თავი - 21
Previous1და იყო, როდესაც ჩვენ დავშორდით მათ და გავემგზავრეთ, პირდაპირ გავემართეთ და მივედით კოსზე, ხოლო მომდევნო დღეს — როდოსზე და იქიდან — პატარაში,
2და ვნახეთ გემი, რომელიც მიცურავდა ფინიკიაში, და ავედით და გავემგზავრეთ.
3ხოლო როდესაც გამოჩნდა კვიპროსი, მოვიტოვეთ იგი მარცხნივ და გავცურეთ სირიისკენ და ჩავედით ტვიროსში, რადგან გემიდან იქ უნდა გადმოეცალათ ტვირთი.
4და ვიპოვეთ მოწაფეები და გავჩერდით იქ შვიდ დღეს. და ისინი პავლეს ეუბნებოდნენ სულის მიერ, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5და იყო, როცა დასრულდა ეს დღეები, გამოვედით და წამოვედით; და გამოგვაცილა ჩვენ ყველამ ცოლებთან და შვილებთან ერთად ქალაქგარეთ და მოვიყარეთ მუხლი ზღვის პირას და ვილოცეთ;
6და დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ავედით გემზე, ხოლო ისინი დაბრუნდნენ შინ.
7და ჩვენ დავასრულეთ ცურვა, როცა ტვიროსიდან მივაღწიეთ პტოლემაიდას; მოვიკითხეთ ძმები და გავჩერდით მათთან ერთი დღე.
8ხოლო მეორე დღეს წამოსულნი მივედით კესარიაში და შევედით სახლში ფილიპე მახარებლისა, რომელიც იყო შვიდთაგანი, და გავჩერდით მასთან.
9მას ჰყავდა ოთხი ასული წინასწარმეტყველი ქალწულები.
10ხოლო გავჩერდით რა იქ მრავალ დღეს, ჩამოვიდა ჰურიასტანიდან ვიღაც წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი,
11და მოვიდა ჩვენთან და აიღო პავლეს სარტყელი, შეიკრა თავის ფეხები და ხელები და თქვა: ამას ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისიც არის ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და ხელში გადასცემენ წარმართებს.
12ხოლო როგორც კი მოვისმინეთ ეს, ვევედრებოდით ჩვენც და ადგილობრივებიც, რომ არ ასულიყო იგი იერუსალიმში.
13მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: რას აკეთებთ, ტირით და გულს მიტეხთ? რადგან მე არა მხოლოდ შესაკრავად, არამედ სიკვდილისთვისაც მზად ვარ იერუსალიმში უფალი იესოს სახელისთვის.
14და რადგან ვერ დავარწმუნეთ იგი, გავჩუმდით და ვთქვით: ნება უფლისა იყოს.
15ხოლო ამ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმში.
16და წამოვიდნენ ჩვენთან ერთად მოწაფეებიც კესარიიდან და მიგვიყვანეს მასთან, ვისთანაც უნდა გავჩერებულიყავით — ვინმე მნასონ კვიპრელთან, ძველ მოწაფესთან.
17მივედით რა იერუსალიმში, სიხარულით მიგვიღეს ჩვენ ძმებმა.
18ხოლო მეორე დღეს შევიდა პავლე ჩვენთან ერთად იაკობთან და ყველა ხუცესიც მოვიდა.
19და მოიკითხა ისინი და სათითაოდ უამბობდა იმას, რაც აღასრულა ღმერთმა წარმართთა შორის მისი მსახურებით.
20ხოლო როცა მოისმინეს, ადიდებდნენ ღმერთს; და უთხრეს მას: ხედავ, ძმაო, რამდენი ათასია იუდეველთა შორის მორწმუნე და ყველანი სჯულის მოშურნენი არიან.
21ხოლო შენ შესახებ გაუგიათ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მყოფ ყველა იუდეველს და ეუბნები, რომ არ წინადასცვითონ მათ თავის შვილებს, არც წეს-ჩვეულებებს მისდიონ.
