თავი - 15
Previous1და ჩამოვიდნენ ზოგიერთები ჰურიასტანიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ არ წინადაიცვეთთ მოსეს სჯულით, ვერ შეძლებთ ცხონებას.
2და ჰქონდათ არცთუ ისე მცირე უთანხმოება და დავა პავლეს და ბარნაბას მათთან და გადაწყვიტეს, რომ ასულიყვნენ პავლე და ბარნაბა და სხვა ზოგიერთი მათგანი მოციქულებთან და ხუცესებთან იერუსალიმში ამ სადავო საკითხის გამო.
3ასე რომ, ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა გაიარეს ფინიკია და სამარია და უამბობდნენ წარმართთა მოქცევის შესახებ და ანიჭებდნენ დიდ სიხარულს ყველა ძმას.
4და მივიდნენ რა იერუსალიმში, მიიღეს ისინი ეკლესიამ და მოციქულებმა და ხუცესებმა; ხოლო მათ აუწყეს, რა გააკეთა ღმერთმა მათ მიერ და როგორ გაუღო წარმართებს რწმენის კარი.
5და ადგა ფარისეველთა მოძღვრების ზოგიერთი მიმდევარი, რომელმაც ირწმუნა, და ამბობდა: მართებულია წინადაცვეთა მათთვის და მცნების მიცემა, რათა დაიცვან მოსეს სჯული.
6და შეიკრიბნენ მოციქულები და ხუცესები ამ სიტყვის განსახილველად.
7და იყო რა დიდი დავა, ადგა პეტრე და უთხრა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რომ პირველი დღეებიდანვე თქვენ შორის გამომარჩია ღმერთმა, რათა ჩემი პირიდან მოისმინონ წარმართებმა სახარების სიტყვა და ირწმუნონ.
8და გულთმეცნიერმა ღმერთმა დაამოწმა მათზე და მისცა სულიწმიდა, როგორც ჩვენ,
9და არაფრით განასხვავა ისინი ჩვენგან და რწმენით განწმინდა მათი გულები.
10ამიტომ ახლა რად სცდით ღმერთს და ადებთ ქედზე მოწაფეებს უღელს, რომელიც ვერც ჩვენმა მამებმა და ვერც ჩვენ შევძელით, რომ გვეტვირთა?
11არამედ უფალი იესო ქრისტეს მადლით გვწამს, რომ ვცხონდებით, ისევე როგორც ისინი.
12და დადუმდა მთელი კრებული და უსმენდა ბარნაბას და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რამდენი სასწაული და ნიშანი აღასრულა ღმერთმა წარმართთა შორის მათ მიერ.
13და მას შემდეგ, რაც დადუმდნენ ისინი, მიუგო იაკობმა და უთხრა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
14სიმონმა გვიამბო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რათა გამოერჩია მათგან ერი თავისი სახელისათვის.
15და ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია:
16ამის შემდეგ მოვბრუნდები და აღვადგენ დავითის კარავს, დაცემულს, და დანგრეულს მისას აღვადგენ და გავმართავ მას,
17რათა მოიძიონ უფალი დანარჩენმა ადამიანებმა და ყველა წარმართმა, რომლებზეც წოდებულია ჩემი სახელი, თქვა უფალმა, რომელმაც აღასრულა ეს ყოველივე (ამოს.9,11-12),
18და ცნობილია დასაბამიდან ღვთისთვის ყოველი მისი საქმე.
19ამიტომ მე ასე განვსჯი: არ შევაწუხოთ ისინი, რომლებიც წარმართთაგან მოიქცნენ ღვთისკენ,
20არამედ მივწეროთ მათ, რომ განერიდონ კერპთა ნაზორევის ჭამას და სიძვას, დამხრჩვალს და სისხლს; და რაც თავისთვის არ უნდათ, სხვებს ნუ გაუკეთებენ,
21რადგან ძველი თაობებიდან ყოველ ქალაქში ჰყავს თავისი მქადაგებლები მოსეს სჯულს და შესაკრებლებში ყოველ შაბათს იკითხება.
22მაშინ საჭიროდ მიიჩნიეს მოციქულებმა და ხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად, რომ გამოერჩიათ კაცები მათგან, რათა გაეგზავნათ ანტიოქიაში პავლესთან და ბარნაბასთან ერთად — იუდა, ბარსაბად წოდებული, და შილა — გამორჩეული კაცები ძმათა შორის,
23და დაწერეს მათი ხელით ასე: მოციქულები და ხუცესები და ძმები — ანტიოქიაში და სირიაში და კილიკიაში მყოფ წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ.
24ვინაიდან გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგან გამოსულმა აგაღელვათ თქვენ სიტყვით და აღაშფოთა თქვენი სულები, გეუბნებოდათ რა, რომ წინადაგეცვითათ და დაგეცვათ სჯული, რაც ჩვენ არ გვიბრძანებია მათთვის,
25საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენ, ერთსულოვნად გამოგვერჩია კაცები და გამოგვეგზავნა თქვენთან ჩვენს საყვარელ ბარნაბასთან და პავლესთან ერთად,
26ადამიანებთან, რომლებმაც თავისი სული დადეს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელისათვის.
27ამიტომ გამოვგზავნეთ იუდა და შილა და ისინიც სიტყვით გაუწყებენ მასვე,
28რადგან მიიჩნია სულიწმიდამ, და ჩვენც, რომ არანაირი ზედმეტი ტვირთი არ დაგადოთ თქვენ გარდა იმისა, რაც აუცილებელია:
29განრიდება ნაკერპავისაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისაგან და სიძვისაგან, და რაც არ გინდათ თქვენთვის, სხვას ნუ გაუკეთებთ; ამათგან დაიცავით თქვენი თავი და სიკეთე აკეთეთ. ჯანმრთელად იყავით.
30და გაგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში და შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი.
31და როცა წაიკითხეს, გაიხარეს ნუგეშის გამო.
32ხოლო იუდამ და შილამ, რომლებიც წინასწარმეტყველები იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და განამტკიცეს,
33და დაყვეს იქ ხანი და ძმებმა მშვიდობით გაუშვეს მოციქულებთან;
34ხოლო შილამ საჭიროდ მიიჩნია იქვე დარჩენა,
35პავლე და ბარნაბა კი იმყოფებოდნენ ანტიოქიაში, მრავალ სხვასთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
36და გარკვეული დღეების შემდეგ უთხრა პავლემ ბარნაბას: მივბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ არიან ჩვენი ძმები ყველა იმ ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა.
37და ბარნაბას უნდოდა, თან წაეყვანა იოანე, მარკოზად წოდებული,
38ხოლო პავლეს მართებულად მიაჩნდა, რომ, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიიდან და არ გაჰყვა საქმეზე, თან არ წაეყვანათ იგი.
39და იყო უთანხმოება მათ შორის, ისე რომ, დაშორდნენ ისინი ერთმანეთს; და ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და გემით გაცურა კვიპროსისკენ;
40ხოლო პავლემ გამოარჩია შილა და წავიდა ძმების მიერ ღვთის მადლს მინდობილი;
41და დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
Next