Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ერთ რიტორ ტერტულუსთან ერთად, რომლებმაც უჩივლეს მმართველთან პავლეს.
2და როდესაც მოუხმეს მას, დაიწყო ბრალის დადება ტერტულუსმა და თქვა:
3დიდი მშვიდობა მოვიპოვეთ შენ მიერ და კეთილდღეობა მიეცა ამ ხალხს შენი მზრუნველობით, რასაც ყველგან და ყოველთვის დიდი მადლიერებით ვიღებთ, ღირსეულო ფელიქს;
4ხოლო ზედმეტად რომ არ დაგღალო შენ, გთხოვ, ჩვენი მოკლე სიტყვა მოისმინო შენი სულგრძელებით,
5რადგან ვიპოვეთ ეს კაცი, მავნე და შფოთის აღმძვრელი ქვეყნიერებაზე ყველა იუდეველს შორის, და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვარი,
6რომელიც ტაძრის წაბილწვასაც ცდილობდა; შევიპყარით იგი და ჩვენი სჯულისამებრ გვინდოდა განსჯა.
7მაგრამ მოვიდა ლუსია ათასისთავი, დიდი ძალა იხმარა, გამოგვტაცა ჩვენ ხელიდან და შენთან გამოგზავნა
8და ბრძანა, მისი ბრალმდებლებიც მოვსულიყავით შენთან; მისგან შეგიძლია გაიგო, როცა შენ თვითონ განსჯი, იმ ყველაფრის შესახებ, რაშიც ჩვენ ბრალს ვდებთ მას.
9და ეთანხმებოდნენ იუდეველებიც და ამტკიცებდნენ, რომ ეს ასეა.
10და მიუგო პავლემ, როცა ანიშნა მას მმართველმა, და თქვა: ვიცი, რომ მრავალი წელი ხარ მსაჯული ამ ხალხისა, ამიტომ უფრო გულმოდგინედ დავიცავ თავს;
11შენ შეგიძლია, გაიგო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც ავედი იერუსალიმში თაყვანის საცემად;
12და არც ტაძარში ვუნახივარ მათ მე ვინმესთან მოსაუბრე, არც ხალხი წამიქეზებია ამბოხისკენ არც შესაკრებლებში და არც ქალაქში,
13არც შეუძლიათ, წარმოადგინონ შენ წინაშე ის, რის გამოც ახლა ბრალს მდებენ მე.
14ხოლო ამას ვაღიარებ შენ წინაშე, რომ ამ გზით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, ასე ვემსახურები მამათა ღმერთს და მწამს ყველაფერი, რაც სჯულშია და რაც წინასწარმეტყველებებშია დაწერილი.
15მაქვს ღვთისადმი სასოება, რომელსაც თავად ეგენიც ელიან, რომ უნდა მოხდეს აღდგომა მკვდართა, მართალთა და ცრუთა.
16ამისთვის თვითონაც ვიღვწი, რომ უმწიკვლო სინდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე მუდამ.
17და მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისთვის მოწყალების და შესაწირავის გადასაცემად,
18რომლის დროსაც მე განწმედილი, ტაძარში ხალხისა და შფოთის გარეშე მნახა ზოგიერთმა ასიელმა იუდეველმა,
19რომლებიც უნდა მოსულიყვნენ შენ წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემი საწინააღმდეგო.
20ან თვითონ მაგათ თქვან, რა სიცრუე ნახეს ჩემში, როცა ვიდექი საკრებულოს წინაშე,
21ნუთუ იმ ერთი სიტყვის გამო, რომელიც ხმამაღლა ვთქვი, როცა ვიდექი მათ შორის? მკვდართა აღდგომის გამო განვისჯები მე დღეს თქვენ მიერ.
22ხოლო ეს რომ მოისმინა ფელიქსმა, ზედმიწევნით იცოდა რა ამ გზის შესახებ, ვადა გადაუდო მათ და თქვა: როცა ლუსია ათასისთავი ჩამოვა, მაშინ გამოვიძიებ თქვენს საქმეს.
23და უბრძანა ასისთავს პავლეს დაცვა, რომ თავისუფლად ყოფილიყო და არავის დაეშალა მისიანებისთვის მისი მსახურება ან შესვლა მასთან.
24ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი დრუსილასთან, თავის ცოლთან, ერთად, რომელიც იყო იუდეველი, და მოუხმო პავლეს და მოისმინა მისგან იესო ქრისტეს სარწმუნოების შესახებ.
25და როცა იგი საუბრობდა სამართლიანობის და თავშეკავების და მომავალი სამსჯავროს შესახებ, შეშინდა ფელიქსი და უთხრა: ახლა წადი და როცა დროს გამოვნახავ, მოგიხმობ შენ. —
26და ამასთან იმედი ჰქონდა, რომ ფულს მიიღებდა პავლესგან, რათა გაეთავისუფლებინა იგი; ამიტომაც ხშირ-ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27ხოლო როცა ორი წელი გავიდა, მოვიდა ფელიქსის შემცვლელი პორციუს ფესტუსი, და რადგან უნდოდა ფელიქსს იუდეველთა მომადლიერება, დატოვა პავლე შებორკილი.
Next