Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1მას შემდეგ, რაც დაცხრა შფოთი, მოუხმო პავლემ მოწაფეებს და ნუგეში სცა და დაემშვიდობა და გამოვიდა, რომ წასულიყო მაკედონიაში.
2და როდესაც მოიარა ის ადგილები და ნუგეში სცა მათ მრავალი სიტყვით, მივიდა ელადაში
3და დაჰყო იქ სამი თვე; და შეითქვნენ იუდეველები მის წინააღმდეგ, როდესაც აპირებდა წასვლას სირიაში, და განიზრახა, დაბრუნებულიყო მაკედონიის გავლით.
4და თან ახლდნენ მას ასიამდე სოსიპატრე პიროსისა, ბერიელი, ხოლო თესალონიკელთაგან — არისტარქე და სეკუნდოსი, და გაიოს დერბელი და ტიმოთე, და ასიელები: ტვიქიკე და ტროფიმე.
5და ესენი წინ წავიდნენ და გველოდებოდნენ ჩვენ ტროადაში;
6ხოლო ჩვენ გამოვცურეთ გემით უფუარობის დღეების შემდეგ ფილიპიდან და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროადაში, სადაც დავყავით შვიდი დღე.
7ხოლო ერთშაბათს, როდესაც შეკრებილნი იყვნენ მოწაფეები პურის გასატეხად, პავლე ესაუბრებოდა მათ, და რადგან აპირებდა წასვლას მეორე დღეს, გაუგრძელდა სიტყვა შუაღამემდე.
8და იყო მრავალი ლამპარი ზედა ოთახში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი.
9და იჯდა ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიქი, სარკმელზე და მიეცა ღრმა ძილს, რადგან პავლე დიდხანს საუბრობდა, და მძინარე გადმოვარდა მესამე სართულიდან დაბლა და აიყვანეს მკვდარი.
10და ჩამოვიდა პავლე და დაემხო მას, მოეხვია და თქვა: ნუ შფოთავთ, რადგან მისი სული მასთან არის.
11და ავიდა და გატეხა პური და ჭამა და დიდხანს საუბრობდა გათენებამდე. და ასე წავიდა.
12და მოიყვანეს ის ყრმა ცოცხალი და ნუგეშცემულნი იყვნენ უზომოდ.
13ხოლო ჩვენ წინ წავედით გემით და ავედით ასოსში და იქიდან ვაპირებდით პავლეს წაყვანას, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები; თვითონ კი ფეხით აპირებდა წამოსვლას.
14და როცა შეგვხვდა ჩვენ ასოსში, წამოვიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში.
15და იქიდან გამოვცურეთ და მომდევნო დღეს მივაღწიეთ ქირსის მოპირდაპირე მხარეს, ხოლო მეორე დღეს მივადექით სამოს და გავჩერდით ტროგილიონში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში,
16რადგან განიზრახა პავლემ, გვერდი აევლო ეფესოსთვის, რათა არ დაყოვნებულიყო ასიაში, ვინაიდან ჩქარობდა, რომ, თუ შესაძლებელი იქნებოდა მისთვის, მეერგასის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში.
17და მილეტიდან გაგზავნა ეფესოში და მოუხმო ეკლესიის ხუცესებს.
18და როდესაც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ: თქვენ იცით, პირველივე დღიდან, როცა მოვედი ასიაში, თუ როგორ ვიყავი მთელი ეს დრო თქვენთან,
19და ვემსახურებოდი უფალს მთელი სიმდაბლით და მრავალი ცრემლით და განსაცდელებით, რომლებიც შემემთხვა მე იუდეველთა შეთქმულების გამო;
20როგორ არაფერზე დამიხევია უკან, რომ მეუწყებინა, რაც უმჯობესია თქვენთვის, და მესწავლებინა სახალხოდ და სახლებში;
21და ვმოწმობდი იუდეველთათვის და ელინთათვის ღვთის მიმართ სინანულზე და ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი რწმენაზე.
22და ახლა, აჰა, სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და იქ რა შემემთხვევა მე, არ ვიცი;
23თუმცა სულიწმიდა ყოველ ქალაქში მოწმობს ჩემზე და ამბობს, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის მე;
24მაგრამ არაფერს ვზრუნავ, არც ჩემი სულია ჩემთვის ღირებული, თუ არ დავასრულებ სიხარულით ჩემს სრბოლას და მსახურებას, რომელიც მივიღე უფალი იესოსგან, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.
25და ახლა, აჰა, მე ვიცი, რომ ვეღარ იხილავთ ჩემს სახეს თქვენ ვერავინ, ვის შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
26ამიტომ ვმოწმობ თქვენ წინაშე დღევანდელ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისგან,
27რადგან არ მოვრიდებივარ, რომ მეუწყებინა თქვენთვის ღვთის ყოველი ნება.
28გაუფრთხილდით თქვენს თავს და მთელ სამწყსოს, რომელზეც თქვენ სულიწმიდამ დაგადგინათ ზედამხედველებად, რათა დამწყსოთ უფლისა და ღვთის ეკლესია, რომელიც მოიპოვა თავისი სისხლით.
29მე ვიცი ის, რომ შემოვლენ თქვენთან ჩემი წასვლის შემდეგ მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა გადაიბირონ მოწაფეები თავისკენ.
31ამიტომ იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს ღამით და დღისით განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
32და ახლა შეგავედრებთ თქვენ, ძმანო, ღმერთს და მადლს მისი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია აღგაშენოთ და მოგცეთ თქვენ სამკვიდრებელი ყოველთა განწმედილთა შორის.
33ვერცხლი ან ოქრო, ან სამოსი არავისი მდომებია.
34თქვენ თავად იცით, რომ იმას, რაც მე და ჩემთან მყოფებს გვჭირდებოდა, ეს ხელები ემსახურებოდნენ;
35ყოველივე გიჩვენეთ თქვენ, რომ ამგვარი შრომით გმართებთ, შეეწიოთ უძლურებს, და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, თავად რომ თქვა: უფრო დიდი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება.
36და როცა ეს თქვა, მოიყარა მუხლი ყველასთან ერთად და ილოცა.
37და ყველა ტიროდა ბევრს და ქედზე ეხვეოდა პავლეს და ეამბორებოდა მას;
38და დამწუხრებულნი იყვნენ უფრო სიტყვის გამო, რომელიც თქვა, რომ ვეღარ იხილავდნენ მის სახეს. და მიაცილეს იგი გემამდე.
Next