22მაშ, რა იქნება? უეჭველად შეიკრიბება ხალხი, რადგან გაიგეს, რომ მოსული ხარ.
23ამიტომ ის გააკეთე, რასაც შენ გეუბნებით. არის ჩვენ შორის ოთხი კაცი, რომელთაც პირადი აღთქმა აქვთ დადებული;
24ესენი წაიყვანე და განიწმიდე მათთან ერთად და გაიღე ხარჯი მათთვის, რათა მოიკვეცონ თმა, და გაიგოს ყველამ, რომ, რაც შენ შესახებ გაუგიათ, არ არის მართალი, არამედ შენ თავად მისდევ და იცავ სჯულს.
25ხოლო მორწმუნე წარმართების შესახებ ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, რომ ერიდონ ისინი ნაკერპავს და სისხლს და დამხრჩვალს და სიძვას.
26მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები და მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა; შევიდა ტაძარში და აუწყა განწმედის დღეების დასრულების შესახებ, როცა თითოეული მათგანისთვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
27ხოლო როდესაც უნდა დასრულებულიყო შვიდი დღე, იუდეველებმა, რომლებიც ასიიდან იყვნენ, იხილეს იგი ტაძარში და აღაშფოთეს მთელი ხალხი და დაადეს მას ხელი
28და ყვიროდნენ: კაცნო ისრაელელნო, შეგვეწიეთ! ეს არის კაცი, რომელიც ერის და სჯულის და ამ ადგილის საწინააღმდეგოს ასწავლის ყველას ყველგან და თანაც წარმართებიც შეიყვანა ტაძარში და წაბილწა ეს წმიდა ადგილი, —
29რადგან მანამდე ენახათ ტროფიმე ეფესელი ქალაქში მასთან ერთად და ეგონათ, რომ ტაძარში შეიყვანა იგი პავლემ.
30და აღიძრა მთელი ქალაქი და შეგროვდა ხალხი და შეიპყრეს პავლე და როცა მიათრევდნენ მას ტაძრიდან გარეთ, მყისვე დაიკეტა კარები.
31ხოლო როდესაც აპირებდნენ მის მოკვლას, მიუვიდა ამბავი რაზმის ათასისთავს, რომ მთელი იერუსალიმი ამბოხებული იყო.
32მან მაშინვე წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და ისწრაფა მათკენ, ხოლო მათ, როცა დაინახეს ათასისთავი და ჯარისკაცები, შეწყვიტეს პავლეს ცემა.
33მაშინ მიუახლოვდა ათასისთავი, გამოიყვანა იგი და ბრძანა, შეეკრათ ორი ჯაჭვით, და გამოიკითხა, ვინ იყო და რა ჰქონდა ჩადენილი.
34და ხალხში სხვადასხვა რამეს ყვიროდნენ და რადგან ვერ შეძლო მან შფოთის გამო დანამდვილებით ვერაფრის გაგება, ბრძანა მისი წაყვანა ციხე-სიმაგრეში;
35ხოლო როდესაც კიბის საფეხურებს მიაღწია, ხელში აიყვანეს იგი ჯარისკაცებმა ხალხის მოძალების გამო,
36რადგან მიჰყვებოდა ხალხის სიმრავლე და ყვიროდა: სიკვდილი მაგას!
37და როცა უნდა შეეყვანათ ციხე-სიმაგრეში, უთხრა პავლემ ათასისთავს: თუ შეიძლება, რომ რამე გითხრა შენ? ხოლო მან უთხრა: ბერძნული იცი?
38მაშ, შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც ამ დღეების წინ აღაშფოთა და გაიყვანა უდაბნოში ოთხი ათასი სიკარიელი კაცი?
39და უთხრა მას პავლემ: მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსიდან, არცთუ ისე უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე, და გევედრები შენ, ნება დამრთე, დაველაპარაკო ხალხს.
40და როდესაც ნება დართო მან, დადგა პავლე საფეხურებზე და ხელით ანიშნა ხალხს; და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მიმართა ებრაულ ენაზე და უთხრა:
Next