Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1და მიაპყრო მზერა პავლემ კრებულს და თქვა: კაცნო ძმანო, მე მთელი კეთილსინდისიერებით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე ამ დღემდე.
2ხოლო მღვდელმთავარმა ანანიამ უბრძანა თავის წინ მდგომთ, ტუჩებში ეცემათ მისთვის.
3მაშინ პავლემ უთხრა მას: შენს ცემას აპირებს ღმერთი, კედელო შეფეთქილო! და შენ ზიხარ ჩემს მსაჯულად სჯულისამებრ და უსჯულოდ ბრძანებ ჩემს ცემას?!
4ხოლო წინ მდგომებმა უთხრეს: ღვთის მღვდელმთავარს აგინებ?
5უთხრა პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ მღვდელმთავარია; რადგან წერია: შენი ერის მთავარზე არ თქვა აუგი (გამ.22,28).
6და როცა მიხვდა პავლე, რომ ერთ მხარეს არიან სადუკევლები, ხოლო მეორე მხარეს ფარისევლები, შესძახა საკრებულოში: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ძე ფარისევლისა, და სასოებისა და მკვდართა აღდგომის გამო განვისჯები.
7და როცა ეს თქვა მან, ჩამოვარდა უთანხმოება ფარისეველთა და სადუკეველთა შორის და გაიყო კრებული,
8რადგან სადუკევლები ამბობდნენ: არ არსებობს აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული, ხოლო ფარისევლები აღიარებდნენ ორივეს.
9და ატყდა დიდი ყვირილი და ადგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, კამათობდნენ და ამბობდნენ: ცუდს ვერაფერს ვხედავთ ამ კაცში; იქნებ სული ელაპარაკა მას ან ანგელოზი? ნუ ვართ ღვთისმბრძოლნი.
10და როცა უთანხმოება გაძლიერდა, შეეშინდა ათასისთავს, რომ შუაზე არ გაეგლიჯათ მათ პავლე, და უბრძანა ჯარისკაცებს, ჩასულიყვნენ და გამოეტაცათ იგი მათგან და მიეყვანათ ციხე-სიმაგრეში.
11ხოლო მეორე ღამეს გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: გამხნევდი, პავლე, რადგან როგორც მოწმობდი ჩემ შესახებ იერუსალიმში, ისე გმართებს შენ რომშიც მოწმობა.
12და როცა გათენდა, შეიკრიბნენ ვიღაც იუდეველები, და დაიფიცეს და თქვეს, რომ არ ეჭამათ, არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
13და იყო ორმოცზე მეტი, ვინც ეს შეთქმულება მოაწყო.
14ისინი მივიდნენ მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერი შევჭამოთ, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.
15ამიტომ ახლა თქვენ საკრებულოსთან ერთად შეატყობინეთ ათასისთავს, რომ ხვალ ჩამოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ აპირებთ, ზედმიწევნით გამოიძიოთ მის შესახებ, ხოლო ჩვენ, ვიდრე მოგიახლოვდებათ იგი, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.
16და გაიგონა პავლეს დისწულმა, რომ ჩასაფრებას აპირებდნენ, მივიდა და შევიდა ციხეში და უთხრა პავლეს.
17ხოლო პავლემ მოუხმო ერთერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, რადგან აქვს მისთვის რაღაც სათქმელი.
18ხოლო მან წაიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: პატიმარმა პავლემ მომიხმო მე და მთხოვა, ეს ჭაბუკი მომეყვანა შენთან, რადგან რაღაც აქვს შენთვის სათქმელი.
19და მოჰკიდა მას ხელი ათასისთავმა და გაიყვანა ცალკე და ეკითხებოდა: რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?
20ხოლო მან უთხრა: იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ შენ, რომ ხვალ პავლე ჩაიყვანო საკრებულოში, ვითომ აპირებენ, ზედმიწევნით გამოიკითხონ რაღაც მის შესახებ,
21ამიტომ შენ ნუ ენდობი მათ, რადგან ჩასაფრებულია მათგან ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, რომ არც ჭამონ, არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ მას, და ახლა მზად არიან და ელიან შენგან ბრძანებას.
22ხოლო ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რომ ეს შემატყობინე მე.
23და მოუხმო ვიღაც ორ ასისთავს და უთხრა: გაამზადეთ ორასი ჯარისკაცი, რათა გაჰყვნენ კესარიამდე, და სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი ღამის მესამე ჟამისთვის,
24და მოიყვანეთ სახედარი, რათა შესვან პავლე და დაცვით მიიყვანონ მმართველ ფელიქსთან.
25და მისწერა ამგვარი წერილი:
26კლავდიუს ლუსია — ღირსეულ მმართველ ფელიქსს, გიხაროდეს.
27ეს კაცი შეეპყროთ იუდეველებს და აპირებდნენ მის მოკვლას და მივადექი ჯარისკაცებითურთ და გამოვიხსენი იგი, როცა შევიტყვე, რომ რომაელია.
28და მინდოდა, გამეგო მიზეზი, რის გამოც ბრალს სდებდნენ მას, და ჩავიყვანე იგი მათ საკრებულოში
29და აღმოვაჩინე, რომ ბრალს სდებდნენ თავისი სჯულის საკითხთა გამო, და არანაირი ბრალი, ღირსი სიკვდილისა ან ბორკილებისა, არა აქვს.
30ხოლო როდესაც მეუწყა მე, რომ ამ კაცის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას აპირებდნენ იუდეველები, მაშინვე გამოვგზავნე შენთან და ვუბრძანე მის ბრალმდებლებსაც, დაგლაპარაკებოდნენ შენ მის შესახებ; ჯანმრთელად იყავი.
31ხოლო ჯარისკაცებმა, როგორც მათ უბრძანეს, წაიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამით ანტიპატრისში
32და მეორე დღეს გადააბარეს ცხენოსნებს, რომ წაეყვანათ იგი, ხოლო თავად დაბრუნდნენ ციხე-სიმაგრეში.
33და მათ, კესარიაში რომ შევიდნენ, გადასცეს წერილი მმართველს და პავლეც წარუდგინეს მას.
34და წაიკითხა მმართველმა და ჰკითხა, თუ რომელი ოლქიდან იყო, და როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან, უთხრა:
35მოგისმენ შენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; — და ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ იგი.
Next