Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1და იმ დროს აღმართა ჰეროდე მეფემ ხელი ბოროტი განზრახვით ეკლესიის ზოგიერთ წევრზე
2და მოკლა იაკობი, იოანეს ძმა, მახვილით.
3და როცა ნახა, რომ ეს მოსაწონი იყო იუდეველთათვის, დამატებით შეიპყრო პეტრეც. და იყო უფუარობის დღეები.
4და შეიპყრო იგი, ჩასვა საპყრობილეში და გადასცა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს დასაცავად, უნდოდა, რომ პასექის შემდეგ წარედგინა იგი ხალხისთვის.
5ასე რომ, პეტრეს სდარაჯობდნენ საპყრობილეში, ხოლო ეკლესიის მიერ გულმხურვალედ აღევლინებოდა ლოცვა ღვთის მიმართ მისთვის.
6და როდესაც ჰეროდე აპირებდა მის გამოყვანას, იმ ღამეს ეძინა პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის, შეკრულს ორი ჯაჭვით, და მცველები კარის წინ სდარაჯობდნენ საპყრობილეს.
7და, აჰა, ანგელოზი უფლისა დაადგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში; და ჰკრა გვერდში პეტრეს და გააღვიძა იგი და უთხრა: ადექი სწრაფად. — და დასცვივდა მას ჯაჭვები ხელებიდან.
8და უთხრა ანგელოზმა მას: შემოისარტყლე და ჩაიცვი შენი სანდლები. — და მან გააკეთა ასე. და უთხრა მას: შეიმოსე შენი სამოსი და გამომყევი მე.
9და გამოვიდა და გაჰყვა მას და არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რაც აღსრულდა ანგელოზის მიერ; ეგონა, რომ ჩვენებას ხედავდა.
10და გაიარეს პირველი საგუშაგო და მეორეც და მივიდნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭესთან, რომელიც თვითონ გაიღო მათთვის, და როცა გავიდნენ, გაიარეს ერთი ქუჩა და მყისვე გაშორდა მას ანგელოზი.
11და პეტრე გონს მოეგო და თქვა: ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ მოავლინა უფალმა თავისი ანგელოზი და მიხსნა მე ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისგან, რასაც ელოდა იუდეველი ხალხი.
12და მიმოიხედა და მივიდა მარიამის, მარკოზად წოდებული იოანეს დედის, სახლში, სადაც მრავალნი იყვნენ შეკრებილნი და ლოცულობდნენ.
13და როდესაც დააკაკუნა პეტრემ ჭიშკარზე, გამოვიდა მისაყურადებლად ერთი მხევალი, სახელად როდე.
14და როცა იცნო პეტრეს ხმა, სიხარულისგან არ გაუღო ჭიშკარი, არამედ შეირბინა და აუწყა, რომ პეტრე იდგა ჭიშკართან.
15და მათ უთხრეს მას: შეიშალე. ხოლო იგი ამტკიცებდა, რომ ასე იყო. ისინი კი ამბობდნენ: ანგელოზია მისი.
16ხოლო პეტრე განაგრძობდა კაკუნს; და როდესაც გააღეს, დაინახეს იგი და გაოგნდნენ.
17და ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა იგი საპყრობილიდან, და უთხრა: შეატყობინეთ ეს იაკობს და ძმებს. — და გამოვიდა და წავიდა სხვა ადგილას.
18და როცა გათენდა, ატყდა არცთუ ისე მცირე განგაში ჯარისკაცთა შორის იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე.
19ხოლო ჰეროდე ეძებდა მას და ვერ იპოვა; და დაკითხა მცველები და ბრძანა მათი დახოცვა და წამოვიდა ჰურიასტანიდან და კესარიაში იმყოფებოდა.
20და იყო ჰეროდე გულმოსული ტვიროსელებზე და სიდონელებზე; ხოლო ისინი ერთად მივიდნენ მასთან და მიიმხრეს ვლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, რადგან მათი მხარე მისი სამეფოდან საზრდოობდა.
21და დათქმულ დღეს ჰეროდემ შეიმოსა სამეფო სამოსი, დაჯდა ამაღლებულ ადგილას და მიმართა მათ;
22ხოლო ხალხი ყვიროდა: ღვთის ხმა არის და არა კაცისა
23და მყისვე დასცა იგი უფლის ანგელოზმა იმის გამო, რომ არ მიაგო დიდება ღმერთს, და გახდა მატლების შესაჭმელი და ამოხდა სული.
24ხოლო ღვთის სიტყვა აღორძინდებოდა და მრავლდებოდა.
25ბარნაბა და სავლე დაბრუნდნენ იერუსალიმიდან ანტიოქიაში, როცა აღასრულეს საქველმოქმედო მსახურება, და თან წამოიყვანეს იოანე, მარკოზად წოდებული.
Next