Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1ამის შემდეგ წამოვიდა პავლე ათენიდან და მივიდა კორინთოში
2და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახლად იყო ჩამოსული იტალიიდან, და პრისკილა, მისი ცოლი, — რადგან ნაბრძანები ჰქონდა კლავდიუსს, რომ დაეტოვებინა ყველა იუდეველს რომი, — და მივიდა მათთან;
3და იმის გამო, რომ ერთი ხელობა ჰქონდათ, დარჩა მათთან და მუშაობდა, რადგან იყვნენ ხელობით მეკარვეები.
4და ესაუბრებოდა შესაკრებელში ყოველ შაბათს და არწმუნებდა იუდეველებს და ელინებს.
5და როცა ჩამოვიდნენ მაკედონიიდან შილა და ტიმოთე, სული აიძულებდა პავლეს და იგი მოწმობდა იუდეველთათვის, რომ ქრისტე არის იესო;
6ხოლო იმათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა და გმობდა, დაიბერტყა რა თავისი სამოსი, უთხრა: სისხლი თქვენი თქვენს თავზე იყოს. უბრალო ვარ მე. ამიერიდან წარმართებთან წავალ.
7და წამოვიდა იქიდან და შევიდა ვიღაც ღვთისმოსავის, სახელად იოსტოსის, სახლში, რომელიც ესაზღვრებოდა შესაკრებელს.
8ხოლო კრისპოსმა, შესაკრებლის მთავარმა, ირწმუნა უფალი მთელი თავისი სახლეულით; და მრავალმა კორინთელმა, ვინც ისმენდა, ირწმუნა და ნათელიღო.
9და უთხრა უფალმა ღამით პავლეს ჩვენებით: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ გაჩუმდები,
10ვინაიდან მე ვარ შენთან, და ვერავინ შეგეხება ბოროტად შენ, რადგან მრავალი ხალხი მყავს ამ ქალაქში.
11და დაჰყო იქ წელიწადი და ექვსი თვე და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
12ხოლო როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსული, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს იგი სამსჯავროზე
13და ამბობდნენ: ეს არწმუნებს ხალხს, რომ სჯულის საწინააღმდეგოდ ემსახურონ ღმერთს.
14და როცა პავლემ პირის გაღება დააპირა, უთხრა გალიონმა იუდეველებს: რომ ყოფილიყო რამე უსამართლობა ან ბოროტი განზრახვა, ჰოი, იუდეველნო, განვიხილავდი თქვენს სიტყვას.
15თუ გამოძიება ეხება მოძღვრებას, სახელებს და თქვენს სჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, რადგან მე არ მსურს, ამის მსაჯული ვიყო.
16და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17და შეიპყრეს ელინებმა, ყველამ, სოსთენი, შესაკრებლის მთავარი, და სცემდნენ სამსჯავროს წინ. და ამის გამო არ შეწუხებულა გალიონი.
18ხოლო პავლე კიდევ მრავალ დღეს დარჩა, ძმებს გამოეთხოვა და გემით გაცურა სირიისკენ, და მასთან ერთად იყვნენ პრისკილა და აკვილა, და მოიკვეცა თმა კენქრეში, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული.
19და მიაღწია ეფესოს და ისინი დატოვა იქ, ხოლო თვითონ შევიდა შესაკრებელში და ესაუბრებოდა იუდეველებს.
20ხოლო როდესაც ისინი სთხოვდნენ, უფრო მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, არ დაეთანხმა,
21არამედ გამოეთხოვა მათ და უთხრა: მმართებს მე, მომავალ დღესასწაულზე უეჭველად იერუსალიმში ვიყო, და კვლავ დავბრუნდები თქვენთან ღვთის ნებით; — და გაემგზავრა ეფესოდან
22და ჩავიდა კესარიაში. და ავიდა იერუსალიმში და მოიკითხა ეკლესია და ჩავიდა ანტიოქიაში
23და დაჰყო ერთ ხანს; და წამოვიდა და თანამიმდევრობით მოიარა გალატიის ქვეყანა და ფრიგია და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.
24და ერთი იუდეველი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი, რომელიც ძლიერი იყო წერილში, მივიდა ეფესოში.
25მას შესწავლილი ჰქონდა უფლის გზა და მხურვალე სულით საუბრობდა და ზედმიწევნით ასწავლიდა იესოს შესახებ და მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26მან გაბედულად დაიწყო ქადაგება შესაკრებელში. და მოუსმინეს მას აკვილამ და პრისკილამ და გამოიყვანეს იგი და ზედმიწევნით აუწყეს უფლის გზის შესახებ.
27და როდესაც მოინდომა მან აქაიაში გადასვლა, გაამხნევეს ძმებმა და მისწერეს მოწაფეებს, რომ მიეღოთ იგი; და მივიდა და დიდად ეწეოდა მორწმუნეებს მადლით,
28რადგან თავგამოდებით ამხელდა იუდეველებს სახალხოდ და უჩვენებდა წერილის მიხედვით, რომ ქრისტე არის იესო.
Next