თავი - 14
Previous1და იყო, იკონიაში ჩვეულებისამებრ ერთად შევიდნენ ისინი იუდეველთა შესაკრებელში და ისე ისაუბრეს, რომ ირწმუნა იუდეველთა და ელინთა დიდმა სიმრავლემ,
2ხოლო იუდეველებმა, რომლებმაც არ ირწმუნეს, წააქეზეს და გააბოროტეს წარმართთა სულები ძმების წინააღმდეგ.
3ხოლო მათ დიდხანს დაჰყვეს იქ და განცხადებულად ქადაგებდნენ უფლის შესახებ, რომელიც, მოწმობდა რა თავისი სიტყვის მადლზე, სასწაულებსა და ნიშნებს აღასრულებდა მათი ხელით.
4და გაიყო ქალაქის მოსახლეობა და ზოგი იყო იუდეველებთან და ზოგი — მოციქულებთან.
5ხოლო როცა შეითქვნენ წარმართები და იუდეველები თავიანთ მთავრებთან ერთად, რათა შეურაცხოფა მიეყენებინათ და ჩაექოლათ ისინი,
6მიუხვდნენ და გაიქცნენ ლიკაონიის ქალაქებში — ლისტრსა და დერბეში და გარემოსოფლებში —
7და იქ ახარებდნენ.
8და იჯდა ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებდაუძლურებული, თავისი დედის მუცლიდან კოჭლი, რომელსაც არასდროს გაევლო.
9ამას ესმოდა პავლესი, რომელმაც საუბრისას მიაპყრო მას მზერა და როცა იხილა, რომ ჰქონდა რწმენა განკურნებისა,
10უთხრა დიდი ხმით: შენ გეუბნები უფალი იესო ქრისტეს სახელით: დადექი შენს ფეხებზე გამართულად! — და იგი წამოხტა და გაიარა.
11ხოლო როცა ხალხმა იხილა, რა გააკეთა პავლემ, აიმაღლა თავისი ხმა და ლიკაონურად ამბობდა: ღმერთები დაემსგავსნენ ადამიანებს და გარდამოვიდნენ ჩვენთან.
12და უწოდებდნენ ბარნაბას ზევსს, ხოლო პავლეს — ჰერმესს, რადგან იგი იყო წარმმართველი სიტყვისა.
13და ქურუმმა ზევსისა, რომლის კერპიც იყო ქალაქის წინ, მოიყვანა კუროები და მოიტანა გვირგვინები კარიბჭესთან და ხალხთან ერთად უნდოდა ზორვა.
14ხოლო როდესაც გაიგეს ეს მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, შემოიხიეს თავისი სამოსი, შეცვივდნენ ხალხში, ყვიროდნენ
15და ამბობდნენ: კაცნო, რას აკეთებთ ამას? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ თქვენ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისკენ, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია,
16რომელმაც გარდასულ თაობებში დაუშვა, რომ ყველა ხალხს თავისი გზით ევლო;
17თუმცა მოწმობის გარეშე არ დატოვა საკუთარი თავი, ქველმოქმედებდა რა, ზეციდან გაძლევდათ თქვენ წვიმას და ჟამს, ნაყოფის გამომღებელს, და ავსებდა საზრდოთი და სიხარულით თქვენს გულებს.
18და თქვეს რა ეს, ძლივს შეაჩერეს ხალხი, რომ არ ეზორათ მათთვის, არამედ თითოეული შინ წასულიყო; და იყვნენ ისინი იქ და ასწავლიდნენ.
19და მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველები და ვიდრე ისინი განცხადებულად ესაუბრებოდნენ, დაარწმუნეს ხალხი, განდგომოდნენ მათ, და ეუბნებოდნენ: ჭეშმარიტს არაფერს ამბობენ, არამედ ყველაფერს იტყუებიან. და ჩაქოლეს პავლე და გაათრიეს ქალაქის გარეთ, რადგან ეგონათ, რომ იგი მკვდარი იყო.
20და როცა გარშემოეხვივნენ მოწაფეები მას, ადგა და შევიდა ქალაქში და მეორე დღეს წავიდა ბარნაბასთან ერთად დერბეში;
21და ახარებდნენ იმ ქალაქს და დაიმოწაფეს მრავალნი და დაბრუნდნენ ლისტრაში და იკონიაში და ანტიოქიაში
22და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს და ევედრებოდნენ, ყოფილიყვნენ რწმენით, რადგან მრავალი გასაჭირით გვმართებს ჩვენ შესვლა ღვთის სასუფეველში.
23და ხელდასხმით უკურთხეს მათ მღვდლები თითოეული ეკლესიისთვის და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
24და გაიარეს რა პისიდია, მივიდნენ პამფილიაში,
25და იქადაგეს პერგეში უფლის სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში.
26და იქიდან გემით გაცურეს ანტიოქიაში, სადაც მიეცათ ღვთის მადლი იმ საქმისთვის, რომელიც აღასრულეს.
27და როცა მივიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა აღასრულა ღმერთმა მათ მიერ და რომ გაუღო წარმართებს რწმენის კარი.
28და იქ დაჰყვეს არცთუ ისე ცოტა ხანი მოწაფეებთან.
Next