თავი - 11
Previous1და გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, ვინც იყვნენ ჰურიასტანში, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.
2ხოლო როცა ავიდა პეტრე იერუსალიმში, საყვედურობდნენ მას, ვინც წინადაცვეთილი იყო,
3და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ კაცებთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამე.
4ხოლო პეტრემ დაიწყო და უამბო მათ თანამიმდევრობით და უთხრა:
5მე ვიყავი ქალაქ იოპეში და როცა ვლოცულობდი, გაოგნებით მოცულმა ვიხილე ხილვა: ჩამოდიოდა რაღაც ჭურჭელი, როგორც დიდი ტილო, რომელიც ოთხივე კიდით ეშვებოდა ზეციდან, და მოვიდა ჩემამდე;
6როდესაც შევხედე, დავაკვირდი და ვიხილე ქვეყნის ოთხფეხნი და მხეცები და ქვეწარმავლები და ცის ფრინველები,
7და გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა მე: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.
8ხოლო მე ვთქვი: ნუ იქნება, უფალო, რადგან არაფერი წაბილწული და არაწმინდა არასოდეს შესულა ჩემს პირში.
9მომიგო მე ხმამ მეორედ ზეციდან: რაც ღმერთმა განწმინდა, შენ ნუ მიიჩნევ წაბილწულად.
10და ეს მოხდა სამგზის და კვლავ ავიდა ყევლაფერი ზეცად.
11და აჰა, მაშინვე სამი კაცი, კესარიიდან გამოგზავნილი ჩემთან, მოადგა იმ სახლს, რომელშიც ვიყავი.
12და მითხრა მე სულმა, რომ წავსულიყავი მათთან ერთად და არაფერში დავეჭვებულიყავი; და წამოვიდა ჩემთან ერთად ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში.
13და გვითხრა ჩვენ, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, მდგომი, რომელმაც უთხრა მას: გაგზავნე იოპეში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს,
14რომელიც გეტყვის შენ სიტყვას, რომლითაც ცხონდები შენ, და მთელი შენი სახლი.
15და როდესაც დავიწყე მე ლაპარაკი, გარდამოვიდა სულიწმიდა მათზე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
16და გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე ნათელსცემდა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმიდით.
17ამიტომ თუ ისეთივე ნიჭი მისცა ღმერთმა მათ, როგორც ჩვენ, რომლებმაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა, წინ აღვდგომოდი ღმერთს?
18ხოლო როცა ეს გაიგონეს, დადუმდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: ნამდვილად, წარმართებსაც მისცა ღმერთმა სინანული საცხონებლად.
19და რომლებიც გაიფანტნენ სტეფანეს დროს მომხდარი დევნის გამო, მივიდნენ ფინიკიამდე და კვიპროსამდე და ანტიოქიამდე, და არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, გარდა იუდეველებისა.
20და იყვნენ მათგან ზოგიერთები, კვიპროსელი და კირენელი კაცები, რომლებიც მივიდნენ ანტიოქიაში, და ესაუბრებოდნენ ელინისტებს და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.
21და იყო ხელი უფლისა მათთან და რიცხობრივად მრავალმა ირწმუნა და მოიქცა უფლისკენ.
22და მივიდა ამბავი მათ შესახებ იერუსალიმის ეკლესიის ყურამდე და გაგზავნეს ბარნაბა, რომ მისულიყო ანტიოქიამდე,
23რომელიც მივიდა და იხილა მადლი ღვთისა და გაიხარა და ევედრებოდა ყველას, წრფელი გულით ყოფილიყვნენ უფალთან,
24რადგან იყო კაცი კეთილი და აღსავსე სულიწმიდით და რწმენით. და შეემატა მრავალი ხალხი უფალს.
25და წავიდა ბარნაბა ტარსში სავლეს მოსაძებნად და იპოვა იგი და წამოიყვანა ანტიოქიაში.
26და იყო, ისინი მთელი წლის განმავლობაში იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; და პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
27და ამ დღეებში ჩამოვიდნენ იერუსალიმიდან წინასწარმეტყველები ანტიოქიაში.
28და ადგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, რომელიც აუწყებდა სულიწმიდით, რომ დიდი შიმშილობა უნდა ყოფილიყო მთელ ქვეყნიერებაზე, რაც იყო კიდეც კლავდიუს კეისრის დროს.
29ხოლო მოწაფეთაგან თითოეულმა განსაზღვრა, ვის რა საშუალება ჰქონდა, რათა დახმარება გაეგზავნათ ჰურიასტანში მცხოვრები ძმებისთვის,
30რაც აღასრულეს კიდეც, და გაუგზავნეს ხუცესებს ბარნაბას და სავლეს ხელით.
Next