და მათაც მიიღეს საზრდო.
37და ვიყავით გემზე ყველანი ორას სამოცდათექვსმეტი სული.
38და როდესაც საზრდოთი დანაყრდნენ, გადაყარეს ხორბალი ზღვაში და შეამსუბუქეს გემი.
39ხოლო როცა გათენდა, ნაპირი ვერ იცნეს და რაღაც ყურე შეამჩნიეს, რომელსაც ჰქონდა სანაპირო, სადაც გადაწყვიტეს, შეეგდოთ გემი, თუ შეძლებდნენ;
40და ასწიეს ღუზები და მიეცნენ ზღვას, ამავდროულად მოხსნეს საჭეებს საკვრელები, აღმართეს მცირე აფრა ქარის მიმართულებით და აიღეს გეზი სანაპიროსკენ.
41და შეცვივდნენ თავთხელ ადგილას და გემი მეჩეჩზე შეჩერდა, ქიმით ჩაეფლო და დადგა უძრავად, ხოლო კიჩო იმსხვრეოდა ძლიერი ტალღებისგან.
42ჯარისკაცებმა განიზრახეს პატიმრების დახოცვა, რათა ვინმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო,
43ხოლო ასისთავს უნდოდა პავლეს გადარჩენა და ხელი შეუშალა მათ განზრახვას და ბრძანა, ვისაც შეეძლო ცურვა, პირველები გადამხტარიყვნენ და ხმელეთზე გასულიყვნენ,
44ხოლო დანარჩენებს გაეცურათ: ზოგს ფიცრებით, ზოგს გემის რაღაც ნამსხვრევებით. და ისე მოხდა, რომ ყველანი გადავრჩით და გამოვედით ხმელეთზე.
Next