თავი - 26
Previous1ხოლო აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენ, საკუთარ თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ გაიწოდა ხელი და თავის დასაცავად თქვა:
2იმ ყველაფრის გამო, რასაც მაბრალებენ იუდეველები, მეფე აგრიპავ, თავი მიმაჩნია ნეტარად, რადგან შენ წინაშე ვაპირებ დღეს თავის დაცვას,
3მით უმეტეს, რომ შენ იუდეველთა ყველა წეს-ჩვეულებისა და სადავო საკითხის მცოდნე ხარ; ამიტომ გევედრები, სულგრძელებით მომისმინო მე:
4ჩემი ცხოვრება სიყრმიდან, თავიდანვე გავატარე ჩემს ხალხს შორის იერუსალიმში, იცის ყველა იუდეველმა;
5ვინც თავიდანვე მიცნობდა მე, თუ სურთ, დამემოწმებიან, რომ ჩვენი სარწმუნოების უმკაცრესი მოძღვრების შესაბამისად ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი;
6და ახლა ვდგავარ და განვისჯები სასოების გამო, რომელიც ღვთის მიერ იყო აღთქმული ჩვენი მამებისთვის
7და რომლისთვისაც ჩვენი თორმეტი ტომი გულმოდგინედ დღე და ღამე მსახურობს და იმედი აქვს, რომ აღსრულდება; ამ სასოების გამო ბრალს მდებენ იუდეველები, მეფე აგრიპავ.
8რა, არასარწმუნოდ მიგაჩნიათ თქვენ, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
9მეც მეგონა, რომ იესო ნაზორეველის სახელის საწინააღმდეგოდ მმართებდა, მრავალი რამ მომემოქმედებინა,
10რაც ჩავიდინე კიდეც იერუსალიმში, და წმიდათაგან მრავალი მე დავამწყვდიე საპყრობილეებში მღვდელმთავართაგან მიღებული ძალაუფლებით და როცა ხოცავდნენ მათ, ვეთანხმებოდი.
11და ყველა შესაკრებელში ხშირად ვსჯიდი მათ და ვაიძულებდი გმობას და უფრო მეტად გაშმაგებული მათზე გარშემო ქალაქებშიც კი ვდევნიდი.
12როცა ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართაგან მიღებული ძალაუფლებით და უფლებამოსილებით,
13შუადღისას გზაზე ვიხილე, მეფეო, ზეციდან მზეზე უბრწყინვალესი ნათელი, რომელიც გამოგვიბრწყინდა მე და ჩემს თანამგზავრებს.
14და როცა ჩვენ ყველანი მიწაზე დავცვივდით, გავიგონე ხმა მეტყველი, რომელიც მეუბნებოდა მე ებრაულ ენაზე: სავლე, სავლე, რად მდევნი მე? ძნელია შენთვის, დეზს წიხლი ჰკრა.
15და მე ვუთხარი: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი;
16მაგრამ ადექი და დადექი ფეხზე, რადგან იმისთვის გეჩვენე შენ, რომ გამოგარჩიო მსახურად და მოწმედ იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ შენ.
17და დაგიხსნი შენ ამ ერისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მე მიგავლენ შენ,
18რათა აუხილო მათ თვალები, რომ მოიქცნენ ბნელიდან ნათლისაკენ, ეშმაკის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ, რათა მიიღონ მათ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის, რომელთაც სწამთ ჩემი, —
19რის გამოც, მეფე აგრიპავ, არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას,
20არამედ თავიდან ვუქადაგებდი იმათ, ვინც დამასკოში და იერუსალიმში იყო, და მერე ჰურიასტანის მთელ ქვეყანასა და წარმართებს, რათა მოენანიებინათ და მოქცეულიყვნენ ღვთისაკენ და სინანულის ღირსი საქმეები ეკეთებინათ.
21ამის გამო შემიპყრეს მე იუდეველებმა ტაძარში და ცდილობდნენ ჩემს მოკვლას;
22მაგრამ ღვთის შეწევნით ამ დღემდე ვდგავარ და ვმოწმობ მცირესთვისაც და დიდისთვისაც, და არაფერს ვამბობ იმის გარდა, რაზეც წინასწარმეტყველები და მოსე ამბობდნენ, რომ უნდა მომხდარიყო;
23რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ნათელი ეუწყებინა ამ ერისთვის და წარმართთათვის.
24და როცა იგი ამას ამბობდა თავის დასაცავად, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: შეიშალე, პავლე, დიდმა წიგნიერებამ შეშლილობამდე მიგიყვანა შენ.
25ხოლო პავლემ უთხრა: არ შევშლილვარ, ღირსეულო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტ და კეთილგონივრულ სიტყვებს წარმოვთქვამ,
26რადგან უწყის ამის შესახებ მეფემ, რომელსაც განცხადებულად ვესაუბრები, რადგან არ მჯერა, რომ ამაში მისთვის რამე არის დაფარული, რადგან დაფარულ ადგილას არ მომხდარა ეს;
27გწამს, მეფე აგრიპავ, წინასწარმეტყველთა? ვიცი, რომ გწამს.
28ხოლო აგრიპამ უთხრა პავლეს: ეს ცოტაა, რომ დამარწმუნო, გავხდე ქრისტიანი.
29და პავლემ უთხრა: ვლოცულობ ღვთის მიმართ, ცოტაა თუ ბევრი, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც მისმენს მე დღეს, გახდეს ისეთი, როგორიც მე ვარ ამ ბორკილების გარეშე.
30და როდესაც ეს თქვა მან, ადგა მეფე, და მმართველი და ბერენიკე მათთან ერთად მსხდომნი,
31და როცა მიდიოდნენ, ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: არაფერს სიკვდილის ან ბორკილების ღირსს არ აკეთებს ეს კაცი.
32ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა ამ კაცის განთავისუფლება, რომ არ მოეთხოვა კეისრის სამსჯავრო.
Next