თავი - 13
Previous1და იყვნენ ანტიოქიაში არსებულ ეკლესიაში წინასწარმეტყველნი და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერად წოდებული, და ლუკიოს კირენელი და მანინი, ჰეროდე ტეტრარქის ძუძუმტე, და სავლე.
2და როდესაც ისინი ემსახურებოდნენ უფალს და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულიწმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე საქმისთვის, რომლისთვისაც მოვუწოდე მათ.
3მაშინ იმარხულეს და ილოცეს და დაასხეს ხელი მათ და გაუშვეს.
4ესენი, წარგზავნილნი სულიწმიდის მიერ, ჩავიდნენ სელევკიაში და იქიდან გემით გაცურეს კვიპროსისკენ.
5და იყვნენ რა სალამინში, აუწყებდნენ ღვთის სიტყვას იუდეველთა შესაკრებლებში და თან ჰყავდათ იოანეც მსახურებისთვის.
6და როდესაც მოიარეს მთელი კუნძული პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, მოგვი, იუდეველი ცრუწინასწარმეტყველი, რომლის სახელი იყო ბარიესო,
7რომელიც იყო პროკონსულ სერგი პავლესთან, გონიერ კაცთან ამან მოუხმო ბარნაბას და სავლეს და უნდოდა, მოესმინა ღვთის სიტყვა.
8მაგრამ წინ აღუდგა მათ ელიმა, მოგვი — ასე ითარგმნება მისი სახელი — და ცდილობდა, პროკონსული რწმენიდან აეცდინა.
9ხოლო სავლე, რომელიც არის პავლე, აღივსო სულიწმიდით და მიაპყრო მას მზერა
10და უთხრა: ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობით და ყოველგვარი მანკიერებით სავსევ, ძეო ეშმაკისაო, მტერო ყოველი სიმართლისაო, არ შეწყვეტ უფლის სწორი გზების გამრუდებას?!
11და, აჰა, ახლა უფლის ხელი შენზე! და იქნები ბრმა და ვერ დაინახავ მზეს დრომდე. — და მყისვე დაეცა მას წყვდიადი და სიბნელე და მიმოდიოდა და ეძებდა წამყვანს.
12მაშინ როცა იხილა პროკონსულმა, რაც მოხდა, განცვიფრებულმა ირწმუნა უფლის მოძღვრება.
13და წამოვიდნენ პაფოსიდან პავლე და მასთან მყოფნი და მივიდნენ პამფილიის პერგეში, ხოლო იოანე დაშორდა მათ და დაბრუნდა იერუსალიმში.
14ხოლო ისინი გამოვიდნენ პერგედან და მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში და შევიდნენ შესაკრებელში შაბათ დღეს და დასხდნენ.
15და სჯულისა და წინასწარმეტყველთა წაკითხვის შემდეგ გაგზავნეს მათთან შესაკრებლის მთავრებმა და უთხრეს: კაცნო ძმანო, თუ გაქვთ თქვენ სანუგეშო სიტყვა ხალხისთვის, თქვით.
16და ადგა პავლე და ანიშნა ხელით და თქვა: კაცნო ისრაელელნო და ღვთისმოშიშნო, ისმინეთ:
17ამ ერის, ისრაელის, ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები და ეს ერი აამაღლა მწირობისას ეგვიპტის ქვეყანაში და მაღალი მკლავით გამოიყვანა ისინი იქიდან,
18და ორმოცი წლის განმავლობაში ასაზრდოებდა მათ უდაბნოში,
19და მოსპო შვიდი ერი ქანაანის ქვეყანაში და მათ დაუმკვიდრა იმათი ქვეყანა.
20და ამის შემდეგ დაახლოებით ოთხას ორმოცდაათი წელი აძლევდა მათ მსაჯულებს სამუელ წინასწარმეტყველამდე.
21ამის შემდეგ ითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კისის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან ორმოცი წლის განმავლობაში;
22და როცა გადააყენა იგი, დაუდგინა მათ დავითი მეფედ, რომელზეც დაამოწმა და თქვა: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სათნო კაცი, რომელიც აღასრულებს ჩემს ყველა ნება-სურვილს.
23მისი თესლიდან ღმერთმა აღთქმისამებრ მოუვლინა ისრაელს მხსნელი იესო,
24რომლის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა ისრაელის მთელ ერს სინანულის ნათლისღებას.
25ხოლო როცა ასრულებდა იოანე თავის სარბიელს, ამბობდა: ვინ გგონივართ მე? არა ვარ მე იგი, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ, რომლის ფეხთა ხამლის გახსნის ღირსიც არა ვარ (მკ.1,7; ინ.1,27).
26კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძეებო და ვინც თქვენ შორის ღვთისმოშიშია, თქვენთვის იქნა მოვლენილი ეს სიტყვა ხსნისა;
27მაგრამ ვინც მკვიდრობდა იერუსალიმში და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი და განსაჯეს და წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომელიც ყოველ შაბათს იკითხება, აღასრულეს;
28და ვერანაირი სასიკვდილო ბრალი ვერ უპოვეს და მოსთხოვეს პილატეს მისი მოკვლა.
29და როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მის შესახებ იყო დაწერილი, გადმოხსნეს ძელიდან და დაასვენეს საფლავში;
30ხოლო ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით;
31და ეჩვენებოდა მრავალი დღის განმავლობაში მათ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მისულნი გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა არიან მისი მოწმენი ერის წინაშე.
32და ჩვენ თქვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც იყო მამების მიმართ, ღმერთმა აღუსრულა მათ შვილებს და ჩვენ აღგვიდგინა იესო,
33როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს გშობე შენ (ფს.2,7).
34და რადგან აღადგინა იგი მკვდრეთით და აღარ მიუბრუნდებოდა ხრწნას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიტყვებს წმიდას, დავითისას, სარწმუნოს (ეს.55,3);
35ამიტომ სხვაგან ამბობს: და არ მისცემ შენს წმიდას, იხილოს ხრწნა (ფს.15,10),
36რადგან დავითი თავის მოდგმას ემსახურა და ღვთის ნებით განისვენა და შეემატა თავის მამებს და იხილა ხრწნა,
37ხოლო ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნა.
38ამიტომ იცოდეთ თქვენ, კაცნო ძმანო, რომ მის მიერ ცოდვათა მიტევება გეუწყათ,
39და ყოველივე იმისგან, რისგანაც ვერ შეძელით მოსეს სჯულით გამართლება, მის მიერ ყველა, ვისაც სწამს, გამართლდება.
40გაფრთხილდით, რომ არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველებებში თქმული:
41იხილეთ, შეურაცხმყოფელებო, და გიკვირდეთ და განქარდით, რადგან საქმეს აღვასრულებ მე თქვენს დღეებში, საქმეს, რომელსაც არ ირწმუნებდით, ვინმეს რომ ეთქვა თქვენთვის (ამბაკ.1,5).
42ხოლო როდესაც ისინი გამოდიოდნენ იუდეველთა შესაკრებლიდან, ევედრებოდა ხალხი, რომ მომდევნო შაბათსაც ეთქვათ მათთვის ეს სიტყვა.
43და როცა დაიშალა კრებული, მისდევდა მრავალი იუდეველი და ღვთისმოსავი პროზელიტი პავლეს და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, რომ ყოფილიყვნენ ღვთის მადლით.
44და მომდევნო შაბათს თითქმის მთელი ქალაქი შეიკრიბა უფლის სიტყვის მოსასმენად.
45ხოლო როცა დაინახეს იუდეველებმა ხალხი, აღივსნენ შურით და ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რსაც ამბობდა პავლე, და გმობდნენ.
46და გაბედულად იქადაგეს პავლემ და ბარნაბამ და თქვეს: აუცილებელი იყო, ჯერ თქვენთვის გვეთქვა ღვთის სიტყვა, მაგრამ რადგან უარყოფთ მას და განუჩინეთ თქვენს თავს, რომ არა ხართ ღირსნი საუკუნო ცხოვრებისა, აჰა, პირს ვიბრუნებთ წარმართებისკენ,
47რადგან ასე გვამცნო ჩვენ უფალმა: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რათა იყო შენ მაცხოვრად ქვეყნის კიდემდე (ეს.49,6).
48და ესმოდათ რა წარმართებს, უხაროდათ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას და ირწმუნეს მათაც, რომლებიც განჩინებულნი იყვნენ საუკუნო ცხოვრებისათვის.
49და მიმოეფინებოდა უფლის სიტყვა მთელ ქვეყანას.
50ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი, კეთილშობილი დედაკაცები და ქალაქის წარჩინებულები და დაუწყეს დევნა პავლეს და ბარნაბას და განდევნეს ისინი თავისი საზღვრებიდან.
51ხოლო მათ დაიბერტყეს თავისი ფეხებიდან მტვერი მათზე და მივიდნენ იკონიაში.
52და მოწაფეები ივსებოდნენ სიხარულით და სულიწმიდით.
Next