თავი - 16
Previous1და მიაღწია დერბეს და ლისტრას. და აჰა, ერთი მოწაფე იყო იქ, სახელად ტიმოთე, ძე მორწმუნე იუდეველი დედაკაცისა და წარმართი მამისა,
2რომელზეც მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3მოინდომა პავლემ მისი თან წაყვანა და მოიყვანა და წინადასცვითა იგი იუდეველთა გამო, რომლებიც იყვნენ იმ ადგილებში, რადგან იცოდა ყველამ, რომ წარმართი იყო მისი მამა.
4და ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ მოძღვრება, დადგენილი მოციქულთა და ხუცესთა მიერ, რომლებიც იყვნენ იერუსალიმში.
5და ეკლესიები მტკიცდებოდნენ რწმენით და მატულობდა მათი რიცხვი დღითი დღე
6და მოიარეს ფრიგია და გალატელთა ქვეყანა და არ გაუშვა სულიწმიდამ, რომ ეთქვათ სიტყვა ასიაში;
7ხოლო გაემართნენ რა მისიისკენ, ცდილობდნენ ბითვინიაში წასვლას და არ გაუშვა ისინი უფლის სულმა.
8და ჩაუარეს რა მისიას, ჩავიდნენ ტროადაში.
9და ღამით ჩვენება იხილა პავლემ: ვიღაც კაცი, მაკედონიელი, იდგა და ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: გადმოდი მაკედონიაში და შეგვეწიე ჩვენ.
10და როგორც კი ჩვენება იხილა, მაშინვე ვეცადეთ, გავსულიყავით მაკედონიაში, მივხვდით, რომ უფალმა მოგვიწოდა ჩვენ, გვეხარებინა მათთვის.
11და გავემგზავრეთ ტროადიდან და პირდაპირ გავემართეთ სამოთრაკისკენ, ხოლო მომდევნო დღეს — ნეაპოლისკენ,
12და იქიდან — ფილიპისკენ, რომელიც არის მაკედონიის პირველი ნაწილის ქალაქი-კოლონია. და იმ ქალაქში რამდენიმე დღე ვიყავით გაჩერებულნი.
13შაბათ დღეს გავედით ქალაქის გარეთ, მდინარის პირას, სადაც ვფიქრობდით, ლოცვა აღგვევლინა; და დავსხედით და ვესაუბრებოდით შეკრებილ დედაკაცებს.
14და ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე ქალაქ თიატირიდან, მოსავი ღვთისა, უსმენდა და უფალმა გაუხსნა გული, რათა შეესმინა პავლეს ნათქვამი.
15და როგორც კი ნათელიღო მან და მისმა სახლეულმა, გვევედრებოდა და ამბობდა: თუ მიგაჩნიათ, რომ მე უფლის მორწმუნე ვარ, შემოდით ჩემს სახლში და გაჩერდით; — და გვაიძულა ჩვენ.
16და იყო, როდესაც მივდიოდით სალოცავად, შეგვხვდა ჩვენ ერთი მხევალი, რომელთანაც იყო პითონის სული და რომლის მისნობითაც დიდძალი შემოსავალი შესდიოდათ მის ბატონებს.
17იგი მოგვდევდა პავლეს და ჩვენ, ყვიროდა და ამბობდა: ეს კაცები არიან მაღალი ღმერთის მონები, რომლებიც გაუწყებენ თქვენ ხსნის გზას.
18და ამას აკეთებდა მრავალი დღის განმავლობაში. და განრისხდა პავლე და მიუბრუნდა უკეთურ სულს და უთხრა: გიბრძანებ შენ იესო ქრისტეს სახელით, გახვიდე მაგისგან! — და მაშინვე გავიდა.
19და როდესაც ნახეს მხევლის ბატონებმა, რომ გაქრა იმედი მათი შემოსავლისა, შეიპყრეს პავლე და შილა და ძალით წაიყვანეს მოედანზე მთავრებთან;
20და მიიყვანეს ისინი მთავრებთან და უთხრეს: ეს კაცები აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; იუდეველები არიან
21და გვაუწყებენ წეს-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება გვმართებს ჩვენ და არც აღსრულება, რადგან რომაელები ვართ.
22და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ და მთავრებმა შემოახიეს მათ სამოსი და ბრძანეს, ჯოხით ეცემათ;
23და ძლიერ რომ გვემეს, ჩაყარეს საპყრობილეში და უბრძანეს საპყრობილის მცველს, საიმედოდ დაეცვა ისინი.
24და მან, როდესაც ასეთი ბრძანება მიიღო, ჩაყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო მათ.
25შუაღამისას პავლე და შილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს და პატიმრები უსმენდნენ მათ.
26უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ, საპყრობილე საფუძვლითურთ შეირყა და მაშინვე ყველა კარი გაიღო და ყველას ბორკილი გაიხსნა.
27ხოლო როცა გაეღვიძა საპყრობილის მცველს და დაინახა საპყრობილის გაღებული კარები, იშიშვლა მახვილი და უნდოდა თავის მოკვლა, ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ.
28და დაუძახა პავლემ დიდი ხმით და უთხრა: ცუდს ნურაფერს შეამთხვევ თავს, რადგან ყველანი აქ ვართ.
29და მოითხოვა სინათლე და შევარდა და შეძრწუნებული დავარდა პავლესა და შილას წინაშე,
30და გამოიყვანა ისინი გარეთ და უთხრა: ბატონებო, რა უნდა გავაკეთო, რომ ვცხონდე?
31ხოლო მათ უთხრეს: ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და ცხონდები შენ, და მთელი შენი სახლი.
32და უთხრეს სიტყვა უფლისა მას და მთელ მის სახლეულს.
33და წაიყვანა ისინი იმჟამსვე ღამით, მობანა იარები და ნათელიღო მან და ყველა მისიანმა მაშინვე.
34და აიყვანა ისინი თავის სახლში და გაუშალა სუფრა და მხიარულობდა მთელი სახლეულით, რომელმაც ირწმუნა ღმერთი.
35ხოლო როდესაც გათენდა, გაუგზავნეს მთავრებმა მანდატურები და უთხრეს: გაუშვით ეგ კაცები.
36და აუწყა საპყრობილის მცველმა ეს სიტყვები პავლეს: მთავრებს უბრძანებიათ თქვენი გაშვება. ამიტომ ახლა გამოდით და წადით მშვიდობით.
37ხოლო პავლემ უთხრა მათ: გვცემეს ჩვენ სახალხოდ, გაუსამართლებლად, რომაელი კაცები, და ჩაგვყარეს საპყრობილეში და ახლა ფარულად გვიშვებენ? ეგრე არა, არამედ თვითონ მოვიდნენ და გაგვიყვანონ ჩვენ.
38და აუწყეს მთავრებს მანდატურებმა ეს სიტყვები და მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომ რომაელები არიან;
39და მივიდნენ ვედრებით მათთან და გამოიყვანეს და სთხოვდნენ, წასულიყვნენ ქალაქიდან.
40და როდესაც გამოვიდნენ საპყრობილიდან, მივიდნენ ლიდიასთან, იხილეს ძმები, ნუგეში სცეს და წავიდნენ.
Next