Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1ფესტუსი, ოლქი რომ ჩაიბარა, სამი დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში ავიდა.
2და მღვდელმთავარმა და წარჩინებულმა იუდეველებმა უჩივლეს მასთან პავლეს და ევედრებოდნენ მას
3და სთხოვდნენ, გაეღო წყალობა და მოეხმო იგი იერუსალიმში, რადგან აპირებდნენ ჩასაფრებას და მის მოკვლას გზაზე.
4ხოლო ფესტუსმა მიუგო, რომ პავლე დაცვის ქვეშ იმყოფებოდა კესარიაში და მალე თვითონაც აპირებდა იქ გამგზავრებას.
5ამიტომ ვისაც თქვენ შორის შეუძლია, — თქვა მან, — ჩემთან ერთად წამოვიდეს და თუ რამე არის ამ კაცში უჯერო, ბრალი დასდოს მას.
6და დაჰყო მათთან არა უმეტეს ათი დღისა და ჩავიდა კესარიაში და მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ტახტზე და ბრძანა, მოეყვანათ პავლე.
7და როცა მოვიდა იგი, გარშემოერტყნენ მას იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველები და პავლეს მრავალი და მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომლის დამტკიცებაც არ შეეძლოთ.
8ხოლო მან თავის დასაცავად თქვა: არც იუდეველთა სჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინაშე არაფერი შემიცოდავს.
9ფესტუსს უნდოდა იუდეველთა მომადლიერება და მიუგო პავლეს და უთხრა: გინდა იერუსალიმში ასვლა, რათა იქ განისაჯო ამის გამო ჩემ წინაშე?
10და უთხრა პავლემ: კეისრის მსაჯულის ტახტის წინაშე ვდგავარ, სადაც მართებულია ჩემი განსჯა. იუდეველებისთვის არაფერი დამიშავებია, როგორც შენც უკეთესად იცი;
11თუ ვაშავებ და სიკვდილის ღირსი რამე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს, ხოლო თუ არ არსებობს ის, რაშიც ესენი ბრალს მდებენ მე, არავის შეუძლია ჩემი გადაცემა მათთვის. კეისარს მივმართავ!
12მაშინ ფესტუსი მოელაპარაკა სათათბიროს და მიუგო: კეისარს მიმართე? კეისართან წახვალ!
13და როცა გავიდა რამდენიმე დღე, მეფე აგრიპა და ბერენიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხად.
14და რადგან მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტუსმა მოახსენა მეფეს პავლეს შესახებ და უთხრა: ერთი კაცია დარჩენილი, ფელიქსისგან შებორკილი,
15რომლის გამოც, ვიყავი რა იერუსალიმში, იჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა და ითხოვდნენ მის დასჯას,
16რომელთაც მივუგე: არ არის რომაელთა წესი, გადასცენ კაცი სასიკვდილოდ, ვიდრე ბრალდებულს პირისპირ არ დაუყენებენ ბრალმდებლებს და არ მისცემენ საშუალებას, თავი დაიცვას ბრალდებისგან.
17ამიტომ როდესაც შეიკრიბნენ ისინი აქ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ტახტზე და ვბრძანე, მოეყვანათ ის კაცი,
18რომლის გამოც წარდგნენ ბრალმდებლები და ვერანაირი ბრალდება ვერ წაუყენეს, რასაც ვვარაუდობდი;
19რაღაც კამათიც ჰქონდათ მასთან საკუთარ სარწმუნოებაზე და ვიღაც იესოსთან დაკავშირებით, რომელიც მოკვდა და რომელზეც პავლე ამტკიცებდა, რომ ცოცხალია.
20და საგონებელში ჩავარდნილმა ამ კამათის გამო ვუთხარი მას, თუ ისურვებდა წასვლას იერუსალიმში და იქ განსჯას ამის გამო.
21ხოლო პავლემ მოითხოვა, დაცვის ქვეშ ყოფილიყო იგი, სანამ სევასტოსი განსჯიდა; და ვბრძანე მისი დაცვა, ვიდრე გავგზავნი მას კეისართან.
22და აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მინდა მეც მაგ კაცის მოსმენა. ხოლო მან უთხრა: ხვალ მოუსმენ მას.
23და მეორე დღეს მოვიდნენ აგრიპა და ბერენიკე მთელი ბრწყინვალებით და შევიდნენ სასამართლო დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ კაცებთან ერთად; და როცა ბრძანა ფესტუსმა, მოიყვანეს პავლე.
24და თქვა ფესტუსმა: მეფე აგრიპავ და ყოველნო კაცნო, რომლებიც ჩვენთან ერთად ხართ, ხედავთ ამას, რომლის გამოც იუდეველთა მთელი სიმრავლე მთხოვდა მე იერუსალიმში და აქაც ღაღადებდნენ: აღარ უნდა იცოცხლოს მაგან.
25ხოლო მე მივხვდი, რომ არაფერი, ღირსი სიკვდილისა, არ ჩაუდენია მას; და როცა მან თვითონ მოითხოვა, მიემართა სევასტოსისთვის, გადავწყვიტე, გამეგზავნა იგი,
26რომლის შესახებაც დაზუსტებით არაფერი მაქვს ხელმწიფისთვის მისაწერი; ამიტომ მოვიყვანე იგი თქვენ წინაშე და უფრო კი შენ წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა მოძიების შემდეგ ვიცოდე, რა მივწერო,
27რადგან არაგონივრულად მიმაჩნია მე, გავუგზავნო შებორკილი და მისი ბრალდება კი არ ვაუწყო.
Next