თავი - 22
Previous1კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ ახლა ჩემი გამამართლებელი სიტყვა თქვენ წინაშე.
2და როდესაც გაიგეს, რომ ებრაულ ენაზე მიმართავდა მათ, უფრო მეტად გაჩუმდნენ; და თქვა:
3მე ვარ კაცი იუდეველი, დაბადებული კილიკიის ტარსში, აღზრდილი ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით, ზედმიწევნით განსწავლული მამათა სჯულში, მოშურნე ღვთისა, როგორც თქვენ ყველანი ხართ დღეს,
4რომელიც ამ გზის მიმდევართ სასიკვდილოდ ვდევნიდი, ბორკილებს ვადებდი და გადავცემდი საპყრობილეს მამაკაცებსაც და დედაკაცებსაც,
5როგორც დამემოწმება მე მღვდელმთავარი და ყველა უხუცესი. მათ გადმომცეს წერილები დამასკოში მყოფი ძმებისთვის და წავედი, რომ წამომეყვანა იქ მყოფნი, ბორკილებდადებულნი, იერუსალიმში, რათა დასჯილიყვნენ.
6და იყო, როცა მე მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ზეციდან გამობრწყინდა დიდი ნათელი ჩემ გარშემო,
7და დავვარდი მიწაზე და გავიგონე ხმა, რომელმაც მითხრა მე: სავლე, სავლე, რად მდევნი მე?
8ხოლო მე მივუგე ვინ ხარ, უფალო? და მითხრა მე: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ მდევნი.
9და ვინც ჩემთან იყვნენ, ნათელი იხილეს და შეეშინდათ, ხოლო ხმა, რომელიც მეუბნებოდა მე, არ ესმოდათ;
10და ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მითხრა მე: ადექი და შედი დამასკოში და იქ გეტყვიან ყველაფერს, რაც ნაბრძანებია, რომ გააკეთო შენ.
11და რაკი ვერაფერს ვხედავდი იმ ნათლის დიდებისგან, ხელი ჩამკიდეს ჩემთან მყოფებმა და შევედი დამასკოში.
12ხოლო ვინმე ანანია, კაცი სჯულისამებრ ღვთისმოშიში, ვის შესახებაც მოწმობდა დამასკოს მკვიდრი ყველა იუდეველი,
13მოვიდა ჩემთან, წარმომიდგა და მითხრა მე: სავლე, ძმაო, აგეხილოს თვალები. — და მე მაშინვე დავინახე იგი.
14და მან მითხრა მე: ჩვენი მამების ღმერთმა გამოგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება და იხილო ის მართალი და მოისმინო ხმა მისი პირიდან,
15რომ იყო მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმისი, რაც იხილე და ისმინე.
16და ახლა რაღას აყოვნებ? ადექი და ნათელიღე და განიბანე შენი ცოდვებისგან და მოუხმე უფლის სახელს.
17და იყო, როცა მივბრუნდი იერუსალიმში და ვლოცულობდი ტაძარში, მომიცვა მე გაოგნებამ,
18და ვიხილე იგი და მითხრა მე: იჩქარე და გადი სასწრაფოდ იერუსალიმიდან, რადგან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემ შესახებ.
19და მე ვთქვი: უფალო, მათ იციან, რომ მე ვიყავი, ვინც საპყრობილეში ვყრიდი და შესაკრებლებში ვცემდი შენს მორწმუნეებს;
20და როცა იღვრებოდა სისხლი სტეფანესი, შენი მოწამისა, მეც ვიყავი ზედამხედველი და ვიწონებდი მის მკვლელობას და ვდარაჯობდი მის მკვლელთა სამოსს.
21და მითხრა მე: წადი, რადგან შორს, წარმართებთან მიგავლენ შენ.
22და უსმენდნენ მას ამ სიტყვამდე და აიმაღლეს ხმა და თქვეს: აღიგავოს პირისაგან მიწისა ასეთი კაცი, რადგან არ არის იგი ღირსი სიცოცხლისა.
23და როცა ისინი ყვიროდნენ და ისროდნენ სამოსს და მტვერს ყრიდნენ ჰაერში,
24ბრძანა ათასისთავმა მისი შეყვანა ციხე-სიმაგრეში, და თქვა: შოლტის ცემით დაიკითხოს, რათა გავიგო, რა მიზეზის გამო უყვიროდნენ მას ასე.
25და როცა განართხეს იგი ღვედებით, უთხრა პავლემ იქვე მდგომ ასისთავს: განა რომაელი კაცის განუსჯელად გაშოლტვის უფლება გაქვთ თქვენ?
26როგორც კი ეს გაიგონა ასისთავმა, მივიდა და აუწყა ათასისთავს და უთხრა: იცი, რის გაკეთებას აპირებ? ეს კაცი რომაელია.
27და მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: მითხარი მე, რომაელი ხარ შენ? ხოლო მან უთხრა: ჰო.
28და მიუგო ათასისთავმა: მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა; ხოლო პავლემ უთხრა: მე კი — დაბადებით.
29მაშინ მყისვე უკან დაიხიეს იმათ, ვინც მის დაკითხვას აპირებდა, და ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ რომაელია, მან კი ბორკილები დაადებინა მისთვის.
30ხოლო მეორე დღეს, როდესაც მოინდომა დაზუსტებით გაეგო, რას აბრალებდნენ იუდეველები, მოხსნა ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავრებისა და მთელი საკრებულოს შეკრება; და მოიყვანა პავლე და დააყენა მათ წინაშე;
Next