თავი - 9
Previous1ხოლო სავლე, კვლავ აღსავსე მუქარით და უფლის მოწაფეთა დახოცვის სურვილით, მივიდა მღვდელმთავართან
2და ითხოვა მისგან წერილები დამასკოს შესაკრებელთა მიმართ, რათა, თუ ვინმეს ნახავდა ამ გზის მიმდევარს, მამაკაცს ან დედაკაცს, შეკრული მოეყვანა იერუსალიმში.
3ხოლო როცა მიდიოდა იგი და მიუახლოვდა დამასკოს, უეცრად მის გარშემო გაბრწყინდა ნათელი ზეციდან,
4და დაეცა მიწაზე და გაიგონა ხმა, რომელმაც უთხრა მას: სავლე, სავლე, რად მდევნი მე? ძნელია შენთვის, დეზს წიხლი ჰკრა,
5ხოლო მან უთხრა: შენ ვინ ხარ, უფალო? და უფალმა უთხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი;
6არამედ ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან შენ, რაც უნდა გააკეთო.
7ხოლო მისი თანამგზავრი კაცები ენაჩავარდნილები იდგნენ, ესმოდათ ხმა, მაგრამ ვერაფერს ხედავდნენ;
8ადგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა და ვერაფერს ხედავდა; და მოჰკიდეს ხელი მას და შეიყვანეს დამასკოში,
9და სამი დღე ვერ ხედავდა და არც ჭამდა და არც სვამდა.
10ხოლო იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია, და უთხრა მას უფალმა ხილვაში: ანანია! და მან უთხრა: აჰა მე, უფალო.
11უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ეწოდება სწორი, და მოძებნე იუდას სახლში სავლე სახელად, ტარსელი, რადგან აჰა, ლოცულობს.
12და იხილა მან ხილვაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც შევიდა და დაადო მას ხელი, რათა ახილვოდა თვალები.
13და მიუგო ანანიამ: უფალო, მრავალთაგან გამიგია ამ კაცის შესახებ, რამდენი ბოროტება გაუკეთა შენს წმიდანებს იერუსალიმში.
14და აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, რომ შეიპყროს ყველა, ვინც უხმობს შენს სახელს.
15და უთხრა მას უფალმა: წადი, რადგან ჩემთვის რჩეული ჭურჭელია იგი, რათა აღამაღლოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე;
16ხოლო მე ვუჩვენებ მას, რამდენი უნდა ევნოს მას ჩემი სახელის გამო.
17და წავიდა ანანია და შევიდა სახლში და დაადო მას ხელი და უთხრა: სავლე, ძმაო, უფალმა მომავლინა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა შენ გზაზე, რომლითაც მოდიოდი, რათა აგეხილოს თვალები და აღივსო სულიწმიდით.
18და მყისვე მოსცილდა მას თვალებიდან რაღაც ქერცლივით და აეხილა მაშინვე და ადგა და ნათელიღო;
19და მიიღო საზრდო და მოძლიერდა. და იყო დამასკოში მყოფ მოწაფეებთან რამდენიმე დღე.
20და მაშინვე იქადაგა შესაკრებლებში იესოს შესახებ, რომ იგი არის ძე ღვთისა.
21და გაოგნებული იყო ყველა, ვისაც ესმოდა, და ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც დევნიდა იერუსალიმში იმათ, ვინც უხმობდა იესოს სახელს, და აქაც იმისთვის არ იყო მოსული, რომ ისინი შეპყრობილნი მიეყვანა მღვდელმთავრებთან?
22ხოლო სავლე უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში ყრიდა დამასკოში მკვიდრ იუდეველებს, არწმუნებდა რა, რომ ეს არის ქრისტე.
23როცა გავიდა მრავალი დღე, განიზრახეს იუდეველებმა მისი მოკვლა.
24და ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულება, ხოლო ისინი სდარაჯობდნენ კარიბჭეებს დღე და ღამე, რათა მოეკლათ იგი.
25და მიიყვანეს იგი მოწაფეებმა ღამით და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
26და როდესაც მივიდა სავლე იერუსალიმში, ცდილობდა, შეერთებოდა მოწაფეებს და ყველას ეშინოდა მისი, რადგან არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
27ხოლო ბარნაბამ წამოიყვანა იგი და მიიყვანა მოციქულებთან და უამბო მათ, თუ როგორ იხილა გზაზე უფალი და რომ ესაუბრა მას და როგორ ქადაგებდა განცხადებულად დამასკოში იესოს სახელით.
28და იყო მათთან ერთად და შედიოდა და გამოდიოდა იერუსალიმში და განცხადებულად ქადაგებდა უფალი იესოს სახელით,
29და ესაუბრებოდა და ეკამათებოდა ელინისტებს, ხოლო მათ დააპირეს მისი მოკვლა.
30და როცა გაიგეს ძმებმა, ჩაიყვანეს იგი კესარიაში და გაგზავნეს ტარსში.
31ხოლო ეკლესიები მთელ ჰურიასტანში და გალილეაში და სამარიაში იყვნენ მშვიდობით და აღორძინდებოდნენ და წარიმართებოდნენ უფლის შიშით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდნენ.
32და იყო, პეტრე მიმოდიოდა რა ყველგან, ჩავიდა იმ წმიდანებთანაც, რომლებიც მკვიდრობდნენ ლიდაში;
33და ნახა იქ ვიღაც კაცი, სახელად ენეა, რომელიც რვა წლიდან ლოგინად იყო ჩავარდნილი, რადგან იყო დავრდომილი.
34და უთხრა მას პეტრემ: ენეა, გკურნავს შენ იესო ქრისტე; ადექი და აალაგე საწოლი შენ თვითონ! — და მაშინვე ადგა.
35და იხილა იგი ლიდისა და სარონის ყოველმა მკვიდრმა, ვინც მოიქცა უფლისკენ.
36ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი აღსავსე იყო კეთილი საქმეებით და მოწყალებას გასცემდა;
37და იყო, იმ დღეებში დასნეულდა იგი და მოკვდა; და განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.
38რადგან ახლოს არის ლიდა იოპესთან, გაიგეს მოწაფეებმა, რომ პეტრე იქ იყო, და გაგზავნეს მასთან ორი კაცი და შეევედრნენ: ნუ დააყოვნებ ჩვენამდე მოსვლას.
39და ადგა პეტრე და წავიდა მათთან; როცა იგი მივიდა, აიყვანეს ზედა ოთახში და გარშემოეხვია მას ყველა ქვრივი, ტიროდნენ და უჩვენებდნენ კვართებს და სამოსლებს, რასაც ქურციკი ამზადებდა, ვიდრე მათთან იმყოფებოდა.
40ხოლო პეტრემ გაიყვანა გარეთ ყველა და მოიყარა მუხლი, ილოცა და მიუბრუნდა გვამს და უთხრა: ტაბითა, ადექი! ხოლო მან გაახილა თვალები, იხილა პეტრე და წამოჯდა.
41და გაუწოდა მას ხელი და ააყენა იგი, მოუხმო წმიდანებს და ქვრივებს და წარუდგინა იგი ცოცხალი.
42და ცნობილი გახდა ეს მთელი იოპესთვის და მრავალმა ირწმუნა უფალი.
43და იყო, მრავალი დღე დარჩა იგი იოპეში ვინმე სიმონ მეტყავესთან.
Next