Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1და იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიუსი, ასისთავი რაზმიდან, რომელსაც ეწოდება იტალიური,
2ღვთისმოსავი და მოშიში ღვთისა მთელი თავისი სახლეულით; და გასცემდა მრავალ მოწყალებას ხალხისთვის და ევედრებოდა ღმერთს გამუდმებით.
3და დაახლოებით დღის მეცხრე ჟამს ცხადად იხილა ხილვისას ანგელოზი ღვთისა, რომელიც მოვიდა მასთან და უთხრა მას: კორნელიუს, —
4ხოლო მან შეხედა მას და შიშით შეპყრობილმა უთხრა: რა არის, უფალო? ხოლო მან უთხრა მას: შენი ლოცვები და შენი მოწყალების საქმენი ავიდა ღვთის წინაშე შენ მოსახსენებლად;
5და ახლა გაგზავნე იოპეში კაცები და მოუხმე სიმონს, რომელსაც უწოდებენ პეტრეს.
6იგი სტუმრობს ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომელსაც სახლი აქვს ზღვის პირას.
7როგორც კი წავიდა ანგელოზი, რომელიც ესაუბრა მას, მოუხმო თავის ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, რომლებიც მასთან იყვნენ გამუდმებით,
8და უამბო მათ ყველაფერი და გაგზავნა ისინი იოპეში.
9ხოლო მეორე დღეს, როცა ისინი გზაზე მიდიოდნენ და ქალაქს მიუახლოვდნენ, ავიდა პეტრე ერდოზე სალოცავად დაახლოებით მეექვსე ჟამისთვის
10და მოშივდა და მოუნდა ჭამა და, ვიდრე ისინი უმზადებდნენ, მოიცვა იგი გაოგნებამ,
11და იხილა გახსნილი ცა და რაღაც ჭურჭელი, რომელიც ჩამოდიოდა როგორც დიდი ტილო, ოთხივე კიდით ჩამოკიდებული, და ეშვებოდა ქვეყანაზე;
12მასში იყო ყველა ოთხფეხი ქვეყნისა და მხეცი და ქვეწარმავალი და ფრინველი ცისა.
13და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!
14ხოლო პეტრემ უთხრა: ნუ იქნება, უფალო, რადგან არასოდეს მიჭამია არაფერი წაბილწული და არაწმინდა.
15და კვლავ იყო ხმა მეორედ მის მიმართ: რაც ღმერთმა განწმინდა, შენ ნუ მიიჩნევ წაბილწულად.
16ეს მოხდა სამგზის და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.
17ხოლო როცა პეტრე საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ რა იყო ეს ხილვა, რომელიც იხილა, აჰა, კაცები, რომლებიც კორნელიუსისგან იყვნენ გამოგზავნილი და კითხულობდნენ სიმონის სახლს, მიადგნენ ჭიშკარს,
18და დაიძახეს და იკითხეს, თუ სტუმრობდა აქ სიმონი, რომელსაც ეწოდებოდა პეტრე.
19ხოლო პეტრე ფიქრობდა რა ხილვაზე, უთხრა მას სულიწმიდამ: აჰა, სამი კაცი გეძებს შენ.
20ამიტომ ადექი, ჩამოდი და მიდი მათთან და ნურაფერი დაგაეჭვებს, რადგან მე გამოვგზავნე ისინი.
21ჩავიდა პეტრე კაცებთან, რომლებიც გამოგზავნილნი იყვნენ კორნელიუსის მიერ მასთან, და უთხრა: აჰა, მე ვარ, ვისაც ეძებთ; რა არის მიზეზი, რის გამოც მოსულხართ?
22ხოლო მათ უთხრეს: კორნელიუს ასისთავმა, კაცმა მართალმა და ღვთისმოშიშმა, რასაც მოწმობს მთელი იუდეველი ხალხი, ბრძანება მიიღო წმიდა ანგელოზისგან, რომ გიხმოს შენ თავის სახლში და მოისმინოს სიტყვა შენგან.
23და მან შეიპატიჟა ისინი და უმასპინძლა. მეორე დღეს ადგა პეტრე და წამოვიდა მათთან ერთად და ძმათაგან ზოგიერთი იოპელიც თან გაჰყვა მას.
