Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1და იყო, აპოლოსის ყოფნისას კორინთოში, პავლემ მოიარა ზემო მხარე, მივიდა ეფესოში და ნახა ვიღაც მოწაფეები
2და უთხრა მათ: სულიწმიდა თუ მიიღეთ, როცა ირწმუნეთ? ხოლო მათ უთხრეს მას: არც კი გვსმენია, რომ სულიწმიდა არსებობს.
3და უთხრა მათ: მაშ, რითი ნათელიღეთ? ხოლო მათ უთხრეს: იოანეს ნათლისცემით.
4და თქვა პავლემ: იოანე ნათელსცემდა სინანულის ნათლისცემით და ერს ეუბნებოდა, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი იესო ქრისტე.
5ხოლო როცა მოისმინეს, ნათელიღეს უფალი იესო ქრისტეს სახელით.
6და პავლეს ხელის დადებით გადმოვიდა სულიწმიდა მათზე და ალაპარაკდნენ ენებზე და წინასწარმეტყველებდნენ.
7და ყველა იყო მამაკაცი, დაახლოებით თორმეტი.
8და შევიდა შესაკრებელში და გაბედულად ქადაგებდა სამი თვე და ესაუბრებოდა ღვთის სასუფევლის შესახებ და არწმუნებდა მათ.
9ხოლო რადგან ზოგიერთები გამწარდნენ და არ ირწმუნეს და აუგს ამბობდნენ უფლის გზის შესახებ მრავალთა წინაშე, გაშორდა მათ, გამოარჩია მოწაფეები და ყოველდღე საუბრობდა ვინმე ტირანოსის სასწავლებელში.
10და ასე იყო ორი წელი, ვიდრე ასიის ყველა მკვიდრმა არ მოისმინა უფალი იესოს სიტყვა, იუდეველებმაც და ელინებმაც.
11და უჩვეულო სასწაულებს იქმოდა ღმერთი პავლეს ხელით,
12ისე რომ, უძლურებს ზედ ადებდნენ მის ოფლიან თავსაბურავებს ან სარტყლებს და შორდებოდა მათ სენი და უკეთური სულები გადიოდნენ მათგან.
13და დაიწყეს ვიღაც მოხეტიალე იუდეველმა შემლოცველებმაც იმათთვის, ვისთანაც იყვნენ უკეთური სულები, უფალი იესოს სახელის მოხმობა და ამბობდნენ: გაფიცებთ თქვენ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებს.
14იყო ვიღაც სკევას, იუდეველთა მღვდელმთავრის, შვიდი ძე, რომლებიც ამას აკეთებდნენ.
15და მიუგო უკეთურმა სულმა და უთხრა მათ: იესო ვიცი და პავლესაც ვიცნობ, ხოლო თქვენ ვინ ხართ?
16და ეცა მათ კაცი, რომელთანაც იყო უკეთური სული, მოერია მათ და იმძლავრა მათზე, ისე რომ, შიშვლები და ნაგვემნი გამოიქცნენ იმ სახლიდან.
17და ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ელინისათვის, რომლებიც მკვიდრობდნენ ეფესოში, და შიში დაეცა მათ ყველას და იდიდებოდა უფალი იესოს სახელი.
18და მორწმუნეთაგან მრავალი მოდიოდა და აღიარებდა და ამხელდა თავის საქმეებს.
19და მრავალმა გრძნეულების მოქმედმა შეაგროვა თავისი წიგნები და დაწვა ყველას წინაშე; და აღრიცხეს მათი საფასური და აღმოჩნდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი.
20ასეთი ძალით აღორძინდებოდა და მტკიცდებოდა სიტყვა უფლისა.
21და როდესაც ეს აღსრულდა, ჩაიდო პავლემ გულში, მაკედონიისა და აქაიის გავლით მისულიყო იერუსალიმში, და თქვა: ჩემი იქ ყოფნის შემდეგ მმართებს მე რომის ხილვაც.
22და გაგზავნა მაკედონიაში თავისი ორი მსახური: ტიმოთე და ერასტი, ხოლო თვითონ დროებით გაჩერდა ასიაში.
23და იყო იმ დროს არცთუ ისე მცირე შფოთი უფლის გზის გამო,
24რადგან ვიღაც, სახელად დემეტრიოსი, ვერცხლის მჭედელი, აკეთებდა არტემიდას ვერცხლის ტაძრებს და აძლევდა ხელოსნებს არცთუ ისე მცირე შემოსავალს,
25და შეკრიბა ისინი და მათნაირი ოსტატები და უთხრა: კაცნო, იცით, რომ ამ შემოსავალზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა,
26და ხედავთ და გესმით, რომ არა მხოლოდ ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ პავლემ დაარწმუნა და გადაიბირა უამრავი ხალხი და ამბობს, რომ არ არიან ღმერთები ხელით ქმნილნი.
27და არა მხოლოდ ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენ, რომ ჩვენი საქმიანობა სათაკილო გახდება, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდას, ტაძარიც არაფრად შეირაცხება და დაემხობა მისი დიდებულება, რომელსაც მთელი ასია და ქვეყნიერება პატივს მიაგებს.
28ხოლო როდესაც ეს გაიგონეს, აღივსნენ ისინი გულისწყრომით და აყვირდნენ და ამბობდნენ: დიდია არტემიდა ეფესელთა!
29და მოიცვა მთელი ქალაქი მღელვარებამ და ერთად გაემართნენ თეატრონისკენ და თან შეიპყრეს გაიოსი და არისტარქე მაკედონიელნი, პავლეს თანამგზავრნი.
30ხოლო პავლეს უნდოდა, გასულიყო ხალხში და არ გაუშვეს იგი მოწაფეებმა.
31და ასიის ზოგიერთმა მთავარმაც, ვინც მისი მეგობარი იყო, გაგზავნა მასთან და ევედრებოდა, რომ არ გამოჩენილიყო თეატრონში,
32რადგან კრებული აღელვებული იყო, სხვადასხვა რამეს ყვიროდა და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც წარადგინეს იუდეველებმა; და ალექსანდრემ ანიშნა ხელით, რომ უნდოდა, სიტყვა ეთქვა ხალხისთვის.
34ხოლო ისინი, როდესაც მიხვდნენ, რომ იუდეველია, ყველანი ერთხმად დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ყვიროდნენ: დიდია არტემიდა ეფესელთა!
35და დააწყნარა მდივანმა ხალხი და უთხრა: კაცნო ეფესელნო, ვინ არის კაცთაგან, ვინც არ იცის ეფესელთა ქალაქი, რომელიც არის მსახური დიდი ქალღმერთის, არტემიდასი და დიოპეტისა?
36ვინაიდან ეს უცილობელია, გმართებთ თქვენ, რომ წყნარად იყოთ და არაფერი მოიმოქმედოთ წინდაუხედავად,
37რადგან მოგიყვანიათ ეს კაცები, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან, არც მგმობელნი ჩვენი ღმერთისა.
38თუ დემეტრიოსს და მასთან მყოფ ხელოსნებს აქვთ ვინმეს წინააღმდეგ საჩივარი, სასამართლოები არსებობს და პროკონსულები არიან, ბრალი დასდონ ერთმანეთს;
39ხოლო თუ სხვა რამეს ეძიებთ, კანონიერი კრებით გადაწყდეს,
40რადგან საფრთხე გვემუქრება, რომ დაგვბრალდება დღევანდელი ამბოხი, ვინაიდან არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომლითაც შევძლებთ, პასუხი ვაგოთ თავყრილობის გამო. — ეს თქვა და დაითხოვა კრება.
Next