Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1და გაიარეს ამფიპოლისი და და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკში, სადაც იყო იუდეველთა შესაკრებელი.
2და როგორც ჩვეულება ჰქონდა პავლეს, შევიდა მათთან და სამ შაბათს მსჯელობდა მათთან წერილიდან,
3უხსნიდა და არწმუნებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით და რომ: ეს არის ქრისტე, იესო, რომელსაც მე გახარებთ თქვენ.
4და ზოგმა მათგანმა ირწმუნა და პავლესა და შილას მიემხრო როგორც ღვთისმოსავ ელინთა დიდი სიმრავლე, ასევე არცთუ ისე ცოტა წარჩინებული დედაკაცი.
5ხოლო შური აღეძრათ იუდეველებს, რომლებმაც არ ირწმუნეს, და მოიყვანეს სავაჭროდან ვიღაც უკეთური კაცები და შეკრიბეს ხალხი და აშფოთებდნენ ქალაქს; და მიადგნენ იასონის სახლს და ეძებდნენ მათ, რათა გამოეყვანათ ხალხის წინაშე.
6და როცა ვერ იპოვეს ისინი, თრევით მიიყვანეს იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: ვინც ქვეყნიერებას აშფოთებს, ისინი აქაც მოსულან,
7რომლებიც იასონს მიუღია; და ისინი, ყველანი, კეისრის ბრძანებების წინააღმდეგ მოქმედებენ, რადგან მეფეს უწოდებენ სხვას — იესოს.
8და ააღელვეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომლებიც ისმენდნენ ამას.
9და მიიღეს თავდებობა იასონისგან და დანარჩენებისგან და გაუშვეს ისინი.
10ხოლო ძმებმა მაშინვე, ღამით გაგზავნეს პავლე და შილა ბერიაში, რომლებიც ჩასვლისთანავე იუდეველთა შესაკრებელში მივიდნენ.
11ესენი თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე განიხილავდნენ წერილს, იყო თუ არა ეს ასე.
12ამიტომ მრავალმა მათგანმა ირწმუნა — კეთილშობილმა ელინმა, დედაკაცმაც და მამაკაცმაც, არცთუ ისე ცოტამ.
13ხოლო როგორც კი გაიგეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბერიაშიც ეუწყათ პავლესგან ღვთის სიტყვა, მივიდნენ იქაც და აშფოთებდნენ და აღელვებდნენ ხალხს.
14და მაშინ ძმებმა მყისვე გაამგზავრეს პავლე, რომ წასულიყო ზღვისკენ, შილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15ხოლო გამცილებლებმა პავლე მიიყვანეს ათენამდე და, მიიღეს რა ბრძანება შილასა და ტიმოთესთვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად მისულიყვნენ მასთან, წამოვიდნენ.
16და ვიდრე ათენში ელოდებოდა მათ პავლე, შფოთავდა მისი სული, ხედავდა რა კერპებით სავსე ქალაქს.
17ამიტომ ესაუბრებოდა შესაკრებელში იუდეველებსა და ღვთისმოსავებს, და მოედნებზე — იმათ, ვინც ყოველდღე ხვდებოდა.
18ხოლო ზოგიერთი ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსი ეკამათებოდა მას, ზოგი კი ამბობდა: რისი თქმა უნდა ამ ამაოდმეტყველს? ხოლო სხვები: უცხო ღმერთების მქადაგებელი ჩანს, რადგან იესოს და აღდგომას ახარებდა მათ.
19და წამოიყვანეს იგი და მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: შეიძლება გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომელსაც შენ ქადაგებ?
20რადგან უცნაური რამ ესმის ჩვენს ყურებს; ამიტომ გვინდა, ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს.
21ხოლო ათენელები, ყველა, და ჩამოსახლებული უცხოელები სხვას არაფერს უთმობდნენ დროს ისე, როგორც საუბარს რაიმეს შესახებ და სიახლის მოსმენას.
22და დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: კაცნო ათენელნო, ყოველმხრივ ვხედავ, რომ მრავალი ღმერთის მსახურნი ხართ თქვენ,
23რადგან, როდესაც მოვიარე და ვნახე თქვენი სალოცავები, აღმოვაჩინე სამსხვერპლოც, რომელზეც ეწერა: უცნობ ღმერთს. ამიტომ რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით, მას გაუწყებთ მე თქვენ.
24ღმერთი, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე, რაც მასშია, იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი და არ მკვიდრობს ხელით ქმნილ ტაძრებში;
25არც კაცთა ხელიდან ითხოვს მსახურებას, თითქოს რამე სჭირდებოდეს, არამედ თავად აძლევს ყველას სიცოცხლეს და სულს და ყოველივეს.
26და შექმნა ერთი სისხლისგან კაცთა მთელი მოდგმა, რომ დამკვიდრებულიყო მთელი ქვეყნის პირზე, და განსაზღვრა განჩინებული ჟამები და საზღვრები მათი სამკვიდრებლისა,
27რათა ეძიონ ღმერთი, იქნებ შეიგრძნონ იგი და იპოვონ, რადგან შორს არ იმყოფება თითოეული ჩვენგანისგან,
28რადგან მის მიერ ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ და ვარსებობთ, როგორც თქვენმა ზოგიერთმა პოეტთაგანმა თქვა: რომლის მოდგმაც ვართ.
29ამიტომ, რადგან ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა გვეგონოს, რომ ოქრო გინდა ვერცხლი, გინდა ქვა, გამოსახული კაცის ხელოვნებით და განზრახვით, ღვთაების მსგავსია;
30უმეცრების ჟამი ღმერთმა უგულებელყო და ახლა ამცნებს ყოველ კაცს ყველგან, რათა შეინანონ;
31რადგან დაადგინა დღე, როცა ინებებს ქვეყნიერების განკითხვას სიმართლით იმ კაცის მიერ, რომელიც განაჩინა, და მისი მკვდრეთით აღდგომით რწმენა მიჰმადლა ყველას.
32ხოლო როცა მოისმინეს მკვდართა აღდგომის შესახებ, ზოგი დასცინოდა, ზოგმა კი თქვა: ამის შესახებ მერე მოვისმენთ შენგან.
33და ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34ხოლო ზოგიერთი კაცი მიემხრო მას და ირწმუნა, რომელთა შორის იყვნენ დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
Next