24და მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. ხოლო კორნელიუსს, რომელიც ელოდა მათ, მოეხმო თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები.
25და იყო, როგორც კი შევიდა პეტრე, მოეგება მას კორნელიუსი და დავარდა მის ფეხებთან და თაყვანი სცა;
26ხოლო პეტრემ ააყენა იგი და უთხრა: ადექი, მე თვითონაც ხომ ადამიანი ვარ.
27და ესაუბრებოდა რა მას, შევიდა სახლში და ნახა, რომ მრავალნი შეკრებილიყვნენ,
28და უთხრა მათ: თქვენ უწყით, რომ უჯეროა იუდეველი კაცისთვის დაახლოება ან მისვლა უცხოტომელთან; ხოლო მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთ კაცს არ ვუწოდო შებილწული ან არაწმინდა.
29ამიტომაც უყოყმანოდ მოვედი, როცა მიხმეთ; ამიტომ გეკითხებით: რა მიზეზით მიხმეთ მე?
30და უთხრა კორნელიუსმა: ოთხი დღის წინ ვმარხულობდი ამავე ჟამამდე და მეცხრე ჟამზე ვლოცულობდი ჩემს სახლში და, აჰა, დადგა კაცი ჩემ წინაშე ბრწყინვალე სამოსით
31და მეუბნება: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალების საქმენი მოხსენებულია ღვთის წინაშე,
32ამიტომ გაგზავნე იოპეში და მოუხმე სიმონს, რომელსაც უწოდებენ პეტრეს. იგი სტუმრობს სიმონ მეტყავის სახლში, ზღვის პირას და მოვა და დაგელაპარაკება შენ.
33მაშინვე გამოვგზავნე შენთან და შენც კარგი გააკეთე, რომ მოხვედი. ამიტომ ახლა ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რათა მოვისმინოთ ყველაფერი, რაც ნაბრძანებია შენთვის უფლის მიერ.
34და გახსნა პეტრემ პირი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ არ არის ღმერთი მიკერძოებული,
35არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
36სიტყვა მოუვლინა მან ისრაელის ძეებს და ახარა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ, რომელიც არის უფალი ყოველთა.
37თქვენ იცით, რაც მოხდა მთელ ჰურიასტანში, დაწყებული გალილეიდან ნათლისღების შემდეგ, რომელიც იქადაგა იოანემ,
38ამბავი იესოსი, რომელიც იყო ნაზარეთიდან; როგორ სცხო მას ღმერთმა სულიწმიდით და ძალით, და რომელიც დადიოდა და კეთილ საქმეებს აკეთებდა და კურნავდა ყველას, დამონებულს ეშმაკისგან, რადგან ღმერთი იყო მასთან.
39და ჩვენ მოწმენი ვართ ყველაფრისა, რაც აღასრულა ჰურიასტანის ქვეყანაში და იერუსალიმში; რომელიც მოკლეს კიდეც ძელზე დაკიდებით.
40იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და განაგო, რომ გამოსცხადებოდა
41არა მთელ ხალხს, არამედ ღვთის მიერ წინასწარ გამორჩეულ მოწმეებს, ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ;
42და გვიბრძანა ჩვენ, გვექადაგა ხალხისთვის და დაგვემოწმებინა, რომ იგი არის ღვთის მიერ განჩინებული მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა.
43ამას ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს, რომ მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით ყველა, ვისაც სწამს მისი.
44და როდესაც პეტრე ჯერ კიდევ ამბობდა ამ სიტყვებს, გარდამოვიდა სულიწმიდა ყველაზე, ვინც ისმენდა ამ სიტყვას.
45და გაოგნდნენ წინადაცვეთილი მორწმუნეები, რომლებიც მოსულნი იყვნენ პეტრესთან ერთად, რომ წარმართებსაც მოეფინათ ნიჭი სულიწმიდისა,
46რადგან ესმოდათ მათი, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:
47განა ვინმეს შეუძლია, დაუშალოს წყლით ნათლისღება ამათ, რომელთაც მიიღეს სულიწმიდა, როგორც ჩვენ?
48და უბრძანა მათ ნათლისღება იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღე.
Next